ვინ იყო პოეტი-ყაჩაღი, რომელმაც მიხა ხელაშვილის მოკვლისთვის შური იძია – ცნობილი მელექსის იდუმალი ცხოვრების დეტალები

ვინ იყო პოეტი-ყაჩაღი, რომელმაც მიხა ხელაშვილის მოკვლისთვის შური იძია - ცნობილი მელექსის იდუმალი ცხოვრების დეტალები,,სარკე”, ნანა კობახიძე

გასულ საუკუნეში საქართველოში არაერთი ადამიანი თავს არიდებდა მეორე მსოფლიო ომში, ე.წ. დიდ სამამულო ომში, მონაწილეობას, საბჭოთა ჯარში მსახურებას. ისინი დეზერტირებად ითვლებოდნენ და, მილიციისგან ძებნილნი, ტყეს აფარებდნენ თავს. ზოგს შიში აიძულებდა გაქცევას, ზოგი კი მიზნობრივად უპირისპირდებოდა საბჭოთა წყობას, საოკუპაციო რეჟიმად აღიქვამდა და გერმანიის გამარჯვებით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას იმედოვნებდა.

ასეთად მოიაზრებენ თავის კუთხეში ცნობილ მელექსეს, ტყეში ყაჩაღად გაჭრილ გოგია ჭიჭოშვილს მის რაზმთან ერთად. “ქორ-შევარდენივით ჩქარი”, “მთის კატასავით მოუხელთებელი” გოგია შიშის ზარს სცემდა ადგილობრივ ხელისუფლებას. მისი სახელის ირგვლივ მითქმამოთქმა დღემდე არ წყდება. ეს თემა საბჭოთა ეპოქაში ტაბუდადებული იყო.

2011 წელს მწერალმა და ჟურნალისტმა, მიხეილ ღანიშაშვილმა (ილტოსპირელმა), გამოსცა კრებული “გოგია ჭიჭოშვილის ეპოსი”. წიგნი მოიცავს მცირე ბიოგრაფიულ კვლევას და ფოლკლორად ქცეულ ლექსებს. ამ თემის კვლევა მიხეილმა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, სამი ათეული წლის წინ დაიწყო. იგი ილტოს ხეობის, სოფელ ჭართალის მკვიდრია, სადაც თავის დროზე სიცოცხლეს გამოასალმეს გოგია ჭიჭოშვილი.

გოგიას ლექსები ხალხში იყო გაბნეული. მიხეილს ბავშვობიდან ესმოდა, როგორ ამღერებდნენ ამ ლექსებს ჩონგურზე, ფანდურზე, მათ ავტორზე კი ჭორ-მართალს, ლეგენდად ქცეულ ამბებს ყვებოდნენ.

ამ იდუმალებით მოცული პიროვნებით მწერალი მას შემდეგ უფრო დაინტერესდა, რაც შეიტყო, რომ გოგია ჭიჭოშვილმა შური იძია ეროვნული გმირის, მიხა ხელაშვილის, მკვლელობის გამო. “ამ ფაქტმა რადიკალურად შეცვალა მისი პიროვნების სურათი და დავიწყე კვლევა”, – გვითხრა მწერალმა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ ღანიშაშვილი არის ასევე მიხა ხელაშვილის მკვლევარი და მიხაობის სახალხო დღესასწაულის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

– ბატონო მიხეილ, გოგია ჭიჭოშვილის სახელი საბჭოთა ეპოქაში ტაბუდადებული იყო, აკრძალულ ავტორად ითვლებოდა. მასზე მუშაობისას, როგორც მკვლევარს, რა სახის დაბრკოლებები შეგხვდათ?

– იყო ორი სახის დაბრკოლება: ლიტერატურული წყაროების არქონა და ფსიქოსოციალური ფაქტორი. გოგია ჭიჭოშვილის სახელი, მიხა ხელაშვილის მსგავსად, კომუნისტების დროს აკრძალული იყო, როგორც საბჭოთა ხელისუფლების მტრისა. მასზე არ არსებობდა რაიმე აკადემიური კვლევა, რომელსაც დავეყრდნობოდი.

ლიტერატურის ინსტიტუტისა და თსუ-ის ფოლკლორისტიკის განყოფილების არქივში შემონახული იყო გოგია ჭიჭოშვილის რამდენიმე ლექსი, მაგრამ არ აქვეყნებდნენ. გოგიას ლექსები ხალხური პოეზიის 12 ტომეულშიც არ არის შეტანილი.

