,,ამიტომაც ვარ მარტო” – წუნია ქალების ბედი – ,,ჩამოყალიბებული კაცის პოვნა ძნელია”

,,ამიტომაც ვარ მარტო" - წუნია ქალების ბედი - ,,ჩამოყალიბებული კაცის პოვნა ძნელია",,სარკე”, ნინია კახიძე

რატომ შეიძლება დარჩეს მომხიბლავი ქალი მარტოხელა, თუ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თაყვანისმცემლები არ აკლია? რა უშლის ხელს, დაწყებული ურთიერთობა განვითარდეს და საბოლოოდ ქორწინებით დაგვირგვინდეს? იქნებ ქალი ზოგჯერ ზედმეტად მომთხოვნი და პრეტენზიულია კაცის შეფასებისას? ერთი კი ფაქტია: ქალი ნამდვილ მამაკაცს ეძებს და თუ ეს “ნამდვილობა” რჩეულში ვერ იპოვა, მასთან ურთიერთობის გაგრძელება შეიძლება აღარ ისურვოს. ასე მოხდა ჩვენი რესპონდენტის, ეკას, ცხოვრებაში.

– პირადი ცხოვრება იმიტომ ვერ ააწყვეთ, რომ ვერავინ მოიწონეთ?

– პრეტენზიული ვარ მამაკაცის შეფასებისას, თუმცა გრძნობის მიმართ არც ისეთი შეუვალი ვყოფილვარ. ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მომწონდა სხვადასხვა ადამიანი, მაგრამ მათ იმედები და მოლოდინები გამიცრუეს.

ადრეულ ახალგაზრდობაში მხიბლავდა ერთი ბიჭი, კობა. ჩემ მიმართ გრძნობა ჰქონდა. რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს. ჩემი მშობლები შორიდან იცნობდნენ, მოსწონდათ. სერიოზული, გონიერი, ჭკვიანი, ყურადღებიანი, ზრდილი ახალგაზრდა იყო, პროფესიით მათემატიკოსს ლიტერატურა და ხელოვნება უყვარდა.

– თუ ერთმანეთი მოგწონდათ, ურთიერთობა რატომ ვეღარ განვითარდა?

– გონებაში რომ ვაფასებდი მის პიროვნებას, ნაკლს ვერ ვპოულობდი, თითქოს ყოველმხრივ მისაღები იყო. ურთიერთობა ნაბიჯ-ნაბიჯ ზომიერად ვითარდებოდა. რომ არ ყოფილიყო ერთი შემთხვევა, შესაძლოა ცოლადაც გავყოლოდი. იმ ამბავმა ყველაფერი შეცვალა.

– რა მოხდა ისეთი?

– კობას ახლო მეგობარი ჰყავდა, გაგა. გაგა უმამოდ გაიზარდა და უფრო ქუჩისკენ გახდა მიდრეკილი, ვიდრე წიგნებისკენ. კობა კი წიგნის ბიჭი იყო, სწავლა-განათლებისკენ ისწრაფოდა. უბანში გაგა ფარივით ედგა მეგობარს. კობამ გარდატეხის წლები ისე გამოიარა, ქუჩის ბიჭების მხრიდან ერთხელაც არ ჰქონია კონფლიქტი და ეს მაშინ, როცა ასეთი ტიპები კობასნაირებს აბუჩად იგდებდნენ, ჩაგრავდნენ. ეს თვითონ კობასგან ვიცოდი.

ის ამბავი მაშინ მოხდა, როცა ჩემი და კობას ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდა, ღრმავდებოდა. გაგას სერიოზული პრობლემა შეექმნა ვიღაც ტიპებთან. ძმაბიჭებთან ერთად მივიდა მათთან საქმის გასარჩევად თუ მოსარიგებლად, მაგრამ ისინი არ დაუხვდნენ.

ერთხელაც კობასთან ერთად მიდიოდა ქუჩაში და მოულოდნელად ის ტიპები შემოხვდნენ. სამნი იყვნენ, გაგა გვერდით გაიყვანეს და საქმის გარჩევა დაუწყეს. კობა ამ საქმეში ვერ ჩაერეოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა, განზე გადგა და ელოდებოდა, როდის მოათავებდნენ.

