მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ,,მთავარის” ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უმძიმეს მდგომარეობაზე ისაუბრა და ის, რაც მის თავს ხდება, ლინჩის წესს შეადარა.
-ეს ადამიანი [სააკაშვილი] კვდება! შესაძლოა, მასთან სულ რამდენიმე მისვლა მაქვს დარჩენილი. შეიძლება ერთ დღეს მივიდე და გარდაცვლილი დამხვდეს. მისი გარდაცვალება კი გაცილებით მძიმე იქნება ჩვენთვის, ვიდრე მისთვის… არაფერი სასირცხვილო არ არის, ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა და მისი აქ განკურნება შეუძლებელია. გაიყვანონ სამკურნალოდ უცხოეთში… რაც შეეხება სიმულირებას, მე 30 წელია ადამიანებს ვაზიარებ და არავითარ შემთხვევაში არ ვაზიარებ ადამიანს, რომელიც თავს იკლავს! – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა და იქვე თქვა, რომ მას უსაუბრია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე და მას ასეთი აზრი აქვს:
-სალომე ზურაბიშვილს მის მიმართ პირადი ანგარიშსწორება არ გააჩნია. თქვა, რომ თუ საზოგადოებრივი აზრი გაჩნდება, თუ გამოკითხვა ჩატარდება, რომ ხალხი ითხოვს მის შეწყალებას, ქალბატონი სალომე აუცილებლად შეიწყალებს მას.
