საბა საფარელი: ,,ჩემი ურთულესი გზის გამო შვილისგან შორს ვარ” – ქუჩის მუსიკოსის ტკივილი და სიხარული

საბა საფარელი: ,,ჩემი ურთულესი გზის გამო შვილისგან შორს ვარ" - ქუჩის მუსიკოსის ტკივილი და სიხარული,,სარკე”, ნანა კუკულავა

საბა საფარელი ქუჩის მუსიკოსია და მას საზოგადოება კარგად იცნობს. გიტარით ხელში ყველაზე ხშირად სიყვარულს უმღერის. ახალციხეში დაიბადა, შემოქმედებითი საქმიანობა დედაქალაქში გააგრძელა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ხეტიალს შეეშვა და ბუდე ქუთაისში დაიდო. ქუთაისის ქუჩებიდან უმღერის დანარჩენ საქართველოს, შვილს და საყვარელ ადამიანებს.

სიმღერის პარალელურად ხატავს, რამდენიმე გამოფენაც მოაწყო და შეუჩერებლად მუშაობს. ,,სარკესთან” თავის ცხოვრებაზე საუბრობს.

– საბა, გვიამბეთ როგორი იყო თქვენი ბავშვობა, იმ წლებიდან რა დაგამახსოვრდათ განსაკუთრებით.

– ჩემი ბავშვობა საქართველოს უმშვენიერეს კუთხეს, მესხეთს, უკავშირდება. დავიბადე 1985 წელს, ბევრი სირთულის მიუხედავად ჩემს მეხსიერებაში ნეგატივს მაინც ლამაზი ფრაგმენტები ჭარბობს. იქნებოდა ეს საკონცერტო ცხოვრება თუ სამხატვრო აქტივობები. არავის ვგავდი, არავინ მგავდა. არ მიზიდავდა სათამაშოები, ეზოში თამაში, მულტფილმის ყურება. 3 წლის ბავშვმა როიალი და დასარტყამი ინსტრუმენტები მოვითხოვე. ძირითადად ვუკრავდი და ვმღეროდი.

პროფესიით თეოლოგი ვარ, ამას გარდა მაქვს მუსიკალური განათლება, გავიარე კონდიტერისა და სტილისტის კურსებიც. შარშან კი ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირებისა და დიზაინის ფაკულტეტიც დავასრულე. ვასწავლიდი სამრევლო სკოლებში კატეხიზმოს წლების მანძილზე, ერთი პერიოდი ლექტორიც გახლდით, სპეც-ხატვას ვასწავლიდი საზოგადოებრივ კოლეჯში სტილისტების ჯგუფს. ძალიან დატვირთული ვარ, თორემ აუცილებლად ჩავაბარებდი ჟურნალისტიკაზეც.

საზოგადოების ნაწილმა დედაქალაქის ქუჩებში გიტარით გამოჩენამდე ჩემი ნახატებით გამიცნო, 2000-მდე პორტრეტის ავტორი ვარ. მათგან განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს სამი ტილო, ესენი გახლავთ “მტირალი ქალის პორტრეტი”, “მეტყველი დუმილი” და “იდუმალი ქალი”.

– თქვენს ძირითად საქმიანობად მაინც ქუჩის მუსიკოსობა რჩება, ალბათ ძირითად შემოსავლის წყაროდაც.

– მუსიკაში ბოლომდე ვიხარჯები, ეს გახლავთ ჩემი პროფესიაც, საქმეც და ცხოვრებაც. ბევრი ბრძოლა დამჭირდა, მხოლოდ მუსიკაში რომ ვყოფილიყავი, არ დავნებდი და ბედნიერი ვარ. მოვიკრიბე თავდაჯერებულობა, გამბედაობა და მთლიანად შევიგრძენი ადრენალინი.

– მოგვიყევით მშობლიური მხარის და ოჯახის წევრების შესახებ. რამდენად ხშირად სტუმრობთ მშობლიურ კუთხეს?

– ახალციხეში დავიბადე და გავიზარდე, იქ ვიცხოვრე, ვისწავლე და ვიშრომე 32 წელი. როდესაც ვფიქრობ, რა მომცა ამ ქალაქმა, პასუხია – ყველაფერი, რისი მოცემაც შეეძლო. არ მიფიქრია მშობლიური ქალაქის მიტოვებაზე, ეს თავისთავად მოხდა, რადგან მიმიწვიეს წამყვანად ტელევიზიაში. დედაქალაქში გადასვლისთანავე ყველამ გაიგო ჩემი არსებობის შესახებ, მაგრამ ეს არ მომხდარა რაიმე კონკურსში ან გადაცემაში მონაწილეობის შედეგად, არც სკანდალურად, არამედ დაუღალავი დაკვრით რუსთაველის 16 ნომერში. ჩემი ოჯახით ძალიან ამაყი ვარ. ბედნიერებაა, როდესაც ყველგან შეგიძლია ხმამაღლა თქვა, ვინ არიან შენი მშობლები, დედმამიშვილი და შვილი.

