ირაკლი ლიჩელი: ,,როცა შფოთვის და ცოდვის განცდაში ხარ, ეს წმინდანის გამოსახულებაზეც გადადის”

ირაკლი ლიჩელი: ,,როცა შფოთვის და ცოდვის განცდაში ხარ, ეს წმინდანის გამოსახულებაზეც გადადის",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ხატმწერი ირაკლი ლიჩელი, რომლის ნამუშევრებიც მრავალ ეკლესიასა თუ ოჯახშია დავანებული, ხატს მხოლოდ სულიერი სიმშვიდის მდგომარეობაში წერს, ყოველგვარი შფოთვისა და უარყოფითი განცდების გარეშე. ამბობს, რომ, სხვაგვარად, მიწიერი განცდები ხატზეც აისახება.

ირაკლი წარმოშობით საჩხერის რაიონის სოფელ ლიჩიდანაა. ამ სოფლის სახელს უკავშირდება მისი გვარიც. თავად ხაშურელია. ორი ვაჟის მამაა, 7 წლის ლაზარე და 4 წლის ერეკლე ჰყავს. ხატწერით სკოლის დამთავრების წელს დაინტერესდა და მას მერე დაუღალავ შრომაშია.

– ირაკლი, რა ვითარებაში დაიწყეთ ხატწერა, რამ მოგცათ ბიძგი?

– სკოლის დამთავრებამდე ერთი წლით ადრე ეკლესიაში დავიწყე სიარული. ხატვისადმი სიყვარული მუდმივად, ბავშვობიდან მქონდა, მაგრამ სერიოზილად არასოდეს მიფიქრია, რომ ამ მიმართულებით წავსულიყავი. ბოლო კლასში კი სულ იმის ფიქრში ხარ, საით წახვიდე, რას დაუკავშირო შენი მომავალი და ამ პერიოდს დაემთხვა ტაძარში ჩემი მისვლაც.

ხატებს ვაკვირდებოდი და ინტერესიც გამიჩნდა. მერე გავარკვიე, რომ არსებობდა ძალიან კარგი სასწავლებელი – თბილისის სასულიერო აკადემია, სადაც არის ხატწერის ფაკულტეტი და შემეძლო, რომ ჩემი სურვილი განმეხორციელებინა.

ჩავაბარე ამ სასწავლებელში და ფაქტობრივად პირველი ლექციიდან, როცა შეხება მომიწია ხატწერასთან და ფუნჯი დავიჭირე ხელში… ეს ისეთი საოცარი შეგრძნება იყო ჩემთვის, რომ ფაქტობრივად პირველივე ლექციაზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს საქმე უნდა მესწავლა და ყველანაირი პირადი სიამოვნება გვერდზე გადამედო.

– პირადი სიამოვნებაზე, ხორციელზე უარის თქმა ახალგაზრდა კაცისთვის ძნელი არ იყო? ამას ითხოვს ხატწერა?

– ჩემთვის ახლა, როგორც მოქმედი ხატმწერისთვის, კიდევ უფრო სხვა რამაა ეს, მაგრამ მაშინ სხვა განცდა მქონდა. სტუდენტობა ყველაზე კარგი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. არა მხოლოდ სწავლობ, არამედ კარგი დროა გართობისთვის, ხალხთან ურთიერთობისთვის, შემეცნებისთვის… სწავლა და სრულფასოვანი გართობა ერთად ნაკლებად ხერხდება.

ყოფილა შემთხვევები, როცა მეგობრებთან ერთად გასართობად არ წავსულვარ და მიმუშავია ხატზე ან სხვა ხატმწრებს მივხმარებივარ. ახლა კი სულ სხვა პასუხისმგებლობა მაქვს. როდესაც მაცხოვარს, ღვთისმშობელს ეხები, უპასუხისმგებლო ვერ იქნები. გარკვეულწილად სულიერად უნდა იყო მომზადებული.

შფოთში, აურზაურში, აყალმაყალში იყო ადამიანი, მერე მიხვიდე და ხატზე იმუშაო, ეს წარმოუდგენელია. ამიტომ ეს საქმე მოითხოვს, რომ ორმაგი და სამმაგი ყურადღება დაუთმო საკუთარ ცხოვრებასაც.

არ მინდა, ისე გაიგოთ, რომ ჩემს შემთხვევაში ყველაფერი მოწესრიგებულია და იდეალურადაა. ასე არ არის. ყოველდღიური ბრძოლა მიწევს, სადაც, სამწუხაროდ, სისუსტიდან გამომდინარე, ვმარცხდებით ხოლმე ადამიანები, თუმცა ამას არ უნდა შეეგუო და პირიქით, უფრო დიდი შემართებით უნდა იყო, უნდა იფიქრო, რომ მეორე დილიდან კიდევ გვაქვს შანსი, უკეთესები გავხდეთ.

