ნატა ცინცაძე: ,,აქ ჰგონიათ, რომ ქართველები რომელიღაც ტომიდან ვართ… ემიგრანტობას კოცონზე ცოცხლად დაწვას შევადარებდი”

ნატა ცინცაძე: ,,აქ ჰგონიათ, რომ ქართველები რომელიღაც ტომიდან ვართ... ემიგრანტობას კოცონზე ცოცხლად დაწვას შევადარებდი",,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

საქართველოში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებას სულ უფრო მეტი ადამიანი გაურბის ქვეყნიდან. მხოლოდ შარშან 100 ათასი ადამიანი წავიდა. ამ სტატისტიკაში მოხვდა ახალგაზრდა ქუთაისელი ქალი ნატა ცინცაძეც. მან მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებს დაუტოვა და  ბედის საძებნელად საბერძნეთს მიაშურა. ნატასთვის ემიგრანტული ყოფა იმაზე გაუსაძლისი აღმოჩნდა, ვიდრე  წარმოედგინა. ამაზე ,,სარკეს” თავად უამბო:

– თითქმის 2 წელია, რაც ემიგრანტი მქვია. ჩემს ოჯახში და ნათესავებშიც პირველი ემიგრანტი ვარ. რომ მეკითხებიან ჩემი მეგობრები საქართველოდან, როგორ ხარო, მინდა, ავუხსნა ჩემი ტკივილი, განცდები, ემოციები, მაგრამ მერე ვხვდები, რომ ვერავინ გაგიგებს, ვისაც გამოცდილი არ აქვს და ისევ ვამჯობინებ, ვუთხრა: ,,მე კარგად, შენ?”.

რეალობა რადიკალურად სხვა არის. არ არსებობს, ემიგრანტი გერქვას და კარგად იყო! ერთადერთი შვილი, დედა, მამა, და და დისშვილები დავტოვე, საუკეთესო მეგობრები. გადაწყვეტილების მიღება არ გამიჭირდა, ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე. ვთქვი, რომ უნდა წავიდე და ერთ კვირაში უკვე საბერძნეთში ვიყავი.

რატომ იყო აუცილებელი, დაგეტოვებინათ ქვეყანა?

ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვიდექი. მამა მეორე ჯგუფის ინვალიდია, დედა მუშაობს, მაგრამ ძალიან მცირე ანაზღაურებით, ბავშვს კი, მოგეხსენებათ, რამდენი რამ სჭირდება. ძალიან კარგი სამსახური მქონდა, მაგრამ ანაზღაურება იმდენი არ იყო, რომ ოჯახს ჰყოფნოდა თუნდაც არსებობისთვის.

მე ემიგრაციაში გასამდიდრებლად არ წავსულვარ, წამოვედი, რომ ოჯახი გადამერჩინა. მამას ოპერაციები დასჭირდა, რეაბილიტაცია, მედიკამენტები. ბავშვიც ხშირად ავადმყოფობს. დავფიქრდი და მივხვდი, რომ ბანკი მეტ კრედიტს აღარ მომცემდა. იმასაც ძლივს ვფარავდი, რაც მაქვს. ამიტომ მივიღე ეს ურთულესი გადაწყვეტილება.

– შვილთან განშორება როგორი იყო და ახლა როგორია სოციალური ქსელით ურთიერთობის ყოველდღიურობა?

– გაუაზრებელი დამშვიდობება იყო, ვერც დაარქმევ მაგ სიტყვას. თითქოს რამდენიმე დღით მივდიოდი. ეს ინტერნეტით კონტაქტი იმდენად მთრგუნავს, რომ ხანდახან მინდა, არ დავრეკო. ყელში რომ ბურთი მოგაწვება, ბავშვს ვერც უღიმი და ვეღარც სიტყვას ამბობ, ისე გინდა მისი ჩახუტება.დედის და შვილის დაშორება ყველაზე დიდი სიბოროტეა ამქვეყნად.

საკუთარ ოჯახში, მეგობრებში და ქვეყანაში ყოფნას ალტერნატივა არ აქვს. აქ ძალიან რთულია გაძლება. თუ არ იცი, არ გამოსცადე, ვერ იგრძნობ. ცოცხლად კოცონზე დაწვას შევადარებდი.

– როგორ ცხოვრობენ ქართველები საბერძნეთში?

– ზოგი მოხუცს უვლის, ზოგი სახლს ალაგებს, ზოგი კიდევ – ეზოს. უმრავლესობა აღარც ფიქრობს სამშობლოში დაბრუნებაზე, ოჯახებით აქეთ არიან. ვისაც უნდა ჰკითხოთ, როდის ბრუნდებიან საქართველოში, პასუხი ერთია – არ ვაპირებ, იქ რა ვაკეთოო.

-ადგილობრივების დამოკიდებულება როგორია ქართველი ემიგრანტებისადმი?

– ბერძნებს ჰგონიათ, საშუალო განათლებაც არ გვაქვს. ჩემს მეგობარს ჰკითხა, ვისთანაც მუშაობს, იმ ქალმა, შენს ქვეყანაში სკოლები თუ არისო, ანუ ჰგონიათ, რომ რომელიღაც ტომიდან ვართ. დიპლომი თუ გაქვს, არავინ დაგიჯერებს. აქ ძალიან მაღალია უნივერსიტეტში გადასახადი და, თუ უნივერსიტეტის თანხაც გაქვს და განათლებაც, დიასახლისად რატომ მუშაობო, უკვირთ. ძალიან დამამცირებელია ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ვერც გაამტყუნებ. იმდენია ქართველების რაოდენობა, ლოგიკური კითხვებიც არის ალბათ.