დედა პედაგოგია, ბაღში აღმზრდელად იმუშავა 39 წელი. თაობები აღზარდა. მუსიკალობას დედას ვუმადლი, ხატვის ნიჭსაც ასევე. სამწუხაროდ დედამ 10 წლის წინ სრულად დაკარგა მხედველობა, ამ უმძიმესი ფაქტის მერე მე აღარ ვხატავდი რაღაც პერიოდი, რადგან მუდამ დედა იყო ჩემი პირველი შემფასებელი.

გავიდა დრო და ეს დეპრესია ისევ ხატვით დავამარცხე, დავიწყე ინტენსიური ხატვა და ორ წელში 5 პერსონალური გამოფენა მოვაწყე, ყველა მათგანი წარმატებით, მაგრამ გამოვარჩევდი მეხუთე გამოფენას, ძვირფასი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იმ კუთხით, რომ დამთვალიერებელი ბევრი ქალაქიდან იყო ჩამობრძანებული

მამა ინჟინერი გახლავთ, ქვის ხელოსანი. ბევრი შენობა-ნაგებობა იწონებს თავს მისი ნახელავით ჩემს ქალაქში. სიამაყით მინდა ვთქვა, მესხეთ-ჯავახეთში ბევრი ეკლესია – მონასტრის აღდგენა-გამშვენებაში შეიტანა მამამ წვლილი უსასყიდლოდ. ჩემი სათნო მშობლების კეთილი საქმეები ძალიან მეხმარება ცხოვრებაში და მათ ძალიან ვემადლიერები ამის გამოც.

– საფარელი ალბათ ფსევდონიმია და ისევ და ისევ თქვენს მშობლიურ კუთხეს უკავშირდება.

– საფარის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ვარ. საოცარი სავანეა საფარა. საფარელი ჩემი ფსევდონიმია, მე მაისურაძე ვარ.

– რაზე ოცნებობდით, წლების წინ რას ფიქრობდით ქუჩის მუსიკოსობაზე?

– ზოგადად ბევრს ვფიქრობ და ვთვლი, რომ, როგორიც იბადები, ისეთი ხარ მერე მთელი ცხოვრება. ხელოვანად შობა შვებაა. მე იმთავითვე შემოქმედ ადამიანად დავიბადე, ამას მოწმობს ჩემი ბავშვობა, წლინახევრიდან ვმღერი და სულ ვიცოდი, ვინ ვიქნებოდი. ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ მუსიკას გავყვებოდი, მაგრამ ქუჩის მუსიკოსობაზე არ მიფიქრია, ეს ძალიან სპონტანურად მოხდა.

– პირველად როდის და რატომ იმღერეთ ქუჩაში და რა განცდა გქონდათ მაშინ?

– ეს იყო 2018 წლის ზაფხული. ყველაფერი ძალიან მარტივად და ლოგიკურად მოხდა და მე მადლიერი ვარ.

როგორი იყო საზოგადოების მხრიდან ქუჩის მუსიკოსებისადმი დამოკიდებულება ადრე და რა სიტუაციაა ამ დროისთვის?

– არ მომერიდება და ხმამაღლა ვიტყვი, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ქუჩის მუსიკისადმი დამოკიდებულება ყოფილიყო უკეთესი. მე ეს შევძელი და გამომივიდა. მე ამითაც ბედნიერი ვარ.

 – ცხოვრება სირთულეების გარეშე არ არსებობს. თქვენთვის მთავარ სიძნელედ რას მიიჩნევთ?

– სირთულეები მქონია, მაქვს და მექნება. ხელოვნებაში გადამქონდა და გადამაქვს დღესაც… ვინც მისმენს, იცის, რომ უმეტესად სევდიანია ჩემი რეპერტუარი. საინტერესო კი ისაა, რომ ყველასთვის პოზიტივთან ვარ გაიგივებული, ალბათ იმიტომ, რომ თბილი ვარ. ძირითადი სირთულე მაინც შვილისგან შორს ცხოვრებაა, მაგრამ ეს ეტაპია და არა – განაჩენი.

– სად არის თქვენი შვილი? გვიამბეთ მასზე და მის დედაზე.