პირველი, ვინც ახსენა გოგია ჭიჭოშვილი, იყო მწერალი და ისტორიკოსი ედიშერ გიორგაძე. მან 1989 წელს გამოსცა მიხა ხელაშვილის ლექსების კრებული, სათაურით “ლექსი და ცხოვრება მიხა ხელაშვილისა”, რომელშიც მიხას მკვლელის მკვლელად მოიხსენია გოგია ჭიჭოშვილი. ამის შემდეგ ჟურნალ “არტანუჯში” გამოქვეყნდა ფოლკლორისტ ტრისტან მახაურის წერილი გოგია ჭიჭოშვილზე (“ილტო, ცრემლებად ნადენო”).

იყო ასევე ფსიქოსოციალური გარემოება ამ კვლევის გზაზე. გოგია ჭიჭოშვილის რაზმს უწევდა სისხლისმღვრელი შეტაკებები საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ისინი ფიზიკურად ანადგურებდნენ ადგილობრივი აგენტურის წევრებსაც, რამაც ცუდი კვალი დატოვა ხალხის მეხსიერებაში – იმ ბრძოლებში შესაძლოა უდანაშაულო მსხვერპლიც ყოფილიყო.

– არადა, გოგია ჭიჭოშვილი იყო დახვეწილი შემოქმედი, კარგი მელექსე. მისი ლექსები ხალხმა შეიყვარა, ამბობდნენ, მათ გარეშე ქორწილი და დღეობა არ ჩაივლიდაო…

– გოგიას პოეტური ნიჭიერების დასტურად თუნდაც ეს სტრიქონები გამოდგება:

“რა ვქნა, რა წყალში ჩავვარდე

მდევარი შავი ბედისა?!

მე ჭიჭოშვილი როდი ვარ,

შვილი ვარ მყინვარწვერისა!

გადმოვყევ ღრუბლის ქარავანს,

როგორც გრიგალი ზღვებისა”.

მთხრობელები მის ლექსებს კი ამბობდნენ, მაგრამ თავად გოგიას და მის რაზმელებს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებდნენ. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა რაზმის წევრი თომა. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ მათ ქალები და ბავშვებიც ჰყავდათ მოკლული…

რომ დავაკვირდი, ისინი, ვინც გოგია ჭიჭოშვილს უარყოფითად იხსენიებენ, არიან შთამომავლები იმ ადამიანებისა, რომლებიც თავის დროზე გოგიას სამიზნეებად იქცნენ- ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ან სპეცსამსახურების თანამშრომლები.

ცხადია, მათ შთამომავლებს არ მიაჩნდათ მართებულად ჩემგან ამ კრებულის გამოცემა და ამით გოგიას სახელის უკვდავყოფა. მთავარი ისაა, რომ გოგია ჭიჭოშვილი ერთგვარად გამგრძელებელია მიხა ხელაშვილის საქმიანობისა, ისტორიული პიროვნებაა და არა – ჩვეულებრივი ყაჩაღი, დეზერტირი.

საკმაოდ განათლებული პიროვნება გახლდათ, თბილისში პედაგოგიური ტექნიკუმი დაამთავრა. მის თანამედროვე მოაზროვნეებთან, „ჩვენთაობელ“ მწერლებთანაც ექნებოდა შეხება (ლადო ასათიანი, ნიკა აგიაშვილი, გიორგი ნაფეტვარიძე და სხვები). გოგიას გასვლა “ყაჩაღად” შემთხვევითი არ იყო, ის იდეოლოგიურად, მსოფლმხედველობრივად უპირისპირდებოდა საბჭოთა ხელისუფლებას და მეორე მსოფლიო ომს არ ცნობდა იმ ომად, რომელშიც ქართველებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა. აი, რას წერდა თავად:

“ორმოცდაერთ წელს დაგვეცა გერმანიაის ჯარია,

ვერიდე სალდათობასა, რუსს ქედ ვერ მოუხარია,

პარტიის საწინაღმდეგოდ ტყეს შავაფარე თავია”.