საქმე გართულდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მყუდრო უბანი იყო, არავინ ჩანდა. კობა ეცადა, სიტყვიერად დაეშოშმინებინა მოჩხუბრები, მაგრამ ახლოს ვერ მიეკარა. გაგამ დაუყვირა, გაგვეცალეო… ამანაც დაადო თავი შეშინებულმა და გაიქცა.

ამასობაში გაგა იმ სამმა ტიპმა გვარიანად მიბეგვა. ბოლოს, წაქცეულს და ღონემიხდილს, ადგომის თავიც აღარ ჰქონდა. ბიჭებმა მიწაზე გართხმული დატოვეს… როდის-როდის, კობამ მიიყვანა უფროსები და გაგა წამოიყვანეს. ასეთი ნაცემი რომ ნახა მეგობარი, კობა განცდებში ჩავარდა, ნანობდა, რომ მიატოვა. თქვა, იმიტომ წამოვედი, რომ დასახმარებლად მომეხმო ვინმე, ბიჭებს ვეძებდი, გაგას ძმაკაცებს, მაგრამ ადგილზე ვერავინ ვნახეო. ალბათ ასეც იყო, მაგრამ სინამდვილეში შეეშინდა, ისიც არ ეცემათ.

– თუ ჩხუბი არ იცოდა და ჩაერეოდა, რა თქმა უნდა, ისიც ნაცემი დარჩებოდა, უფროსების მიყვანა ჯობდა. გაგამ როგორ შეაფასა კობას საქციელი?

– გაგას უნდოდა, კობას თავი აერიდებინა ჩხუბისთვის. ჯერ ერთი, კობა იმ ამბავში არაფერ შუაში იყო, გარდა ამისა, ხელჩართული ჩხუბი არ ეხერხებოდა. გაგა ფიქრობდა, რომ კობა სწორად მოიქცა, აკი დაუყვირა კიდეც, გაგვეცალეო. გაგა იმ უთანასწორო ჩხუბის დროსაც კი მეგობარზე ფიქრობდა. კობა თვითონ ვერ პატიობდა თავს, რომ “ბრძოლის ველიდან” გაიქცა.

– ეს ამბავი კობამ მოგიყვათ?

– დეტალები იმიტომ მომიყვა, რომ სინანულში იყო და ჩემთან საუბარში ამის შემსუბუქებას ცდილობდა, შვებას ეძებდა, თუმცა…

– თქვენ ის დაადანაშაულეთ?

– ვერაფრით გადავხარშე, რომ განსაცდელის დროს მეგობარი ასე მიატოვა. გაგა მასავით არ მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში. კობამ კი ის გამხეცებულ ბიჭებს შეატოვა. რა გარანტია ჰქონდა, რომ ცოცხალი დახვდებოდა?

– კი, მაგრამ თვითონ, თავისი ძალებით როგორ დაეხმარებოდა?

– კი, ბატონო, გარეშე ძალები მოძებნა დასახმარებლად, მაგრამ მეგობარი მარტო როგორ დატოვა?! ეს აზრი მოსვენებას მიკარგავდა. ვფიქრობდი, რომ ასეთი ქმარი ცხოვრებაში არ გამომადგებოდა. თუ ქმარმა შენი დაცვა ვერ შეძლო, წინ ვერ გადაგეფარა, რიღას მაქნისია? გული ამიცრუვდა და კობასთან ურთიერთობა დავასრულე.

– დღესაც ასე ფიქრობთ, რომ კობა არასწორად მოიქცა?

– მის ნაცვლად რომ ყოფილიყო ჩემი ძმა, ბიძაშვილი ან თუნდაც შვილი, შესაძლოა გამემართლებინა. ბიჭს ჩხუბის უნარი არ ჰქონდა და მაშველი ძალის მოსაყვანად გაიქცა, ეს ლოგიკურია. შეყვარებულს კი ამ საქციელში პლუსს ვერ დავუწერდი. ვიცი, რომ კობას შეეშინდა, მას, პირველ რიგში, შიში ამოძრავებდა და მერე – დახმარების სურვილი. ლაჩარი კაცის ადგილი ჩემ გვერდით არ არის.

– მკაცრად და უკომპრომისოდ აფასებთ მის საქციელს. თქვენი ცხოვრების სხვა ეტაპზეც გეყოლებოდათ თაყვანისმცემლები. მათთან ურთიერთობა რატომ ვერ შედგა, ისინიც დაიწუნეთ?