რაც უფრო მომზადებული მუშაობ, ეს შედეგზეც აისახება – უფრო სულიერი გამოდის ხატი და ეს, თავისთავად ცხადია, ჯანსაღი სიამოვნებაა, რადგან უფრო მეტი მადლიც გადმოდის ხატმწერზე და მეტად ბედნიერი ხარ, როცა ხატს დაასრულებ. ხედავ, ღვთის შემწეობით უფრო წინ წახვედი წინა ნამუშევრებთან შედარებით და მეტი მადლის დამტევი აღმოჩნდი.

შფოთსა და ცოდვაში როცა ხარ, ბრკოლდები ხატის შექმნისას, მაგრამ ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ცოდვის საუკეთესო მკურნალი არის სინანული, აღსარების საიდუმლო, ეკლესიასთან ურთიერთობა, წმინდა ზიარების მიღება…

სიამაყეც არ უნდა დაგვეუფლოს – ეს როგორ მომივიდა, რომ შევცოდე და ხატებს აღარ მივეკარებიო. არ არსებობს ადამიანი, რომ არ ჰქონდეს გარკვეული მანკიერებები, ცოდვები და შეცდომები. ეს ყოველდღიური მომენტია, მაგრამ მთავარია, არ მოხდეს შეგუება და სინდისის ხმის დაძინება, თორემ ცხოვრება ასეთია – შედგება დაცემებისგან და, თუ არ დაეცი ადამიანი, ფეხზეც ვერ წამოდგები.

– ცოდვის განცდისა თუ შფოთვის დროს ხატი არ გამოდის ისეთი, ლოცვის სურვილს რომ აღძრავდეს?

– კი, ასეა. ნათქვამია, რომ ყველა ხატმწერი საკუთარ თავს ამსგავსებს თავის ნამუშევარს. როცა შფოთვაა, ეს იმ წმინდანის გამოსახულებაზეც გადადის, ოსტატი რა ხასიათზეც იყო. რაც უფრო მეტად მომზადებული ხარ, უფრო სულიერიც გამოდის. როცა მზად არ ხარ, სამუშაოდ არ უნდა დაჯდე, უნდა მოემზადო, დამშვიდდე.

– თქვენს დაწერილ ხატებს სიძველის ეფექტი დაჰყვება. ამას სპეციალურად აკეთებთ თუ თავისთავად გამოდის, ძველი ხატების გავლენით?

– ხატმწერები ვცდილობთ, გამოვიდეთ შუა საუკუნეების ტექნიკიდან – მე-10, მე-11, მე-12, მე-13 საუკუნეები ითვლება ხატწერის აღმავლობის ხანად ერთი მიზეზის გამო, რომ ამ პერიოდში მოხდა წინა საუკუნეების გამოცდილების დაჯამება. მანამდე ხდებოდა იკონოგრაფიის დახვეწა, მსჯელობა და შეჯერება. ამ ეპოქაში კი სრულად დაბალანსებული, ჯანსაღი და დაწმენდილი ინფორმაცია მოვიდა.

იმ ეპოქაში ქრისტიანობა არა მარტო საქართველოში იყო მწვერვალზე. მაშინდელი არქიტექტურა, საეკლესიო ნაკეთობები თუ საეკლესიო მხატვრობა, ჭედურობა და ა. შ. მწვერვალზე იყო. შემდეგ კი, სულიერების დაცემასა და რწმენის გაუფასურებასთან ერთად, ნამუშევრებში სულიერება დაიკარგა. ბოლოს კი, წინა საუკუნეებში, ფაქტობრივად მოვედით ხორციელ და არა სულიერ ფიგურებამდე, როცა ხატი ლამის სურათად, უბრალო ნახატად გადაიქცა, იმდენად რეალისტური იყო, ადამიანური ტკივილებისა თუ ემოციების გამომხატველი.

ხატზე გამოისახება წმინდანი, რომელიც უფალთან, უკვე სასუფეველში მყოფია და იქ ხორციელი ტკივილების, სიხარულის და სევდის მომეტებული გამოსახვა მიზანშეწონილი არ არის. ამიტომ ისე გამოვიდა, რომ შუა საუკუნეებიდან ხატწერამ უკუსვლა განიცადა. ჩვენ, თანამედროვე ეპოქის ხატმწერები, ვცდილობთ, იმის მიუხედავად, რომ მნიშვნელოვნად მოვიკოჭლებთ სულიერ მდგომარეობაში, მაინც შევეჭიდოთ ამ ურთულეს საქმეს და იმ ძველი ხატებიდან გამოვიდეთ. დედნად, მაგალითად ვიყენებთ ხოლმე იმ ხატწერას.

