აპოხტის ხინკალს, რომელიც მესხური ტრადიციული კერძია, არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ აზნაურაშვილმა 2022 წლის 30 დეკემბერს გამოსცა.აპოხტის ხინკლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შიგთავსი:
აპოხტი 1კგ. ნიორი და შავი პილპილი გემოვნებით. აპოხტი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, მოვაყაროთ დანაყილი ნიორი, შავი პილპილი და კარგად ავურიოთ.
მომზადება:
300 გრ ფქვილს დავაყაროთ 20 გრ მარილი და ოდნავ მაგარი ცომი მოვზილოთ (ზოგი ცომში ერთ ცალ კვერცხს ამატებს) და გავაჩერთ 15 წუთი, ადვილად რომ გავშალოთ. ცომი გავშალოთ თხელ ფირფიტებად და დავჭრათ პატარა ზომის ნაჭრებად, რომ დაახლოებით პელმენისხელა ხინკლები გამოვიდეს. ვდებთ აპოხტის რამდენიმე პატარა ნაჭერს და ვახვევთ ისე, რომ ღია დარჩეს პატარა ,,პირი”.
მომზადებული ხინკლები მოვხარშოთ მარილიან წყალში. მოხარშული ხინკლები ამოვაწყოთ სასურველ ჭურჭელზე, მოხარშულს ზემოდან მოვასხათ კარაქში ან ერბოში მომწვარი ხახვი.
ამ ხინკალთან აუცილებლად მიაქვთ სუფრაზე ნიორწყალი, შავი პილპილი და კარგი არაყი.