– შიოსთან (ჩემს ერთადერთ ვაჟთან) ჩემი დამოკიდებულება განსაკუთრებულია. 8 წლის გახლავთ, მაგრამ რაიმეზე შენიშვნის მიცემა არ სჭირდება, იმდენად კარგად ზრდიან დედა და ბებია. შიო განსაკუთრებული ადამიანია. ჩემი გაზრდილია დაბადებიდან ოთხ წლამდე. დღეს ჩვენი ურთიერთობა ჩემი ურთულესი არჩევანის, ჩემი გზის გამო, რომელსაც ქუჩის მუსიკოსობა ჰქვია, ვეღარ არის ინტენსიური, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც იყო. ის ახალციხეში ცხოვრობს დედასთან ერთად, მე – ქუთაისში.

– ვის უმღერით ყველაზე ხშირად და რომელია თქვენი გამორჩეული სიმღერა?

– შვილს. ეს სიმღერა გახლავთ “ატმის ხეები”. მიუხედავად იმისა, რომ ათობით სიმღერა მაქვს ჩაწერილი და კლიპით სრულყოფილი, ჩემთვის ყველაზე წარმატებული სწორედ ეს სიმღერა გამოდგა.

 – ხშირად მღერით სიყვარულზე. ბოლოს როდის გიყვარდათ და როგორ განვითარდა მოვლენები?

– გეტყვით იმას, რომ ბედნიერი ვარ, დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ოჯახი 25 წლის ასაკში შევქმენი სიყვარულით ძალიან გაგიჟებულმა. ვეცდები, მეორედ მეტი სიმშვიდით შევიდე ქორწინებაში, თუ გადავდგი ნაბიჯი და თუ გადავწყვიტე.

– ამ ეტაპზე მუშაობთ თუ არა ახალ სიმღერაზე და ბოლოს რა ჩაწერეთ, რა გადაიღეთ?

– მე სულ ვმუშაობ, არასოდეს ვისვენებ, თუ დაიჯერებთ. მაქვს სიახლეები, რასაც ეტაპობრივად მოისმენს მსმენელი და მაყურებელი როგორც რადიო, ისე ტელეპრემიერებით. ახალი ნამუშევრებიდან ორ სიმღერას გამოვყოფდი, ერთის ავტორი ნიჭიერ შემსრულებელთან ერთად თავად გახლავართ, დავწერეთ მუსიკა და ამ სიმღერას მალე შევთავაზებთ მაყურებელს ტელეპრემიერით. მეორე სიმღერა კი გახლავთ უნიჭიერესი მუსიკოსის რეზო ბლიაძის, სწორედ ის ქმნის სიმღერებს ჯგუფისთვის “ქუჩის ფერები”, რისთვისაც მას ჯგუფის სახელით კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო.

– სხვადასხვა ქალაქში მღერით. სად გრძნობთ განსაკუთრებულ სითბოს მსმენელების მხრიდან?

– მე შევეშვი ხეტიალს და ბუდე ქუთაისში დავიდე. ეს ქალაქი ავირჩიე სახლად, აქ მსურს ვიცხოვრო, აქ ემღერება გულს. სისტემატურად მიწევს თბილისში ჩასვლა ტელეგადაცემებში და სტუდიურ ჩაწერებზე, მაგრამ ქუთაისი ჩემს ნავსაყუდელად იქცა. უსაზღვროა ჩემი სიყვარული და მადლიერება ამ ქალაქის, ქუთაისელების მიმართ. ქალაქს, ადგილს გაყვარებს ხალხი, ადამიანები და მე მუდამ ხმამაღლა ვამბობ: საუკეთესო ადამიანები ცხოვრობენ ქუთაისში!

– ბოლო პერიოდში ცვლილებები შეინიშნება თქვენს იმიჯში. ჯერ განუყრელი ქუდის გარეშე გამოჩნდით, ბოლო დროს წვერიც აღარ გაქვთ. სტილის ცვლილება რამ გამოიწვია, განწყობამ თუ სხვა მიზეზმა?

– საერთოდ მივესალმები ცვლილებებს, სიახლეებს და დინამიკას. შეუძლებელია იყო შემოქმედი ადამიანი და იყო სტატიკური. ბევრი რამ მიხდება და ერთ სტილზე არ გავჩერდები, ხელოვნებაშია მთელი ჩემი ძალაც, შარმიც და სიცოცხლეც.

– თქვენი გეგმების შესახებაც გვითხარით.

– მე პოპშემსრულებელი ვარ, მაგრამ გადავწყვიტე, მსმენელს ექსპერიმენტულად ორი სიმღერა სხვადასხვა ჟანრში შევთავაზო. ეს სექტემბერში გაჟღერდება და მჯერა წარმატებული იქნება.