მან ფიზიკურად გაანადგურა მიხა ხელაშვილის მკვლელიც – ეს მნიშვნელოვანი დეტალია. ჩემი აზრით, გოგია ჭიჭოშვილმა ერთგვარად გააგრძელა გზა იმ ადამიანებისა, რომლებიც დაუპრისპირდნენ 1921 წლის 25 თებერვალს წითელი საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ქვეყნის ანექსიას და ოკუპაციას. გოგია ამ სტრიქონებში თვითშეფასებას ახდენს:

“ბანდიტი პოლიტიკურად არ ვერიდები ტყვიასა,

უჭკუოს მოვაჭკვიანებ, ხმასაც არ გავცემ ჭკვიანსა”.

– მის ცხოვრებაზე რა ცნობებს მიაკვლიეთ? როგორც ვიცი, ჩვენამდე შემორჩენილი გოგიას ერთადერთი პორტრეტული ფოტო თქვენი მოპოვებულია.

– მოგეხსენებათ, ვინც საბჭოთა ხელისუფლებას დაუპირისპირდა და მასთან ბრძოლაში აღესრულა, ყველას ბიოგრაფია გააქრეს. გოგიას ბიოგრაფიაც ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. მასზე ლაპარაკიც კი აკრძალული იყო.

დაიბადა ივრის ხეობაში, სოფელ ლიშოში და დაიღუპა 1948 წელს ზურგში ნასროლი ტყვიით. ჭართალელი გლეხები, რომლებიც ტყიდან მისი ცხედრის გამოსასვენებლად წაიყვანეს, ამბობდნენ, ვიზუალურად 30 წლის ასაკში იქნებოდაო.

გოგიას თემას რომ ვიკვლევდი, ტრისტან მახაურთან ერთად ვიყავი ექსპედიციაში ივრის ხეობაში. იქ, გოგიას ნათესავის ოჯახში, აღმოვაჩინეთ ფოტო, რომელიც ახლა გუგლში იძებნება. ფოტოს წარწერა ჰქონდა, რომ მოკლეს 1948 წელს. გარდაცვალების თარიღი ნათესავებმაც დაადასტურეს, მაშინ მათ მკვლელობის ადგილიც მოუნახულებიათ და ხატში მისი სულის სახსენებლად საკლავიც დაუკლავთ.

– ომამდე რა გზა გაიარა? როგორც ამბობენ, მრავალმხრივ ნიჭიერი იყო.

– ჭიჭოშვილები წარმოშობით უკანა ფშავიდან არიან, სადაც ახადის სალოცავია. მერე გადმოსახლებულან ივრის ხეობაში. გოგია გაიზარდა ივრის ხეობაში. მამამისი, გიორგი, ადრე გარდაიცვალა. მამით დაობლებული გოგია გაზარდა დედამ, ქეთევანმა, რომელმაც ხელი შეუწყო შვილის ნიჭის განვითარებას. გოგიას ჰყავდა ერთი და – პელო.

გადმოცემების მიხედვით, გოგია იყო ძალიან ბეჯითი და ნიჭიერი, ზეპირად თხზავდა ლექსებს, კარგად ხატავდა, უკრავდა და მღეროდა ფანდურზე. ტყეში ცხოვრების პერიოდში ხეებზე ხატავდა. ბუმბერაზ წიფლის ხეებზე მისი ნახატი ირმები, შვლები, მერცხლები და სხვა ფიგურები თავად მაქვს ნანახი ილტოს ხეობაში. იქვე უკეთებდა წარწერებს ულამაზესი კალიგრაფიით.

– სანამ ტყეში გაიჭრებოდა, სკოლის მასწავლებლადაც უმუშავია და რას ასწავლიდა?

– ერთგვარად პარადოქსულია, რომ გოგია რუსული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი გახლდათ. მისი ნიჭიერება აქედანაც ჩანს: ივრის ხეობის სოფელში დაბადებულმა ყმაწვილმა ისე კარგად აითვისა რუსული ენა, რომ განათლებაც მიიღო და რუსულის მასწავლებლად ჩამოყალიბდა.

– ფულის კუპიურებსაც ხატავდაო და ამას პრაქტიკული დანიშნულებითაც ხომ არ იყენებდა?

