როცა კლიენტი სისხლს გვწოვს – ვთქვათ თუ არა ვამპირის დაკვეთაზე უარი

როცა კლიენტი სისხლს გვწოვს - ვთქვათ თუ არა ვამპირის დაკვეთაზე უარი,,სარკე”, ნინო მაღალაშვილი

ერთმა ახალგაზრდა ქალმა დაიქირავა დიზაინერი, რომელსაც სისტემატურად ურეკავდა, შუაღამისასაც და გამუდმებით მოითხოვდა პროექტში ცვლილებების შეტანას. ასეთი საქციელით ქალმა დიზაინერს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია, მის პრეტენზიებს საზღვარი არ ჰქონდა. საქმე ის იყო, რომ დიზაინერს თავიდანვე ანტიპათია გაუჩნდა მის მიმართ, თუმცა, ერთი შეხედვით, ქალი კეთილი, მშვიდი, გაწონასწორებული და უპრეტენზიო ჩანდა. პრინციპში, არც არაფერს აშავებდა. ქალი თავის ქცევაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავდა, მიაჩნდა, რომ მისი მოთხოვნები, როგორც დამკვეთისა, უწყინარი და ბუნებრივი იყო და მას არავითარი წინასწარი განზრახვა არ ჰქონია, დიზაინერისათვის პრობლემები შეექმნა.

რა მოხდება ასეთ ადამიანთან ურთიერთობის შედეგად? მან შესაძლოა კონფლიქტში ჩაგვითრიოს. ქალმა დიზაინერს პროექტი დაუკვეთა და მერე სრულიად უმნიშვნელო წვრილმანებში ჩაღრმავება დაიწყო, რასაც ბოლო არ უჩანდა, ხოლო როცა მოთმინებიდან გამოსულმა დიზაინერმა ეს გააპროტესტა, ქალმა საშინელი სკანდალი მოუწყო და ფულის გადახდაზეც უარი განუცხადა.

ასეთი ადამიანები მუდამ აუფასურებენ სხვის შრომას, იქცევიან უცერემონიოდ და მიაჩნიათ, რომ ეს მათი კანონიერი უფლებაა, იმ მოსაზრებით, რომ კლიენტი ყოველთვის მართალია.

ყველა ჩვენგანს გვაქვს ინტუიცია, რომელიც მიმიკის, ქცევის, გამომეტყველების მიხედვით მიგვანიშნებს, როგორ ადამიანთან გვაქვს საქმე, ამიტომ, თუ ადამიანი გაცნობისთანავე ჩვენში არასასიამოვნო გრძნობას ბადებს, უმჯობესია, ინტუიციას მივენდოთ.

მისგან ნურასოდეს ავიღებთ წინასწარ შეკვეთის თანხას, სხვაგვარად, დაზღვეული არ ვიქნებით გაუთავებელი პრეტენზიებისაგან, თუნდაც ღამის საათებში სისტემატური სატელეფონო ზარებისაგან.

პირველივე ასეთი შემთხვევის შემდეგ უმჯობესია ფული დავუბრუნოთ და მასთან ყოველგვარი კონტაქტი გავწყვიტოთ. ეს უნდა გავაკეთოთ დელიკატურად, მაგალითად, სიტყვებით: ბოდიშს გიხდით, მაგრამ თქვენთან საქმიან ურთიერთობას ვეღარ გავაგრძელებ, საამისო კომპეტენცია, სამწუხაროდ, არ აღმომაჩნდა და არ მინდა, ჩემით უკმაყოფილო დარჩეთ. დამკვეთი აუცილებლად გაიკვირვებს, გეტყვით, რომ თქვენს პროფესიონალიზმში ეჭვიც არ ეპარება, მაქსიმალურად შეეცდება თქვენს დაყოლიებას ურთიერთობის გაგრძელებაზე და ამ დროს ის სრულიად გულწრფელი იქნება, თუმცა, რამდენად გიღირთ ამგვარი კონტაქტი მასთან, ცხადზე ცხადია.

ქვეყნად უამრავი შესანიშნავი სპეციალისტია და ეს დამკვეთმაც მშვენივრად უწყის, ახლის მოძებნა არ გაუჭირდება, მაგრამ ის ქვეცნობიერად გრძნობს, რომ მაინცდამაინც თქვენ სჭირდებით. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ თქვენგან იღებს ენერგიას, სწორედ თქვენი შინაგანი რესურსით იკვებება ისე, რომ თავადაც ვერ ხვდება ამას.

აქედან გამომდინარე, თუ პირადად გაქვთ შესაძლებლობა, ამგვარ კლიენტთან ურთიერთობა გაწყვიტოთ, ეს დაუყოვნებლივ გააკეთეთ, კეთილსინდისიერად, ყოველგვარი ტყუილებისა და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. გულწრფელად უთხარით, რომ უსიამოვნო წინათგრძნობა გაქვთ და ამ საქმიდან არაფერი გამოვა.

ფსიქოლოგების რჩევაა, არ დავუკავშირდეთ ჩვენთვის “უცხო” ადამიანებს, არა – უსიამოვნოს ზოგადად, არამედ პირადად ჩვენთვის ანტიპათიურს. ჩვენი ქვეცნობიერი ამაზე აუცილებლად მიგვანიშნებს და ჯობს, მივენდოთ მას.