ეთერ თათარაიძე: ,,მთვარემ მითხრა, შენი საბედო ამ გზიდან მოდისო” – პოეტის მისტიკური ამბები

ეთერ თათარაიძე: ,,მთვარემ მითხრა, შენი საბედო ამ გზიდან მოდისო" - პოეტის მისტიკური ამბები,,სარკე”, ლია ოსაძე

ქართველ პოეტ ქალს, ეთერ თათარაიძეს, ახალგაზრდობიდან გამოაჩნდა უცნაური უნარი – სიზმრად ხედავს მომავალს პოეტური, სიმბოლური სახეებით. როცა ეთერმა სკოლა დაამთავრა და მთიდან თბილისში, უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ჩამოვიდა, ესიზმრა, ვითომ მტრედად გადაიქცა და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზს, რომელიც ხალხით იყო გადაჭედილი, სამჯერ შემოუფრინა. რამდენიმე ხანში, როცა საზოგადოებამ ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ ფილარმონიაში მოწყობილ ხალხური პოეზიის საღამოზე სამი ლექსით გაიცნო მისი თვითნაბადი თუშური სიტყვის მადანი, სწორედ ის სიზმარი გაახსენდა… ქალბატონმა ეთერმა ,,სარკეს” უამბო, რომ თვითონ მისი დაბადებაც უცნაურ, მისტიკურ ისტორიასთან არის დაკავშირებული.

– ქალბატონო ეთერ, გიგრძვნიათ უფლის ხელი თქვენს ცხოვრებაში?

– ცხოვრება ძალიან რთულად გავიარე. ჩემ მიმართ ბევრჯერ ყოფილა დაუმსახურებელი კრიტიკა… არასოდეს არაფერი მიკადრებია სხვისთვის, არასოდეს არაფერი გამიკეთებია სხვისი ჯიბრით, ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ უფალს ვუყვარვარ.

უფლის სიყვარულია, რომ ჩემი ფიქრი და განცდები გადმომაქვს უძველეს თუშურ დიალექტზე, რომელიც მოხუცებსაც კი ძნელადღა ახსოვთ. ხანდახან ისეთ სიტყვას ვხმარობ, რომელიც უძველესია. ხშირად არაცნობიერად ჩამისვამს ლექსში სიტყვა და მერე აღმოჩენილა, რომ ის უძველესი თუშურია. IX საუკუნის ხანმეტიანი თუშური ვიცი. ზოგიერთს შეიძლება ამაზე გაეცინოს, მაგრამ მე ეს სიმდიდრედ მიმაჩნია.

– რა გახსოვთ იმ საღამოდან, როცა პირველად გამოხვედით სცენაზე და რომელმაც თქვენი მომავალი ცხოვრება განსაზღვრა?

– სწორედ მაშინ მნახეს პირველად ჩემმა მომავალმა მეუღლემ, ამირან არაბულმა და მამამისმა, დავით არაბულმა. დავით არაბული ლორდივით იყო. მთელმა ხევსურეთმა იცოდა, რომ მასავით ღირსეული და განათლებული ადამიანი მეორე არ მოიძებნებოდა.

იმ საღამოს, როცა სცენაზე გამოვედი და პირველი ლექსის წაკითხვა დავამთავრე, თურმე დავით არაბულმა გაიფიქრა, რა ბედნიერი იქნება ის ოჯახი, სადაც ეს შევაო. წლების შემდეგ, როდესაც მათი რძალი გავხდი, სიტყვაძუნწმა მამამთილმა თავისი ფიქრი გამიმხილა და დასძინა, ეტყობა, უფალი მისმენდა, როცა ეს გავიფიქრე და ჩემს ოჯახში შემოხვედიო.

– თქვენს საბედოზე, პოეტ ამირან არაბულზე, წინასწარ არაფერი ,,უთქვამთ” სიზმრებს?

– თუშეთში არის ერთი რიტუალი, რომელსაც მთვარისთვის კენჭის ,,მოპარვა” ჰქვია. ახალი მთვარე რომ ამოდის, ის, ვისაც მეორე ნახევარი არ ჰყავს, გარეთ გადის, ოღონდ ისე, რომ მთვარეს არ შეხედავს, დაჯდება მთვარის მიმართულებით და ზურგის უკან სამ კენჭს მოძებნის. კენჭებს აიღებს და ამბობს, მთვარეს კენჭები მოვპარე, ჩემი ბედისწერა ვინ არის, დამასიზმრეო.

