ნუნუ გაბუნია: ,,ვეღარ გავიგე, იმერული ყველი ჩვენია თუ ინდოეთიდან არის შემოტანილი”

ნუნუ გაბუნია: ,,ვეღარ გავიგე, იმერული ყველი ჩვენია თუ ინდოეთიდან არის შემოტანილი",,სარკე”

კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას გემრიელი ხელის ამბავი მის სამეგობროში ყველამ იცის. ის თითოეულ კერძს შემოქმედებასავით უდგება და იმპროვიზაციით ამზადებს. ,სარკე” სწორედ კომპოზიტორის იმპროვიზაციულ რეცეპტებს გთავაზობთ:

– ჩემი ლობიანები განსხვავებულია. ლობიოს ჩვეულებრივი ცომის ნაცვლად ბლინების ცომში ვახვევ.

– საფირმო კერძებიც გაქვთ. გაგვიმხელთ მათ რეცეპტებს?

– ყვავილოვანი კომბოსტოს ფხალს და სოკოს ტორტს გასწავლით. გავარჩევთ ერთ კილოგრამ ყვავილოვან კომბოსტოს, გავრეცხავთ და მარილწყალში მოვხარშავთ. შემდეგ გადავწურავთ და გავაციებთ. ცალკე დავნაყავთ ნიგოზს, ნიორს, წიწაკას და ზაფრანას. ნიგვზიან მასას ძმარს, წვრილად დაჭრილ ქინძს, ოხრახუშს და მარილს დავუმატებთ. შემდეგ მოხარშულ კომბოსტოში ავურევთ. ბოლოს შესაფერის ჭურჭელში გადავიტანთ და მოვაყრით წვრილად დაჭრილ ოხრახუშსა და ბროწეულის მარცვლებს.

სოკოს ტორტი კი ასე მზადდება: წვრილად დაჭრილ ერთ თავ ხახვს და ორ კბილ ნიორს მოვშუშავთ 100 გრამ კარაქში. დავამატებთ 150 გრამ სოკოს და სანამ სითხე არ ამოშრება, იქამდე ვშუშავთ. ჩავამატებთ 1 სუფრის კოვზ მარილს და პილპილს. შემდეგ 2 სუფრის კოვზ არაჟანში ჩავყრით 1 სუფრის კოვზ ფქვილს და სოკოს შევურევთ. 100 გრამ კარტოფილს რგოლებად დავჭრით.

ავიღებთ მრგვალ გამოსაცხობ ფორმას, წავუსვამთ კარაქს და კარტოფილის ნაწილს დავაფენთ. ზემოდან გადავუსვამთ კარაქს და მარილს მოვაყრით.

მომზადებულ სოკოს მასას გავყოფთ ორ ნაწილად. ერთი ნაწილი კარტოფილს გადავუსვათ. შემდეგ იგივე გავიმეოროთ – ჯერ კარტოფილი და მერე სოკო. ზემოდან კი ისევ კარაქწასმულ კარტოფილს მოვალაგებთ, რომელსაც მოვაყარით წიწაკას, მარილს, დავაფარებთ ფოლგას და შევდგამთ წინასწარ გახურებულ ღუმელში. კარტოფილის შეწითლებამდე იქ იდგმება. მაგიდასთან მივიტანოთ თბილი და მიტანის წინ მწვანილი მოვაყაროთ. ძალიან ლამაზი და გემრიელი გამოდის.

– როცა ახალგაზრდა ქალები ამბობენ, არ გვეხერხება სამზარეულოს საქმე, სადილების მზადებაო, რა რეაქცია გაქვთ?

– არ უნდათ და ამიტომ არ აკეთებენ. როცა შვილი გყავს, როცა ოჯახი გაქვს, ვალდებული ხარ, ეს საქმე იცოდე და თავს იწუხებდე!

– ეგზოტიკური დელიკატესები თუ გაინტერესებთ?

– არც ძაღლის ხორცი მაქვს ნაჭამი, არც გველის, არც ბაყაყის და ალბათ ვერც ვერასოდეს გავსინჯავ. მაიმუნის ტვინს ვერაფრით შევჭამ. ერთხელ დელეგაციით კუვეიტში ვიყავი. იქ გავსინჯე რაღაც კერძი, რომელიც მეორეჯერაც გადავიღე და ბოლოს ვიკითხე, რა იყო. ნეტა, არ მეკითხა! მითხრეს, რომ ცხვრის ტვინისგან გაკეთებული კერძი ვჭამე. მთელი ორი დღე ცუდად ვიყავი.

რომელი ქვეყნის სამზარეულო შეგიძლიათ გაუთანაბროთ ქართულს?

ინდური სამზარეულო ძალიან მომწონს, უგემრიელესი კერძები აქვთ. ამ ქვეყანაში სამჯერ ვარ ნამყოფი. იქ გავსინჯე ჩვენებური ნიგვზიანი საცივი, რომელშიც ხორცის ნაცვლად ჩვენი იმერული ყველის მსგავსი იყო ჩალაგებული. ვეღარ გავიგე, იმერული ყველი ჩვენია თუ იქიდანაა შემოტანილი. გაოგნებული ვიყავი, მეგრული საცივის მსგავსი ინდოეთში რომ აღმოვაჩინე. ინდოელებს არაჩვეულებრივი სუნელები აქვთ.

სწორედ ამ ქვეყანაში აღმოვაჩინე თონე, რომელშიც ზუსტად ისე აკრავდნენ შოთის პურებს, როგორც ჩვენთან. ისეთი ნამცხვრები ჰქონდათ, რომ…

ადრე “პირველ არხზე” ვმუშაობდი. ერთ დღეს მე, გოგი ცაბაძე და ბიძინა კვერნაძე დაღლილები გამოვედით გარეთ. ამ დროს მამია ხატელიშვილი მოვიდა და გვითხრა, მანქანაში დათვის ხორცი მაქვს, ნეტა, სადმე მისი შეწვა შეიძლებოდესო.

მე ტელევიზიასთან ახლოს ვცხოვრობ და ვუთხარი, ჩემთან ავიდეთ-მეთქი. მართალია, დათვის ხორცს მე არ შევჭამდი, მაგრამ ბიძინა და გოგი ძალიან დაინტერესდნენ. დედაჩემი ძალიან კარგი კულინარი იყო. ტელევიზიიდან სანამ წამოვიდოდით, დედას დავურეკე, მოვდივართ და რაღაცები გაამზადე-მეთქი. ზუსტად 20 წუთში ჩემი სტუმრებიანად სახლში მივედი. არ ვიცი, დედამ ასე მცირე დროში სუფრის გაშლა როგორ მოახერხა, მაგრამ ყველაფერი მზად დაგვახვედრა.

– დათვის ხორცი როგორი გამოვიდა?

– მე არ გამისინჯავს, მაგრამ ჩემ გარდა ყველას მოეწონა.