,,სარკე”, ნათია ტოტიკაშვილი
ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს სუსტად გამოხატული ინტოქსიკაციით, ზომიერი ცხელებითა და კანსა და ლორწოვან გარსებზე წვრილი ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარით.
დაავადება გადაეცემა ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით. ვირუსი ორგანიზმში იჭრება ზემო სასუნთქი ლორწოვანი გზებიდან, სადაც მრავლდება და ლიმფური გზით გადადის კანში, ლორწოვან გარსზე, შინაგან ორგანოებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
დაავადების ნიშანია კანსა და ლორწოვანზე წარმოქმნილი ბუშტუკოვანი გამონაყარი. მძიმე მიმდინარეობისას კი გვხვდება შინაგანი ორგანოების დაზიანებაც: გამონაყარი და წყლულები წარმოიქმნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ტრაქეაზე, სასუნთქ და საშარდე ორგანოებში, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
დაავადება განსაკუთრებით ვრცელდება ბავშვებში შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ძირითადად ავადდებიან 10 წლამდე ასაკის ბავშვები. გადატანილი ინფექცია ტოვებს მყარ იმუნიტეტს, განმეორებით დაავადების ალბათობა არ აღემატება 2-3%-ს. დაინფიცირებიდან დაავადების კლინიკური გამოვლენის პერიოდი 10-21 დღეს შეადგენს. 1-2 დღე ბავშვს შეიძლება აღენიშნოს სისუსტე, უხასიათობა, თავის ტკივილი, შემდეგ ჩნდება გამონაყარი, რომელიც გარდაიქმნება გამჭვირვალე, სითხის შემცველ ბუშტუკად, რომლის შიგთავსი პირველივე დღეებში ხდება მღვრიე, ადვილად სკდება და იფარება ფუფხით.
ჩუტყვავილას პროფილაქტიკისთვის არსებობს 2 გზა – დაავადებული ბავშვის იზოლირება და პროფილაქტიკური ვაქცინაცია. აუცილებელია ჰიგიენის დაცვა, ტანსაცმლისა და თეთრეულის ყოველდღიური გამოცვლა, აბაზანის მიღება,
საკვების მიღების შემდეგ წყლით პირის ღრუს გამოვლება, კანისა და ლორწოვანი გარსების დამუშავება ანტისეპტიკური საშუალებებით. პატარა ბავშვებისთვის რეკომენდებულია ფრჩხილების მოჭრა და ხელთათმანების გაკეთება, რათა არ მოიქავონ წყლულები.
ჩუტყვავილა, როგორც წესი, არ წარმოადგენს საშიშ დაავადებას, თუმცა, თუ დროულად არ მიიღებს მშობელი ზომებს, სერიოზული გართულებების შემთხვევაში შესაძლოა ბავშვის სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე.