– გადმოცემის მიხედვით, გოგია ჭიჭოშვილი ფულის კუპიურებს ისე ხატავდა, ნამდვილისგან ვერ განარჩევდი. მთქმელმა მიამბო: ერთხელ გოგია მეგობრებთან ერთად თიანეთში დუქანში შევიდა, შეუკვეთეს კერძი და მიირთვეს. გოგიამ მაგიდაზე დახატა წითელი თუმნიანი, გასვლისას კი მზარეულს უთხრა, დანახარჯი მაგიდაზე დევსო. მზარეული კაცი მაგიდასთან მივიდა და ეცადა, ხელის დარტყმით აეღო კუპიურა, იმდენად რეალურად გამოიყურებოდა ნახატი.

– გოგიას ლექსთა ხელნაწერები თუ არის შემონახული?

– “გოგია ჭიჭოშვილის ეპოსი” შევადგინე ზეპირი სახით გადმოცემულ ტექსტებზე დაყრდნობით, რომლებიც მოვაგროვე და გადავამუშავე. წიგნის გამოცემის შემდეგ რუსთავიდან დამიკავშირდა გოგიას ნათესავი, ექიმი მანანა ჯამაგიძე და მადლობა გადამიხადა ამ კრებულისთვის – ძეგლი დაუდგი ჩემს ნათესავს, მის სახელს ვერც კი ვახსენებდითო. მანვე გადმომცა გოგიას ხელნაწერი 4 ლექსი, ოღონდ ისინი, სხვა ლექსების მსგავსად, არ არის ხალხური შაირის ფორმით დაწერილი. აკადემიური სტილის, ჩვეულებრივი კონვენციური ლექსებია, საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში შექმნილი.

მას შემდეგ სხვებიც დამიკავშირდნენ და საინტერესო ამბები გადმომცეს გოგია ჭიჭოშვილზე. მასალები დამიგროვდა და ვფიქრობ, ხელახლა გამოვცე წიგნი შევსებული სახით, ხელნაწერთა ფაქსიმილიებიც დავურთო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის განხორციელება ჯერ ვერ შევძელი.

– თუ შეგიძლიათ, თქვენს ხელთ არსებული, ჯერ კიდევ გამოუცემელი მასალებიდან ერთი ეპიზოდი გვიამბეთ.

– ეს ერთმა მატანელმა კაცმა მომიყვა. მისი მამა და გოგია ჭიჭოშვილი მეგობრობდნენ. ერთხელ მამამისს სოფელ მატანში, ოჯახში რაღაც დღეობა ჰქონია. იმხანად გოგია უკვე ტყეში იყო გაჭრილი, ძებნილი გახლდათ და სოფელში მისი გამოჩენა სარისკო იყო.

მოულოდნელად საღამოჟამს გოგია იმ ოჯახს ესტუმრა. სუფრასთან სტუმრებს შორის ახმეტის მილიციის წარმომადგენელიც იმყოფებოდა – გაშრა, დაიბნა იარაღასხმული გოგიას დანახვაზე, დიასახლისი მოიხმო და მისი მეშვეობით დატოვა იქაურობა. ყველას ეგონა, რომ ის კაცი მილიციელებს მოიყვანდა.

მასპინძელმა უთხრა ჭიჭოშვილს, შეიძლება დაგვეცნენ და საფრთხე შეგვექმნებაო. გოგიამ უპასუხა – ნუ გეშინიათ, როდესაც მილიციელები შეიტყობენ, რომ მე აქ ვარ, მოსვლას ვერ გაბედავენო. მართლაც, ისე ჩაიარა სუფრამ, იმ ოჯახს არავინ გაჰკარებია. ამ ეპიზოდიდან ჩანს, რომ ხელისუფლებას და მილიციასაც დიდი შიში და რიდი ჰქონდათ ჭიჭოშვილისა. იცოდნენ, რომ თუ გოგია ოჯახში შევიდოდა, მის დასაცავად იქვე ახლოს მისი რაზმის წევრებიც იდგებოდნენ.

სხვათა შორის, ხელისუფლებამ მერე შური იძია იმ ოჯახზე, მასპინძელი კაცი დააკავეს, 15 წლამდე პატიმრობა, ციხე და შუა აზიაში გადასახლებაც მიუსაჯეს. გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, მამაჩემი მაშინღა დაოჯახდა და მერე ვარ დაბადებულიო, მითხრა მთხრობელმა.

– გოგიამ მიხა ხელაშვილის მკვლელს რა გზით მიაკვლია, შური რომ იძია მასზე?

