გიგი ორაგველიძე: ,,ჩემი პროფესია დიდ სტრესთან არის დაკავშირებული, მუსიკა კი ჩემთვის განტვირთვაა” – მუსიკოსმა ექიმმა პირველი ალბომი გამოუშვა

გიგი ორაგველიძე: ,,ჩემი პროფესია დიდ სტრესთან არის დაკავშირებული, მუსიკა კი ჩემთვის განტვირთვაა" - მუსიკოსმა ექიმმა პირველი ალბომი გამოუშვა,,სარკე”, ავთო ჩიტიძე

ქართულ შოუბიზნესში კიდევ ერთი ნიჭიერი შემოქმედი გამოჩნდა სამედიცინო სფეროდან. ექიმ გიგი ორგაველიძეს მუსიკალურ სფეროში აქამდეც კარგად იცნობდნენ, საჯაროდ კი თავის კომპოზიციაზე „ჩემი გულის თქმა“ გადაღებული კლიპი მსმენელს პირველად რამდენიმე თვის წინ წარუდგინა საზოგაგადოებას, რასაც დიდი მოწონება მოჰყვა.

შემოქმედი ექიმი ამით არ გაჩერებულა  და სულ მალე პირველ კლიპს პირველი ალბომიც მოაყოლა. ახალგაზრდა მუსიკოსის პირველი ალბომი დღეს მსოფლიოს ყველა ინტერნეტპლატფორმაზეა. ალბომის სახელწოდებაა „საუნდ ოფ მაი ჰარტს“, სადაც შესულია 9 კომპოზიცია.

გიგი ორაგველიძე: ძალიან გახარებული ვარ ჩემი პირველი ნაბიჯებით. მუსიკა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ახლა საშუალება მომეცა, ჩემი შინაგანი სამყარო და ემოციები საზოგადოებისთვისაც დამენახებინა.

_ რა შეფასებები და გამოხმაურება მოჰყვა მუსიკალურ წრეში თქვენს ალბომს?

_ ძალიან პოზიტიური და სასიამოვნო გამოხმაურება მოჰყვა. დამიკავშირდნენ მომღერლები და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. დიდია მოთხოვნა, რომ ჩემს მუსიკალურ კომპოზიციებზე დაიწეროს სიმღერები. ისრაელიდან და დიდი  ბრიტანეთიდანაც მაქვს შემოთავაზება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა. სულ რამდენიმე დღეში გამოვა ჩემი პირველი ინგლისურენოვანი სინგლი. ეს იქნება პირველი სიმღერა, სადაც თავად ავმღედი.

_ვინ შეიძლება იმღეროს თქვენს კომპოზიციებზე?

_ სოფო ბედიამ უკვე ჩაწერა ერთი ჩემი სიმღერა. ჩვენი თანამემამულე რუსეთში, გელა გურალია მღერის ჩემს სიმღერას. ბევრი პროექტი მზადდება, სადაც შესაძლებელია, ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა იმღერონ ჩემს კომპოზიციებზე.

_ გიგი, ექიმები მუსიკალურ სფეროში იშვიათი არ არის. საიდან მოდის თქვენი ინტერესი მუსიკის მიმართ?

_ ექიმი ვარ, ვმუშაობ ლაური მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში. მუსიკის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ მაშინ მქონდა, როდესაც სიარულიც კი არ შემეძლო კარგად. განსაკუთრებით კლავიშანი ინსტრუმენტი მიზიდავდა. დამთავრებული მაქვს მუსიკალური შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით.

მუსიკა ჩემთვის ყველაფერია, მის გარეშე ცხოვრება უბრალოდ არ შემიძლია. ასეთი დამოკიდებულება დამსახურებაა ჩემი პირველი პედაგოგის, ლია ეგიბიას. დღეს თუ რამეს ვაკეთებ მუსიკაში, სწორედ ამ ქალბატონის წყალობით.

_ რატომ არ გაჰყევით მუსიკას პროფესიულად, რატომ აირჩიეთ ექიმობა?

_ ჩემს ექიმად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა აღმზრდელმა ბებიამ. თავადაც ჩართული იყო სამედიცინო სფეროში და ძალიან უნდოდა, მეც ეს სფერო ამერჩია. ოლღა ბებიასავით ამბობდა, ჩემი შვილიშვილი დოქტური უნდა გამოვიდესო. ეს გახდა მიზეზი, რის გამოც სამედიცინოზე ჩავაბარე. რა თქმა უნდა, შემდეგ ეს საქმე ისე შემიყვარდა, რომ დღეს თეთრი ხალათის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი.

_ რა არის მუსიკის წერისას თქვენი მუზა?

_ სულ შეყვარებული ვარ ყველაზე და ყველაფერზე. რაც მამა გავხდი, ჩემი შვილი ბევრი კომპოზიციის ინსპირაცია გამხდარა, მეუღლისთვისაც მიმიძღვნია მუსიკა. საერთოდ, მიყვარს ადამიანები და ურთიერთობები.