,,სარკე”
1937 წელი. აგვისტო. ეს არის თარიღი, რომელიც სამარცხვინო ფურცლად არის ჩაწერილი საქართველოს ისტორიაში – 14 აგვისტო – მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრების დღე, 17 აგვისტო – მისი გასამართლება მწერალთა კავშირში. ამბობენ, რომ სულ რაღაც თვენახევარში სასჯელი სისრულეში მოიყვანეს და დახვრიტეს. ან კი ვინ დატოვებდა ცოცხალს კაცს, რომელიც თავის უბის წიგნაკში წერდა:
,,სამი რამ აკლია ქართველს:
ეროვნული შეგნება, რეალობის ალღო და შრომის უნარი.
– ძალიან ცოტა ჰკლებია, არ ვიცი, რაღა შერჩა?
– მადა, ზარმაცობა და ოცნება!”.
იმ ავადსახსენებელ 1937 წელს, 17 აგვისტოს, მაჩაბლის 13-ში, მწერალთა სახლში, სასამართლო გაიმართა. ქართველმა მწერლებმა მიხეილ ჯავახიშვილი გაასამართლეს და ასეთი დადგენილება მიიღეს: ,,მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნეს მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს”.
მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს, ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრრევოლუციონერი ტერორისტი. კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად მხოლოდ გერონტი ქიქოძემ დატოვა…
,,საქართველოს მწერალთა მეოთხე ყრილობაზე მთელი ოჯახი მიგვიწვიეს. ბუნებრივია, დედამ წამოსვლაზე უარი განაცხადა. მე, ქეთევანი და რადიანების ოჯახი წავედით. დაძაბულები ვისხედით.
ვასილ მჟავანაძემ გამოაცხადა, რომ ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი და პაოლო იაშვილი რეაბილიტირებულნი იყვნენ, როგორც რეჟიმის მსხვერპლნი. იქუხა ტაშმა, ყველა ფეხზე ადგა. ბევრი გვილოცავდა, ზოგი ტიროდა. იყო ერთი ხმაური. მე გაოგნებული ვიდექი – ის ხალხი გვილოცავდა, ვინც ადრე ჩვენთან სიახლოვეს ერიდებოდა”, – წერს მიხეილ ჯავახიშვილის ქალიშვილი, რუსუდანი, მოგონებების წიგნში. ამ დღემდე კი იყო ტკივილი, ტანჯვა…
მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრების შემდეგ შინსახკომმა მისი ოჯახიდან თითქმის ყველაფერი წაიღო. მწერლის უფროსმა ქალიშვილმა, ქეთევანმა, უშიშროების თანამშრომლებს სთხოვა, აქედან რამდენიმე ნივთი ჩემი შეძენილია და ესენი მაინც დამიბრუნეთ, მაგალითად, საწოლიო. მათ კი უპასუხეს, ჯავახიშვილებმა მადლობა თქვით, რომ ჰაერს სუნთქავთო.
ჯავახიშვილების ოჯახის ბედზე ,,სარკეს” მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი, გენიალური მწერლის შვილიშვილი ნუგზარ ერისთავი ესაუბრა:
-მიხეილი კომუნისტურ რეჟიმს ვერაფრით შეეგუა და მათ ქმედებებზე ვერც თვალი დახუჭა. ძალიან განიცდიდა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. თავის უბის წიგნაკში ერთგან ასეთი ჩანაწერიც აქვს გაკეთებული: “ვაი, ჩვენი ბრალი! მშველელს ვინ სჩივის, შემბრალებელიც აღარ გვყავს”. ის პირდაპირი ადამიანი იყო და სიმართლეს ყველას პირდაპირ ეუბნებოდა. განსაკუთრებით არ სწყალობდა ცკ-ის პირველ მდივან ლავრენტი ბერიას და ეს ბერიამაც კარგად იცოდა.
ბებიაჩემი ხშირად იხსენებდა იმ ფაქტს, როდესაც ოპერის თეატრში ბერიას ცოლს შეხვდა. მას ლუბასთვის უთქვამს, ჩვენ ხომ თქვენთან ახლოს ვცხოვრობთ და ერთხელ გვესტუმრეთ, ძალიან გაგვახარებთ, ლავრენტი თქვენს ქმარს დიდ პატივს სცემს, სამსახურიდან დაღლილი როცა ბრუნდება, მას მიხეილის “არსენა მარაბდელს” ვუკითხავო.
ლუბამ ქმარს ამ მიწვევის შესახებ უთხრა, მაგრამ მან ბერიების ოჯახში სტუმრობაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ბებიაჩემს მაშინ ასეთი სიტყვები უთქვამს: “ხომ იცი, ბერია ამას არ გვაპატიებს”. ბერია მიხეილისგან უპატივცემულობას გრძნობდა. როგორც ბებო ამბობდა, ბაბუა სწორედ ამან შეიწირა, ბერიამ ეს არ აპატია.
მიხეილი ქვიშხეთში დააპატიმრეს, სადაც ის ოჯახთან ერთად ისვენებდა. როცა უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, სასოწარკვეთილმა ლუბამ ქმარს უთხრა, ხომ გეუბნებოდი, რომ ბერია ამას არ გაპატიებდაო. იმ დღის შემდეგ ოჯახს მიხეილი აღარ უნახავს.
ბებიაჩემი ქმრის დახვრეტის დღიდან პროტესტის ნიშნად გარეთ აღარ გადიოდა, ოთხ კედელშუა ჩაიკეტა და ასე იყო სიცოცხლის ბოლომდე. მიუხედავად ასეთი დიდი ტრაგედიისა, მან 90 წლამდე იცოცხლა და 1981 წელს გარდაიცვალა.
,,სარკე”