– 1987 წელს ვიმყოფებოდი ფოლკლორულ ექსპედიციაში უკანა ფშავში, სოფელ ახადში (მიხა ხელაშვილის სოფელია). იქ გავიცანი მიხას ახლო მეგობარი კოფა გორელაშვილი, უკვე ძალიან მოხუცებული იყო. მიხას ბევრი ლექსი იცოდა ზეპირად. თავის დროზე მასთან ახადში ადიოდა ხოლმე გოგია ჭიჭოშვილი.

გოგიას მოქმედების არეალი ფართო იყო: არაგვის, ივრის, ილტოს, ლოპოტის ხეობები და ბევრი სხვა ადგილი. კოფას მიუწვდია მისთვის ინფორმაცია, რომ მიხა ხელაშვილის მკვლელებს შორის იყო ლუკა მარცვალაშვილიც. მიხას სხვა მკვლელები მანამდე გარდაიცვალნენ, შედარებით დიდხანს იცოცხლა ლუკა მარცვალაშვილმა. გოგიამ მიზნად დაისახა მისი განადგურება.

ლუკა მარცვალაშვილმა ხელისუფლებისგან ჯილდოდ მიიღო ფშავში ფერმის გამგეობა. ის წლების განმავლობაში უძღვებოდა ფერმას, საქონელი დაჰყავდა ზამთრის და ზაფხულის საძოვრებზე. გოგიამ ივრის ხეობაშიც დაუწყო დევნა მარცვალაშვილს, მაგრამ ხელიდან გაუსხლტა. მეორედ თავს დაესხა შირაქის საძოვრებზე, ტარიბანას ველზე და სიცოცხლეს გამოასალმა. სიკვდილის წინ უთხრა მკვლელობის მოტივი, რომ ეს იყო შურისძიება მიხა ხელაშვილის გამო.

– გოგია ჭიჭოშვილის რაზმის წევრებზე რა ცნობები მოგეპოვებათ?

– გოგია ჭიჭოშვილი ტყეში წავიდა არა 1941 წელს, როცა ე.წ. დიდი სამამულო ომი დაიწყო, არამედ 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დამდეგს, როდესაც გერმანია და საბჭოთა კავშირი ევროპის ქვეყნების დანაწილებას, ოკუპაციას შეუდგნენ.

1939 წელს საბჭოთა კავშირის ფინეთთან ომში უამრავი ქართველი წაიყვანეს. იქ გაიწვიეს გოგია ჭიჭოშვილიც, როგორც წვევამდელი. სწორედ ამ ომს აარიდა მან თავი და ტყეს შეეფარა. თავიდან მის რაზმში იყვნენ პავლე თუშიშვილი, სანდრო ჩაჩაურაშვილი, რომლებიც მალევე დახოცა ხელისუფლებამ, ასევე ლაფანყურელი ფშაველი, იუდაის შვილი, მისი კვალი დაიკარგა.

რაზმში ბოლომდე დარჩნენ თავად გოგია, ფრონტიდან გამოპარული და სისასტიკით განთქმული თომა – გოგიას ბიძაშვილი, ტოტიკო საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულიდან, რომელიც ომამდე საბჭოს თავმჯდომარე ყოფილა (უცნობია, რატომ დაუპირისპირდა ხელისუფლებას) და მიტო – ტოტიკოს ძმისშვილი, რაზმში ყველაზე ახალგაზრდა. ეს 4-კაციანი რაზმი მილიციამ 1948 წელს გაანადგურა. ჭართალაში მოკლეს გოგია და თომა, ცოტა მოგვიანებით კი ერწო-თიანეთის ტყეებში დახოცეს ტოტიკო და მიტო.

– საბჭოთა სისტემასთან დაპირისპირებულ, იმ დროის იატაკქვეშა ორგანიზაციებთან გოგია ჭიჭოშვილის კავშირი რამდენად დასტურდება?

– მოგეხსენებათ, საბჭოთა რეპრესიების მიუხედავად, მეორე მსოფლიო ომის დროს რეალურად არსებობდა წინააღმდეგობის მოძრაობა როგორც საქართველოში, ისე კავკასიაში. ასეთი დაჯგუფება იყო თსუ-ის პროფესორთა, ასპირანტთა და სტუდენტთა კავშირი.

