მწერალი მიხეილ ღანიშაშვილი საზოგადოებას პუტინის რეჟიმისგან დევნილი ჩეჩენი არტისტის, ლიზა უმაროვას დახმარებისკენ მოუწოდებს და წერს, რამხელა უსამართლობას წააწყდა ხელოვანი საქართველოში.
,,ლიზა უმაროვა ინგუშეთის სახალხო არტისტი, ცნობილი და პოპულარული ჩეჩენი საესტრადო მომღერალია. მისი სიმღერები, ძირითადად, ჩეჩნურ, კავკასიურ, ანტისაომარ, მშვიდობისა და ადამიანის უფლებების თემებს ეძღვნება. წლებია უკვე, რაც ლიზა, პოლიტიკური დევნის გამო, პუტინის რუსეთიდან ემიგრირებულია და ფინეთში ცხოვრობს.
ლიზა არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში, უყვარს ქართველი ხალხი, პატივს სცემს მის ისტორიას, კულტურას, სწავლობს და მღერის ქართულ სიმღერებს, პოპულარიზიაციას უწევს ქართულ მუსიკას და კულტურას ფინეთში. ლიზა ჯერ კიდევ პანდემიამდე გეგმავდა საქართველოში თავისი სოლო-კონცერტის გამართვას.
ახლა, როდესაც პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა, ლიზამ გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა და თავისი სანუკვარი და დიდი ხნის შემოქმედებითი მიზნის ხორცშესხმა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სამწუხაროდ, ოფიციალური თბილისი მის პერსონალურ ვიზიტს საკმაო სკანდალურად შეხვდა – აუხსნელი მიზეზებით ჯერ საზღვარზე შეაჩერეს და საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გადასაყვანიც კი გახდა, შემდეგ კი პირადი ნივთებიანი ჩანთა ჩამოართვეს და დღემდე არ უბრუნებენ.
ლიზა ძალიან განაწყენებულია ამ სკანდალის გამო, ის ჩივის და მოითხოვს მისი უფლებების დაცვას, პირადი ნივთების დაბრუნებას, კონცერტების გამართვის უფლების მიცემას. მაგრამ, სამწუხაროდ, უფინანსობის გამო, ადვოკატის დაქირავებასაც კი ვერ ახერხებს, რომ სასამართლოში თავი დაიცვას.
,,რუსები ჩვეულებრივ, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, გამოატარეს საზღვარზე, მე კი, პუტინის რუსეთიდან პოლიტიკური ნიშნით დევნილ ჩეჩენ მომღერალს, ფინეთის მოქალაქეს, ამხელა ბარიერებს მიქმნიან, რაც დიდ უსამართლობად მიმაჩნია და ამიტომ მინდა, რომ ვიბრძოლო საკუთარი უფლებების დასაცავად”, – ამბობს ლიზა და გამოთქვამს იმედს, რომ ქართველ ადვოკატთა შორის აუცილებლად მოიძებნება ისეთი პიროვნება, ვინც მატერიალური დაინტერესების გარეშე განახორციელებეს მის პროფესიულ დაცვას.
ჩემი ამ პოსტის მიზანი არის სოლიდარობის გამოხატვა უსამართლოდ დაჩაგრული ცნობილი ჩეჩენი მომღერლის, ლიზა უმაროვას, მიმართ და მოწოდება ქართველი ადვოკატებისადმი, რომ დაეხმარონ მას სასამართლოში თავისი ადამიანური და პროფესიული უფლებების დაცვაში.
ამიტომ ვთხოვ ჩემს ფრენდებს, ჟურნალისტებს და საინფორმაციო საშუალებებს , რომ დაინტერესედნენ ამ თემით, გააზიარონ ეს პოსტი, მიმართონ მათთთვის ნაცნობ ახლობელ ადვოკატებს და ყველანი ერთად გვერდით ამოვუდგეთ ჩეჩენ მომღერალს”, – დაწერა მიხეილ ღანიშაშვილმა.
