თემურ ჩხეიძე: ,,მინდა, ყველა იმ მსახიობს ძალიან მოვეფერო, ვისაც როლი ვერ მივეცი”
ადამიანად მოსული, ადამიანად დარჩენილი და ადამიანად წასული რეჟისორი

თემურ ჩხეიძე: ,,მინდა, ყველა იმ მსახიობს ძალიან მოვეფერო, ვისაც როლი ვერ მივეცი",,სარკის” არქივი

,,70 წელი ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ სიბერე უკვე ძალიან ახლოსაა. ჩემს ცხოვრებაში ბოლო ვირაჟი დაიწყო და ვნახოთ, რამდენ ხანს გასტანს”, – უთხრა ,,სარკეს” პეტერბურგიდან ახალდაბრუნებულმა რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ. მისი ,,ვირაჟი” ამ ინტერვიუს შემდეგ 8 წელი გაგრძელდა, საინტერესო, შემოქმდებითად დატვირთული და საოცარი ადამიანური ურთიერთობებით სავსე 8 წელი. ქართული თეატრის კლასიკოსი 5 ივნისს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

– ანალიზი იმ სპექტაკლებსაც სჭირდება, რომლებიც წარმატებულია. საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები – რა მიზეზით გამოვიდა ეს სპექტაკლი და რატომ არ გამოვიდა ის სპექტაკლი, რომელსაც სწორედ ასე გადავყევი თან? მაგრამ პასუხები არ არსებობს. ასე მგონია, ბევრი რამ არის ისეთი, რასაც ტანის გრძნობის მიხედვით ვაკეთებთ და პასუხი არ გვაქვს, ასე რატომ ვიქცევით…

რეჟისორებს დაწყევლილი პროფესია გვაქვს, არ გვინდა, ვინმეს გული ვატკინოთ, მაგრამ ძალაუნებურად გამოდის, რომ იმ მსახიობებს ვტკენთ გულს, ვინც როლზე არ აგვყავს. ამ დროს სულ მინდება, ყველა იმ მსახიობს ძალიან მოვეფერო, ვისაც როლი ვერ მივეცი.

ინტრიგები თეატრში? ეს ადამიანის აღზრდაზეც არის დამოკიდებული. როცა გამიჩნდება კითხვა, რითი მჯობია მე სხვა, ვაიმე, ხომ არ დავბერდი, რატომ უყვართ ის უფრო, ვიდრე მე – უკვე ინტრიგის საწყისია. როცა ამას ჩავუღრმავდები, მერე უკვე ჩემს აღზრდაზეა დამოკიდებული, თუ რა გზებს მივმართავ. შეიძლება იმაზე ზრუნვა დავიწყო, რომ ის რეჟისორი აღარ უყვარდეთ ან გავჩერდე და, მაქსიმუმი, სამზარეულოში ჩემს ცოლს შევჩივლო ჩაის სმის დროს, – ამბობდა თეატრის კლასიკოსი “სარკესთან”.

თემურ ჩხეიძე განგებამ არა მარტო ნიჭით, საოცარი ოჯახითაც დააჯილდოვა. თავადაც თვლიდა, რომ ამით ბედმა გაანებივრა. დედა – მედეა ჩახავა, მამა – ნოდარ ჩხეიძე, დედის ქმარი – კოტე მახარაძე, მამიდა – ციალა ჩხეიძე, მაესტრო მიშა თუმანიშვილი. გაკვეთილი თითოეულმა ჩაუტარა და ისე წავიდნენ მისი ცხოვრებიდან.

– ჩემმა ოჯახმა ბევრი რამ მომცა, – უყვებოდა ბატონი თემური ,,სარკეს”, – ოჯახში სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლები იყვნენ, დედა და მამა – მსახიობები, ბაბუა და ბიძა – ექიმები. მამიდა, ციალა ჩხეიძე – ქართული ენის სპეციალისტი, მთარგმნელი. მან მასწავლა ლიტერატურასთან, ქართულ სიტყვასთან კონტაქტი.

– თქვენი არჩევანი – თეატრი, გარდაუვალი იყო?

– ალბათ. ძალიან უცნაური იქნებოდა, მფრინავი რომ გამოვსულიყავი.

– ვის გაუკვირდებოდა, ექიმობა რომ აგერჩიათ? მით უმეტეს, ოჯახში იყვნენ ამ პროფესიის ხალხი და ბავშვობაში თქვენც ექიმობაზე ოცნებობდით.

– კი, მაგრამ არ მახსოვს, რატომ გადავიფიქრე.