– იყო ერთი სიმპათიური, ახოვანი, წარმოსადეგი ბიჭი, გუჯა. ჩვენ შორის გაცნობისთანავე გაჩნდა სიმპათია. მეუბნებოდა, ჩემი ოცნების ქალი ხარ, რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე ვიქნებიო.

სიმპათიის მიუხედავად, ჩემი გულის დაპყრობა იოლი არ იყო. გუჯა, ასე ვთქვათ, ნემსის ყუნწში ძვრებოდა, რომ ჩემი გული მოენადირებინა. ფეხქვეშ მეგებოდა, ყველა სურვილს მისრულებდა, სასწაულებს ახდენდა. ჩემი მეგობრები გაოცებულები და აღფრთოვანებულები იყვნენ მისით, მეუბნებოდნენ, ბედი გქონიაო.

ერთხელაც გუჯამ თავის ოჯახში დამპატიჟა დედის გასაცნობად, მამა არ ჰყავდა. ჩია ტანის, კეთილშობილი ქალი დამხვდა. აღარ იცოდა, რით ეცა პატივი, მეფერებოდა. იმ ქალზე იმდენად მიმივიდა გული, რომ არასდროს მითქვამს უარი მათთან სტუმრობაზე. გუჯას ვეუბნებოდი, საყვარელი დედიკო გყავს-მეთქი. მასაც უხაროდა.

ის ქალი შვილივით მიღებდა, თავს მევლებოდა. დედა მკაცრი მყავდა და შვილებს არასდროს მოგვფერებია, არ გვანებივრებდა, ამიტომ გუჯას დედისგან ეს სითბო ორმაგად ტკბილად მეღვრებოდა სულში, დანატრებულივით ვიყავი…

– თქვენი და გუჯას ურთიერთობა ქორწინებით რატომ არ დაგვირგვინდა?

– გუჯა მესაუბრებოდა ქორწინებაზე, გეგმებსაც სახავდა… არც მე ვიყავი წინააღმდეგი, არც ჩემი მშობლები. ერთ კვირადღეს მოულოდნელად მივადექი ოჯახში. მის ტერიტორიაზე მოვხვდი და ვიფიქრე, გავახარებ-მეთქი. მაშინ მობილურები არ იყო, რომ წინასწარ დამერეკა ქუჩიდან.

კარი შევაღე (ბოლომდე არ იყო დახურული), აჭრიალდა. უცებ მომესმა უხეშად ნათქვამი, ქალო, რით ვეღარ მოაღწიე, კუჭი გამიხმაო… გუჯას ხმა იყო. ყურს არ ვუჯერებდი, ვიფიქრე, ასე უხეშად და უტიფრად ვის მიმართავს-მეთქი… დივანზე იყო წამოწოლილი. რომ დამინახა, შეცბა, ელდანაკრავივით წამოხტა… ეცადა, დაბნეულობა განემუხტა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.

2-3 წუთში სადარბაზოში გამავალი კარიდან დედამისი შემოვიდა, პროდუქტებით სავსე პარკებს ძლივს მოათრევდა, ქოშინებდა. სადარბაზოში ლიფტი არ იყო, მეხუთე სართულზე ცხოვრობდნენ… მივვარდი, რომ მივშველებოდი.

,,მოიცა, შენ არა…” – მომვარდა გუჯა და პროდუქტები ხელიდან გამოგვგლიჯა. აშკარად დაბნეული იყო. დედამისმა უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, თვალებში ცრემლი ჰქონდა.

უცებ თავში დამიტრიალდა კადრი: მხართეძოზე წამოწოლილი დევივით “ვაჟკაცი”, პროდუქტებით დატვირთული გალეული დედა, ძლივძლივობით რომ მოათრევს კიბეებზე ბარგს და გუჯას მხრიდან უხეში საყვედური – ქალო, რით ვერ მოაღწიე, კუჭი გამიხმაო… იმ ქალის საცოდაობით მოვკვდი!

აბა, ასეთი კაცისგან რა ხეირი მელოდა? საკუთარ დედას არ ახარებდა და მე გამახარებდა? დედას არ ინდობდა და მე დამინდობდა?

