,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე
რამდენიმე თვის წინ რადიო და ტელეწამყვან თეა ჩეჩელაშვილის ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა – დედა გარდაეცვალა და უმძიმესი დღეები გაიარა. მას მკითხველი ძალიან ეპატაჟურ, მხიარულ, ენაწყლიან ადამიანად იცნობს, მაგრამ ამ დანაკარგმა სამყაროსადმი მისი დამოკიდებულება შეცვალა. თეას ,,სარკესთან” ადრეც უსაუბრია დედის როლზე მის ცხოვრებაში, გავლენაზე, რომელიც ქალიშვილის ჩამოყალიბებაზე იქონია, მასთან ურთიერთობაზე. ახლაც გაიხსენა თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ადამიანი და ამავე დროს პირად გამოცდილებაზეც გვესაუბრა, რომელიც განვლილმა 50-მა წელმა მისცა.
– თეა, უმძიმესი დღეები გადაიტანეთ, გარდაგეცვალათ დედა, რომელიც თქვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ნელ-ნელა გამოდიხართ მდგომარეობიდან თუ დრო მკურნალი არ არის?
– დრო, უბრალოდ, ტკივილგამაყუჩებელია. მას მერე ცხოვრება ილუზიურში გადავიდა, ხორციელსა და სულიერს შორის. დღემდე არ მჯერა, რომ წავიდა. არ ვცნობ მის გარდაცვალებას. შეგრძნება მაქვს, რომ დედა ჩემთანაა, ოღონდ ხილულ სამყაროში, უბრალოდ, არ ჩანს.
– ვიცი, რომ ჟურნალისტიკიდან წახვედით. რა გახდა ამის მიზეზი?
– მივატოვე საქმე, რომლითაც 23 წელი თავს ბედნიერად ვგრძნობდი. მე მაქსიმუმს გავცემდი და იქიდან მხოლოდ ცნობადობა და საკმაოდ ფართო პუბლიკის სიყვარული მივიღე. ცხოვრება კი დღითიდღე მკაცრ მოთხოვნებს დებდა. აღარ მეყო მხოლოდ მაყურებლის სიყვარული თავის სარჩენად და ჩემი ენთუზიაზმის ფიალაც აივსო. ვფიქრობ, ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები და ელექტორატს განვერიდე.
– გავებდავ და შემოგკადრებთ, ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს თქვენი მკერდი. ამ საჩუქარმა თქვენს ცხოვრებაში ბევრი დადებითი მოიტანა თუ პირიქით, კომპლექსდებოდით?
– დეკემბერში 50 წლის ვხდები და მიკვირს, რით ვერ ჩამოვიდა ტაბლოიდებიდან ეს ჩემი დიდი ბიუსტი. უკვე ,,ვკაიფობ” ამაზე. იმ სურენასი არ იყოს, რაღა დროს თეას მკერდია, როცა ქვეყნად ამდენი ახალგაზრდა ლამაზმანი დადის… ძალიან ბევრჯერ ვილაპარაკე ამ თემაზე და ხალხმა დღემდე ის ვერ გაიგო, რომ 2016 წელს ,,მის მკერდი” მე კი არ გავხდი, უბრალოდ, ამ კონკურსის ჟიურის წევრი ვიყავი. ბოლოს დავიღალე და გავჩერდი. ეგონოთ ასე, უხარიათ და ილაღონ.
ჩემი მკერდის ზომაზე მეტი რა იქნება საქართველოში, მაგრამ ისინი ქეთოი ყარაულაშვილის გარდერობით დადიან და მე კიდევ ასე თავზეხელაღებული დემონსტრატორი ვარ. უბრალოდ, ამით აქცენტს ვაკეთებ, რომ, რა სტანდარტებს და პოდიუმის ზომასაც უნდა ასცდეს ადამიანი, სულ უნდა ჰქონდეს საკუთარი სხეულის რესპექტი. მე ასეთი დავიბადე და მორჩა! ჩემს ასაკში ყველაფერი ბუნებრივი მაქვს, მხოლოდ თმას ვიღებავ და ხელოვნურ წამწამებს ვაფახულებ შიგადაშიგ.
– ორი ვაჟის დედა ხართ. როგორი შვილები გაზარდეთ, სტანდარტული ქუთაისური გაგების ჩარჩოებში მოქცეული თუ თავისუფალი და ლიბერალი?
– ბავშვობიდან ვასწავლი, რომ თავისუფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. მშვენივრად გამიგეს. დედას ჰგვანან ლიბერალურ შეხედულებებში. შეიძლება თავიდან ჰქონდათ პროტესტი, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ თეა ნოდარიევნას გამოსწორება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო და დანებდნენ ჯიგრულად.
– განცდა მრჩება, რომ თბილისში უფრო დაინახვდნენ თქვენს შესაძლებლობებს. რატომ არ დატოვეთ ქუთაისი?
– დიდებული გადაწყვეტილება მივიღე ოდესღაც, რომ არსად წავედი. უნორმოდ მიყვარს აქაურობა და სამშობლოს ღალატად მიმაჩნია მისი მიტოვება. ქუთაისი ჩემი სახლია, ეზოა, უბანია და ჩემი პატარა ფანჯარაა, რომლის რაფაზეც ვზივარ ალიონიდან დაისამდე და სამყაროს ვუცქერი. არ მწყინდება ეს ხედი უკვე რამდენი წელია. აქედან ყველაზე ლამაზი და ადამიანური ჩანს დედამიწა. დადგება დრო, ქუთაისის რენომე გადააჭარბებს მოლოდინს და იმ ბეტონის სარკოფაგად ქცეულ და ტრაფიკებით გადაჭედილ დედაქალაქს პირველობას მისებურად “აახევს”.
სადაც ცხოვრობ, იმ ადგილს ემსგავსები – ასეთი დასკვნა გავაკეთე. ვგავარ ჩემს ქალაქს რაღაცნაირად. აქ ყველაზე კარგად მუშაობს რესტორნები და სილამაზის სალონები. ჰოდა, გამოვეწყობი ფინთიკოზურად და ვქეიფობთ. ხშირად გულზეც ვხვდები საზოგადოების მარგინალ ნაწილს, ეს რავა სულ იცინის და კარგ ხასიათზეაო, მაგრამ ვუძლებ.
აი, ღამით კი ქუთაისი ადრე იძინებს და მე კიდევ მის ქუჩებში კილომეტრობით ხეტიალი მიყვარს, თან მარტოს. გავიკეთებ ყურსასმენებს და ვკეცავ 10 კილომეტრამდე მანძილებს იმ ქალაქში, სადაც ოდესღაც დინოზავრები დადიოდნენ.
– თქვენს გატაცებაზეც მინდა, გკითხოთ. ტაროს ცოდნას დაეუფლეთ და საკმაოდ ცნობილი გახდით ამ მიმართულებითაც. ეს საქმე შემოსავლის წყაროდაც ხომ არ აქციეთ?
– რაღა გატაცება, ტაროთი ვცხოვრობ. ეს არის ჩემი ბედნიერების აპოკალიფსი და ნეტარება. მეხუთე წელია, ყოველდღე ხელში ბინოკლს მაძლევს და ახალ-ახალი რაკურსით მაჩვენებს ჩემს თავს და უკიდეგანო პლანეტარიებს. მაქვს პატივი, ადამიანების სწორ გზაზე დაკვალიანების სამსახურში ჩავდგე და გადავუთარგმნო, რას უმზადებს სამყარო, როგორი გზით სიარული ჯობს, ვის უნდა ენდოს და რა დანიშნულებით მოევლინა სამყაროს.