– გაგიჭირდათ მშობლების ჩრდილიდან გამოსვლა?

– როცა თეატრალური დავამთავრე, ჩემს გუნდთან ერთად ზუგდიდის დრამატულ თეატრში წავედი სამუშაოდ. იქ ორი წელი ვიყავით მე, ჟანრი ლოლაშვილი, ავთო მახარაძე… ნახეთ, რა დიდებული მსახიობები მყავდნენ! ჩვენ ერთმანეთს ვზრდიდით. ერთად ყოფნამ რაღაც ისეთი მოგვცა, რაც ხანდახან სპეციალურად დაგეგმვის დროს არ გამოდის. იქ მუშაობით ჩემი მშობლების ჩრდილიდანაც გამოვედი. უამრავი რამ მომცა მიშა თუმანიშვილთან ურთიერთობამ. თუ რეჟისორი მქვია, ეს მისი დამსახურებაა.

– ნათქვამი გაქვთ, რომ ბატონი მიშას გარდა თქვენს ცხოვრებაში კიდევ სამმა ადამიანმა დატოვა მნიშვნელოვანი კვალი: მამამ – მსახიობმა ნოდარ ჩხეიძემ, მსახიობმა კოტე მახარაძემ და მსახიობმა კირილ ლავროვმა. უფრო კონკრეტულად რა გავლენა იქონია თითოეულმა?

– მამამ მომცა ის, რომ მამაჩემი იყო. მან დამიტოვა ბუნება, თავისი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, მან მე დამტოვა. კოტემ ძალიან ბევრი რამ მომცა, ზრუნავდა იმაზე, რომ ჩემი ინტელექტი გაზრდილიყო. ლავროვი კი მოწიფულ ასაკში შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. მან მე პეტერბურგში მიმიწვია სამუშაოდ. იშვიათი ბუნების კაცი იყო, უნიკალური თვისებები ჰქონდა. მისი ხელმძღვანელობით დაახლოებით 16 წელი ვიმუშავე. ლავროვის მერე მე გავხდი პეტერბურგის თეატრის ხელმძღვანელი.

22 წელი ვიმუშავე პეტერბურგის თეატრში. ახლა მინდა, მთელი ჩემი დრო სახლში გავატარო. ძალიან შემაწუხა, რომ შვილიშვილები უჩემოდ იზრდებოდნენ.

– როგორ ზრდიდით თქვენს სამ ქალიშვილს?

– გოგოები მამის სისუსტეები არიან, ამიტომ უფრო დედებს ჰყავდათ მიბარებული.

– უფროსი შვილი, ეკა, თქვენს გზას გაჰყვა, ერთ თეატრში მუშაობთ. ხშირად ამბობს ხოლმე, მამას არ სურს, ერთი გვარი აფიშაზე ორჯერ ფიგურირებდესო. მხოლოდ ამიტომ არ აკავებთ თქვენს სპექტაკლებში?

– მე ეკას არ ვჩაგრავ. ძალიან დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ თუ როლს ეკას მივცემ, ე.ი. მხოლოდ მას შეუძლია ამის შესრულება. თუ არის კიდევ ვიღაც, ვინც მასზე ნაკლებად ითამაშებს, შეიძლება მას უფრო მივცე. ეკამ ყველაფერს აბსოლუტურად ჩემგან დამოუკიდებლად მიაღწია. ამაზე რომ ვფიქრობ, გაცილებით უკეთეს გუნებაზე ვდგები.

– მგონი, შინაურების მიმართ ძალიან მკაცრი ხართ. მსმენია, რომ თავის დროზე დედაც კი მოხსენით სპექტაკლიდან რეპეტიციაზე დაგვიანების გამო.

– ასე არ ყოფილა. დაგვიანების გამო უბრალოდ რეპეტიციაზე არ შემოვუშვი.

– იმ შემთხვევის გამო თქვა ქალბატონმა მედიკომ, როგორც დედამ, შევუნდე, მაგრამ როგორც მსახიობმა, არაო?

– წინა დღეს ვთქვი, ხვალ არ დავინახო, რეპეტიციაზე ვინმემ ჩემ შემდეგ შემოაღოს კარი, თუ გინდათ, ნახევარი საათით გვიან დავიწყოთ რეპეტიცია, მაგრამ მე რომ შევალ, აღარავინ შემოხვიდეთ-მეთქი. მეორე დღეს რეპეტიციაზე ჩემი შესვლის მერე ააჩხაკუნა კარი მედიკომ, მაგრამ აღარ შემოვუშვი. მას თუ ეწყინა, მეც მეწყინა, რომ დაიგვიანა.