იკონოგრაფიული და შინაარსობრივი ცოდნაც ბევრი დაიკარგა. ლიტერატურაც ძალიან მცირეა, რომ გავიგოთ, სიმბოლურ დატვირთვას ამა თუ იმ ხატზე რა შინაარსი აქვს. ძველი ხატების გამოყენება დედნად თავდაცვის საშუალებაც არის, რომ შეცდომა არ მოგვივიდეს და ჩვენით რაღაც არ მივუმატოთ ან გამოვაკლოთ. ამიტომ ვცდილობთ, მუდმივად ვაკონტროლოთ ჩვენი ნამუშევარი, შევადაროთ ძველს. მერე გამოდის ისე, რომ სიძველის ეფექტებიც აქვს ხოლმე ჩვენს ნამუშევრებს.

– ამ საქმისთვის ხატვის ტექნიკის გარდა, კიდევ რა არის საჭირო?

– ხატვის ტექნიკის ცოდნა აუცილებელია. შეიძლება ხატწერა ისწავლო, მაგრამ… მე მყავს მოსწავლეები და ბევრი მათგანი ჩემი დახმარებით რაღაც დონემდე სწავლობს, მაგრამ თუ მას არ აქვს უშუალოდ ღვთისგან ბოძებული ნიჭი, მერე უკვე შემოქმედებითობა უჭირს. ახლის გააზრება, ახალი იდეები, თავდაჯერება რთულია ასეთ დროს. ხატწერას ყველა ისწავლისო – სამწუხაროდ, ასე არ არის და ესეც ალბათ ღვთის დაშვებით ხდება.

ხატებზე წვრილი, მინიატურული ფუნჯებითაც გვიწევს მუშაობა და ბევრს უთქვამს, არ შემიძლია, მთელი დღე ასე ვერ დავჯდები და პატარა ფუნჯით ვერ ვიმუშავებო. ვინც ამ პროფესიასთან შეჭიდებას გადაწყვეტს, უნდა იცოდეს, რომ იოლი არ არის.

მე რომ თავის დროზე გააზრებული მქონოდა, თუ რამდენად დიდი შრომა დამჭირდებოდა, რომ რაღაც დონეზე მივსულიყავი, შეიძლება შემშინებოდა და საერთოდ არ დამეწყო ხატწერის შესწავლა. 10 წელზე მეტია, ამ საქმეს ვაკეთებ და ფაქტობრივად ყოველდღიურად ისევ სწავლის რეჟიმში ვარ.

– თქვენსავე შექმნილ ხატებთან ლოცვა რამდენად გამოგდით და რაზეა ეს დამოკიდებული?

– შენსავე დაწერილ ხატთან ლოცვა ცოტა რთულია. ტაძარში რომ მოვხვდები, სადაც ჩემი შესრულებული ხატია და მის წინ დავდგები, იმის მაგივრად, რომ სანთელი დავანთო და ვილოცო, გადავდივარ მის აღქმაზე – მახსენდება, რა როგორ გავაკეთე, რა უკეთ შემეძლო…

მეორე მხრივ კი, ტაძარში რომ ვუყურებ, მომლოცველები როგორ მიდიან ჩემს დაწერილ ხატთან, ლოცულობენ, სანთელს ანთებენ, ეს ენით აღუწერელი ბედნიერებაა და ცოტა შიშის განცდაც მეუფლება ხოლმე, რადგან, როცა უფალმა ამხელა რაღაცის გაკეთების შესაძლებლობა მოგცა, ამ პასუხისმგებლობის ღირსეულად ვერტვირთვის გამო გეშინია და თავი უღირსად მიგაჩნია. თუმცა, რადგან უფალმა მე მომანდო, ეს საქმე მეკეთებინა, ვცდილობ, მორჩილებით, შეძლებისდაგვარად ვაკეთო და მიზანი ის მქონდეს, რომ მაქსიმალურად პატიოსნად და კეთილსინდისიერად ვიმუშაო.

– როგორია თქვენი პირადი ცხოვრება, დაოჯახებული ხართ?

– დიახ. მეუღლე და ორი შვილი მყავს, ხაშურში ვცხოვრობ. თბილისში რომ დავამთავრე სასწავლებელი, მიზნად მქონდა, ჩემს მშობლიურ რაიონში დავბრუნებულიყავი და ხატწერის სკოლა დამეარსებინა. 2 წელი თბილისში ვიმუშავე და მერე დავბრუნდი. ჩვენს ეპისკოპოსს, მეუფე სვიმეონს, ვესაუბრე, სკოლის გახსნა მინდა-მეთქი. სასწავლო პროგრამა უკვე შედგენილი მქონდა და ძალიან დაინტერესდა.

