,,სარკე”, ნანა კუკულავა
ქუთაისელი მხატვარი, თამარ ჯიხვაშვილი, მრავალმხრივი შემოქმედია, წერს ხატებს, ქმნის ორნამენტებს და კულინარიულ კომპოზიციებს. ფუნჯისა და საღებავის გარდა, მის ,,არსენალში” ხილი და ბოსტნეულიცაა, განსაკუთრებით კი უყვარს შოკოლადით მუშაობა. ნამუშევრების შესაქმნელად განსაკუთრებული არაფერი სჭირდება, როგორც თვითონ ამბობს, მთავარია დრო და მატერიალური შესაძლებლობა.
– თქვენი ერთ-ერთი სამუშაო მასალა შოკოლადია. რას ნიშნავს ის თქვენთვის, რატომ აირჩიეთ, ზოგადად გიყვართ ეს საკვები თუ მისი ფაქტურა, ფერი ან სხვა რამ მოგწონთ, როგორც მხატვრული მასალის?
– ტკბილეული, განსაკუთრებით კი შოკოლადი და ჩემი ფანტაზიები უსასრულოა. ბევრი იდეა მაქვს ხორცშესხმული. ვქმნი სილამაზეებს, რაც შოკოლადთანაა კავშირშ. ის ასევე რთული მასალა გახლავთ, რაც დიდ სიფაქიზეს, სიფრთხილეს, ტემპერატურული რეჟიმის დაცვას მოითხოვს. ბევრი ხელსაწყო სჭირდება, რომლებიც ძვირადღირებულია, ასევე მასალებიც. ასე იქმნება შოკოლადიანი სილამაზეები და მხატვრული ნიმუშები კულინარია-კონდიტერიაში.
ვცდილობ, დეკორაციები, დესერტები, ტკბილეული საკვებიდან ხელოვნებამდე ავიყვანო, გემოები და ვიზუალი ერთმანეთს დავუკავშირო. შექმნილი მაქვს შოკოლადის დეკორაცია შოკოლადის განაშეთი, ასევე შოკოლადის ქვევრი, რომლის შიგთავსად გამოვიყენე ღვინის ჟელე, თათარა, თხილეული, თივა და კარამელი.
– როგორია თქვენი ყოველდღიურობა? შემოქმედებითი სულის ადამიანებს ცოტა უჭირთ ხოლმე ყოფითი ცხოვრების ორომტრიალში ორიენტირება, თავის გატანა, მით უმეტეს, საქართველოში.
– ყოველდღიურობას ვქმნით ჩვენ. როგორც წაიყვანს ადამიანი ცხოვრებას, ისეთივე დღე ექნება. ეს პოტენციალი ჩვენშია ჩადებული. მთავარია შინაგანად რამდენად ღრმა და საინტერესოა ადამიანი. ამავდროულად თავისუფლება ხელოვანი ადამიანისთვის ყველაფერია. როცა გსურს, მაშინ ქმნი, რა თქმა უნდა პირობების ხელშეწყობით. დროის ფაქტორი და მატერიალური საშუალება მნიშვნელოვანია.
– თქვენთვის საიდან მოდის მატერიალური საშუალებები, კონკრეტული სტაბილური სამუშაო გაქვთ თუ თქვენივე შემოქმედება გარჩენთ?
– ჩემს სახლში მაქვს პატარა სახელოსნო. ერთი ოთახი, სადაც კონკრეტულ შეკვეთებზე ვმუშაობ. ჩემი შემოსავალიც საყვარელი და საინტერესო საქმიდან მაქვს.
– ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები, ისინი როგორ აფასებენ თქვენს ნამუშევრებს?
– ჩემი ძირითადი შემფასებელი დედა იყო. ძალიან პატარა ვიყავი, როცა მან ბაღის მასწავლებელთან ერთად შენიშნა ჩემი გატაცების შესახებ. ხელს მიწყობდა მეკეთებინა საქმე, რომელიც კარგად გამომდიოდა. ძალიან მაკლია დედის შეფასება. დედის წასვლით მთავარი კედელი გამომეცალა.
ვცხოვრობ მამასთან ერთად, მყავს და. დისშვილებისთვის ტკბილეულთან ვასოცირდები და არა მარტო მათთვის. ოჯახი არ შემიქმნია, მგონია, რომ პირად ცხოვრებას ვერ დაგეგმავ, ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვამბობ.