– თქვენს ყველა სპექტაკლში სიახლეა, არასოდეს ჩამორჩებით დროს. ამას როგორ ახერხებთ?

– მეც ჩამოვრჩენილვარ დროს. ყოველთვის ყველაფერი არასოდეს გამოდის. ოთხი-ხუთი სპექტაკლი თუ მაქვს ისეთი, რომლებიც მიახლოებულია იმასთან, რაც მინდოდა. ზოგი ისეთია, რომ ვუყურებ, თითქოს არა უშავს, მაგრამ რაღაც მაინც არ გამოვიდა.

– მტკივნეული პროცესია, როცა მსახიობს როლიდან ხსნით?

– თეატრში ყველაფერი ხდება. ხანდახან ავიყვან მსახიობს, მაგრამ რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს. ამის გამო მას როლიდან არასოდეს ვხსნი. ჩემს პრაქტიკაში მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, როცა ვიღაც როლიდან მოვხსენი. მე რომ მსახიობი ამყავს, ვალდებული ვარ, ბოლომდე ვეცადო, მისგან რაღაც გამოვიდეს.

– წარსულზე ხშირად ფიქრობთ?

– ყველანი წარსულისგან შევდგებით. გამოცდილება, ინტელექტი, ყველაფერი წარსულს ეხება. აწმყო წამიერია. მე და თქვენ რომ ერთმანეთს შევხვდით, ეს უკვე წარსული იქნება, როცა აქედან გახვალთ. ჩემზე რა წარმოდგენაც გაქვთ, ეს ყველაფერი ჩემი წარსულის დამსახურებაა.

– თქვენს წარსულში ტკივილი ჭარბობს თუ სიხარული?

– არ ვიცი. მშობლების დაკარგვა რომ მარჯვენა ხელის დაკარგვაა, ეს კარგად ვიცი, მაგრამ შენი წარსულით სხვები არ უნდა შეაწუხო. არ ვთხოვ სხვებს, რომ, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მათთვისაც ძვირფასი იყოს.

– ბავშვები ძალიან განიცდიან მშობლების გაშორებას. თქვენთვის რამდენად ადვილი გადასატანი აღმოჩნდა ეს ფაქტი მაშინ?

– მე რომ იმ ასაკში ვყოფილიყავი, როცა მათი გაშორება ნათლად დამამახსოვრდებოდა, შეიძლებოდა მაშინ უფრო განმეცადა. დედა და მამა ერთად არ მახსოვს. განვიცდიდი, მაგრამ ადამიანს ის უფრო უჭირს, როცა ახსოვს, რომ სხვანაირად იყო. ალბათ მათ ერთად ყოფნა გაუჭირდათ, თორემ ერთმანეთს ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ გაყრილები იყვნენ, ყოველთვის ცდილობდნენ, ჩემს თვალში ერთმანეთის ავტორიტეტი აემაღლებინათ. დედა მეუბნებოდა ხოლმე, როგორც გინდა, ისე გააკეთე, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ მამაშენის შვილი ხარ და დაფიქრდი, მამაშენის შვილს რამდენად მოგიხდებაო. ჩემი შვილი ხარო, არასოდეს უთქვამს.

– კოტე მახარაძე როგორ მიიღეთ თქვენს ცხოვრებაში?

– შეუძლებელი იყო, კოტე არ მიგეღო. უკვე დიდი ვიყავი, როცა მითხრა, თემურ, მამაშენის შვილს ეგ არ შეგეშალოს, არ დაგავიწყდეს, ვისი შვილი ხარო. არ მითხრათ, რომ ბევრი მამაკაცი იტყოდა ასეთ რამეს. ამ ყველაფრის შემდეგ როგორ არ ჩავთვალო, რომ ბედისგან განებივრებული ვარ?

– როცა თქვენს ცხოვრებაში დადგა განქორწინების აუცილებლობა, შვილების ფაქტორმა რა როლი ითამაშა?

– მაშინ ყველაზე მეტი სწორედ შვილებზე, ეკასა და თეონაზე ვიფიქრე. განქორწინება რთული პროცესია, მაგრამ ალბათ ჩავთვალე, რომ ეს გამოსავალი იყო. ეკასთვის უფრო რთულად გადასატანი გამოდგა, ვიდრე ჩემთვის ჩემი მშობლების გაშორება, რადგან ის უკვე მერვე წელში იყო. არ მეგონა, თუ ოდესმე ჩემს ცხოვრებაში ეს მოხდებოდა, მაგრამ მოხდა.