ეს ადამიანები არ თანაუგრძნობდნენ საბჭოთა ხელისუფლებას ამ ომში, მათი სიმპათიები იხრებოდა გერმანიისკენ, როგორც ქვეყნისკენ, რომლის გამარჯვებას მოჰყვებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. თავად რაიხის დროშის ქვეშ 30 ათასზე მეტი ქართველი ემიგრანტი იბრძოდა პოლკოვნიკ შალვა მაღლაკელიძის წინამძღოლობით (შალვა მაღლაკელიძე, ვერმახტის ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი). ისინი გაერთიანდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იდეით.

თუშეთის მთებში იმხანად გახიზნული იყო ცნობილი ანტისაბჭოთა დაჯგუფება “სამანელებისა”. გოგია თავის ლექსებში თუშეთის მთებსაც ახსენებს, იმ ტერიტორიაზეც მოძრაობდა. კავშირი ჰქონდა ჩრდილოკავკასიელებთან, გარკვეული ხნით დაღესტნელი სტუმარიც ჰყავდათ რაზმში. როგორც უკვე ვთქვი, თბილისში სწავლის პერიოდში, გოგიას კავშირი ექნებოდა “ჩვენთაობელ” მწერლებთან და პოეტებთან, ეს გახდებოდა ხიდი მისი კავშირისა მიხეილ ზანდუკელის საუნივერსიტეტო დაჯგუფებასთან, ვინც ამ წინააღმდეგობის მოძრაობას ქმნიდა.

– დაბოლოს, გკითხავთ, რა ვითარებაში მოკლეს გოგია ჭიჭოშვილი?

– მისი სიკვდილის ამბავი ხელისუფლებამ ისევე გააყალბა, როგორც მიხა ხელაშვილისა. გოგია მოკლეს ღალატით. თვითმხილველების ცნობით, მას 2 ტყვია ზურგში ჰქონდა დახლილი. გოგია და მისი რაზმელები პურს ჭამდნენ, მკვლელმა მიპარვით ესროლა.

საქმე ის იყო, რომ გოგიას უღალატა ერთმა ოჯახმა, რომელსაც ენდობოდა. ის ოჯახი მილიციასთან იყო დაკავშირებული და მათ გასცეს გოგიას ადგილსამყოფელი. გოგია და მისი რაზმის წევრები მილიციელებმა დახოცეს. მერე მკვლელმა მილიციელმა შეჰყარა სოფლის ახალგაზრდები, ბზიან გორაზე ყაჩაღებს ერთმანეთი დაუხოციათ და უნდა გამოვასვენოთო.

სოფელში ყველამ, დიდმა თუ პატარამ, იცოდა ის ოჯახი და მკვლელსაც ასახელებდნენ, მაგრამ მე არასდროს გამიმეორებია მისი გვარ-სახელი ოფიციალურად და არც დამიწერია. ეს ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი, ვინაიდან ზუსტი დოკუმენტი არ მოგვეპოვება.

მკვლელობა მოხდა 1948 წელს ილტოს ხეობაში, სოფელ ჭართალაში. გოგიას ცხედარი ძველი საბჭოთა სატვირთო მანქანით წაასვენეს ახმეტაში, ალბათ ოქმის შესადგენად. შემდეგ გადაიყვანეს თიანეთში მილიციის ეზოში. იქ რაღაც “ცერემონიალი” მოაწყვეს: ჩამოიყვანეს გოგიას ცოლ-შვილი (თბილისში ცხოვრობდნენ) და გოგიას ცხედარი “ამოაცნობინეს”. ცოლმა დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად მისი ქმარი გოგია იყო. მერე იმ ქალს ხელწერილი დააწერინეს, რომ შვილს მამის გვარს ჩამოართმევდა და საკუთარ გვარზე დაწერდა. ასევე აუკრძალეს გოგიაზე საუბარი სხვებთან.

ბუნებრივია, ქალმა წინააღმდეგობა ვერ გასწია და შვილი თავის გვარზე გადაიყვანა. გოგიას ვაჟი რომ გაიზარდა, საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში დასახლდა. სამწუხაროდ, მასზე აღარაფერი ვიცი, შეხვედრა ვერ მოვახერხე.

გოგიას ცხედარი მილიციელებმა პატიმრებს იქვე, მილიციის განყოფილების ეზოში დაამარხვინეს ყოველგვარი წარწერის გარეშე.