ეპარქია დამეხმარა, ხაშურის ცენტრში გამომიყვეს ფართი სრულიად უსასყიდლოდ. დავიწყეთ ხატწერის გაკვეთილები და საწყის ეტაპზე გვყავდა 5 მოსწავლე. მაშინ 5 მოსწავლე ბევრი მეგონა. მერე კი ისე განვვითარდით, რომ რა ადგილიც დათმობილი გვქონდა, ვეღარ ვეტეოდით და გავფართოვდით. ხატვის მასწავლებელიც დავიმატეთ და ახლა გვაქვს ხატვისა და ხატწერის სკოლა. 80 მოსწავლე გვყავს.

ასევე, ვასწავლი სხვადასხვა მონასტრებში, დიმიტრი ყიფიანის სახელობის საქართველოს საპატრიარქოს სკოლა-პანსიონში, რომელიც ხაშურში მდებარეობს. ონლაინ გაკვეთილებსაც ვატარებ, სადაც დასწრება შეუძლიათ როგორც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ისე საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს ძვირფას ემიგრანტებს, რომლებიც ამით თითქოს საქართველოს მონატრებასაც იკმაყოფილებენ.

ხაშურში დაბრუნებას დაემთხვა ჩემი ოჯახის შექმნაც და მყარად დავემკვიდრე ჩემს მშობლიურ რაიონში. ეს ამბავი ჩემთვის სასიხარულოა, რადგან კარგად იცნობენ შენს ოჯახს, შენი წარსული იციან და, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად გამოვიდა.

– ხატების შექმნაში ანაზღაურების მიღება რამდენად ქმნის უხერხულობის განცდას?

– წმინდა წერილს რომ დავესესხოთ, მუშაკი ღირსია სასყიდლისა. როცა შრომობ, ბუნებრივია, ის სასყიდელიც საჭიროა, რადგან ამას უთმობ შენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს, დროს. თუ აქედან მცირე შემოსავალს მაინც ვერ მიიღებ, გამოდის, რომ შენს ოჯახს ვერ შეინახავ და სწორედ ის შფოთი და ნერვიულობა შემოვა, რომელზეც გესაუბრეთ. შეუძლებელი იქნება, მშვიდად იმუშაო, როცა იცი, რომ შენს საყვარელ ადამიანებს ელემენტარული საჭიროებები არ აქვთ.

მინდა, ყველამ გაიგოს, რომ რა ფასიც ხატებს აქვთ საქართველოში, ეს მცირეზე მცირეა, რადგან ძალიან ძვირადღირებული მასალებით ვმუშაობთ. საქართველოში ეს მასალა ნაკლებად მოიპოვება და გვიწევს ევროპიდან, რუსეთიდან თუ სხვა ადგილებიდან ყიდვა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

საზოგადოების დიდ ნაწილს ეს ესმის. თან, ერთი საშუალო ზომის ხატის შესრულებას მთელი თვე მაინც სჭირდება. ისე გამოდის, რომ ადამიანმა მთელი თვე შრომას უნდა მოახმარო.

ხატზე მუშაობას თავისი პროცესები აქვს. თუ რომელიმე ნაწილს ამოვაგდებთ, გავამარტივებთ, აღარ გამოვა ისეთი კარგი. შეიძლება შემკვეთმა ვერ გაიგოს, რომ რაღაც ისე ვერ არის, მაგრამ ხატმწერს არ აქვს ამის უფლება. ღმერთი ხედავს ამ ყველაფერს და არ არის სწორი, არაკეთილსინდისიერად შეასრულო, გაამარტივო და 5-6 დღეში დაასრულო ის, რასაც 3 კვირა მაინც სჭირდება. არ მქონია შემთხვევა, ვინმეს ვერ გაეგო ეს ამბავი, შეგნებულად უდგებიან ამ ყველაფერს.

 – ოჯახი რამდენად გიწყობთ ხელს სიმშვიდის შენარჩუნებაში, როგორ უყურებენ თქვენს საქმიანობას?

– ყველასგან დიდი ხალშეწყობა მაქვს. სახლში მაქვს სახელოსნო. ბავშვებს ცოტა ნაკლებად ესმით, რომ ხელშეწყობა მჭირდება. პატარა შემოდის ხშირად და სულ რაღაცას ითხოვს ჩემგან. ეს მადლიცაა, რომ ბავშვი უყურებს ამ ყველაფერს. ხან მთხოვენ, რაღაც მათაც გავაკეთებინო. დავსვამ და პატარა-პატარა ნამუშევრებს, არა – ხატწერასთან დაკავშირებულს, ვაკეთებინებ. უხარიათ და იმის იმედიც მაქვს, რომ რომელიმე დაინტერესდება ამ საქმით. თუ ასე მოხდა, რა თქმა უნდა, სიხარულით დავუდგები გვერდით, დახმარებას და წინამძღოლობას გავუწევ, რომ ხატწერა შეისწავლოს.