მეც ,,მოვპარე” მთვარეს კენჭები. თან ვფიქრობდი, რას არ მოიფიქრებენ-მეთქი. ეს კენჭები ბალიშის ქვეშ დავაწყვე და დავიძინე. სიზმარში მთვარემ მითხრა, ახლა გაჩვენებ იმ სახლს, სადაც გათხოვების შემდეგ იცხოვრებ და წამომყევიო. უცებ სახლის ბანზე აღმოვჩნდი, ჩვილი გოგონას სარეცხს ვრეცხავდი. ეზოში რომ გადავიხედე, დავინახე, ბიჭი და გოგო თამაშობდნენ, ბიჭი 11 წლის იქნებოდა, გოგონა კი – 7 წლის.

მთვარემ გზის მონაკვეთი დამანახა და მითხრა, შენი საბედო ამ გზიდან მოდისო, მაგრამ მე არავინ დამინახავს. სარეცხს რომ ვრეცხავდი, თან ბავშვებს ყურადღებას ვაქცევდი, მეშინოდა, არ გადავარდნილიყვნენ, რადგან ეზოს ღობე არ ჰქონდა.

გავიდა წლები, ეს სიზმარი დამავიწყდა კიდეც, მაგრამ ყველაფერი მაშინ გამახსენდა, როდესაც მესამე შვილი, მარიამი, შეგვეძინა. ის რომ გაჩნდა, მინდია 11 წლის იყო, ანანო კი – 7 წლის. ჩვენს ეზოს ღობე არ ჰქონდა. ერთ დღესაც ეზოში მოთამაშე ბავშვებს რომ გადავხედე, ის სიზმარი გამახსენდა.

– თქვენს დაბადებასაც ხომ არ უძღოდა რაიმე უცნაური, აუხსნელი მოვლენა?

– მამაჩემს მეოთხე შვილი აღარ უნდოდა და ცოლს უთხრა, აბორტი გაიკეთეო, მაგრამ დედა უარზე იყო, მაგრამ ბოლოს დათანხმდა – ამ ბავშვის გულისთვის ოჯახს ხომ არ დავანგრევო და გადაწყვიტა, მეორე დღეს აბორტი გაეკეთებინა.

იმ ღამეს დედას სიზმარში გამოეცხადა თეთრწვერა, თეთრსამოსიანი კაცი, რომელმაც უთხრა, ოღონდ იმას ნუ გააკეთებ, რა ფიქრითაც დაწექი დასაძინებლად და მშობიარობის დროს ცხრა ქალწულს დაგახმარებო. დედაჩემს იმ წუთში გაუღვიძია და უთქვამს, რაც უნდა მოხდეს, ამ ბავშვს გავაჩენო.

მამა გულმშვიდად წავიდა ყიზლარის ზამთრის საძოვრებზე, ცხვარი წაიყვანა. მშობიარობის დრო რომ დადგა (15 მარტს, გამთენიისას დავიბადე), დედამ ყველაფერი წინასწარ მოიმარაგა და სახლში მარტომ, უექიმოდ იმშობიარა. ის რომ მშობიარობდა, ჩემს და-ძმას მეორე ოთახში ეძინათ. დედამ ისე გამაჩინა, ტკივილი არ უგრძვნია, ჭიპლარიც თავად გადაჭრა, მერე დამბანა, თავადაც დაიბანა, საფენებში გამახვია და მაჭამა. ყველაფერს რომ მორჩა, ჩემი და გააღვიძა და მეზობლის ქალის დასაძახებლად გაგზავნა.

ასე ახდა დედაჩემის სიზმარი, ალბათ მართლა დაეხმარა ის ცხრა ქალწული, თორემ ამდენ რამეს მელოგინე როგორ გააკეთებდა?! თან ტკივილიც არ უგრძვნია, მანამდე კი ყოველთვის მძიმე მშობიარობა ჰქონდა.

დედა მერე მიყვებოდა, მამაშენს ჩემი ამბავი რომ გაუგია, სახლში მორბოდა და ფიქრობდა, ამ თოვლში მანქანა სად ვიშოვო, რომ ექიმთან წავიყვანოო. თურმე სახლში რომ შემოვიდა და მე დამინახა, გაუხარდა.