გუჯას რომ დავშორდი, ახლობლებს გაუკვირდათ, ბიჭი გაღმერთებს და რატომ მიატოვეო. რომ გავყოლოდი, ოჯახში ან ისევე უტიფრად მომექცეოდა, როგორც დედამისს, ან მე ,,მადედოფლებდა” და დედამისს ორმაგად დაჩაგრავდა, უკვე ჩემ გამოც. ვერც ერთ ვარიანტს მივიღებდი და, საერთოდაც, ასეთი ვირი და მუტრუკი კაცი ჩემთვის სრულიად მიუღებელია.

ადრეც მქონდა ერთი შემთხვევა, ბიჭი დავიწუნე მამამისის უზრდელური ქცევის გამო და საქმროს მსგავს ქცევას როგორ ვაპატიებდი?

– მაგ შემთხვევაზეც გვესაუბრეთ.

– იმ ბიჭს გიო ერქვა. მშრომელი და კეთილი იყო, ბავშვობიდან ვუყვარდი. ხომ არის ხოლმე შემთხვევები, ბიჭის გრძნობას არ აფასებ, მისკენ გახედვაც არ გინდა, მაგრამ მერე თავისი სიკეთით და სიყვარულით ისე მოგათბობს, რომ ძალაუნებურად ყურადღებას მიგაქცევინებს.

კარგად ხატავდა, მისი ნამუშევრები გამოფენებზეც გაჰქონდათ. ერთხელაც გალერეაში მიმიწვია და მისი პედაგოგების თუ ნაცნობი მხატვრების ნამუშევრები დამათვალიერებინა (მისი გამოფენა არ ყოფილა). მესაუბრა მხატვრობაზე, ხელოვნებაზე. ძალიან მოვიხიბლე.

ამ შთაგონებით იმავე საღამოს სახლში მიმიწვია, ჩემს ნახატებსაც დაგათვალიერებინებ და მშობლებსაც გაგაცნობო. გვიანი არ იყო და წავყევი. კერძო სახლში ცხოვრობდა. ზედა სართულზე საცხოვრებელი იყო, ქვედა სართულზე კი სახელოსნო ჰქონდა მოწყობილი. შევედით თუ არა ეზოში, სახლიდან კაცის ხმა მოისმა, ქალს უშვერი სიტყვებით მიმართავდა, აგინებდა. გიომ მაშინვე სახელოსნოში ჩამიყვანა, მომიბოდიშა, წუთით დამტოვა და ზედა სართულზე ავარდა. კაცის გინება შეწყდა.

უკან დაბრუნებული გიო ეცადა, იუმორში გაეტარებინა, მამაჩემი მთვრალია და რაღაცას ახურებსო. უხერხულობა არ შევიმჩნიე, ნახატები დავათვალიერე და წასვლა გადავწყვიტე, მეჩქარება, ჩემები ინერვიულებენ-მეთქი.

გიომაც აღარ მოინდომა ჩემი შეჩერება და მშობლების გაცნობა მამის სიმთვრალის და უმსგავსო ქცევის გამო. წარმომიდგენია, მის გულში რა ბრაზი, შეურაცხყოფა და ტკივილი ტრიალებდა. გიოს გავუგე, შემეცოდა, მაგრამ მასთან ზედმეტ სიახლოვეს განვერიდე. კარგ ნაცნობებად დავრჩით.

ახლობლები მეუბნებოდნენ, გიო კარგი ბიჭია, რა მისი ბრალია, თუ მამამისი სიმთვრალეში პათოლოგი ხდებაო. ვეთანხმები, კარგი ბიჭი იყო, მაგრამ მათ ოჯახში ვერ შევიდოდი, ვერ გავიხარებდი. ცალკეც რომ გვეცხოვრა, რა გარანტია მქონდა, რომ ჩემი ქმარი დროთა განმავლობაში მამამისს არ დაემსგავსებოდა? რა გარანტია მქონდა, რომ ისევე არ მომექცეოდა, როგორც მამამისი ექცეოდა დედამისს?

– რთული სათქმელია, წინასწარ ვერ განსაზღვრავ… მას შემდეგ ალბათ ათეული წლები გავიდა. ნუთუ არ შეგხვდათ ჩამოყალიბებული მამაკაცი, რომელსაც ასეთ ნიუანსებს არ დაუწუნებდით?

– სწორედ რომ ჩამოყალიბებული კაცის პოვნაა ძნელი. ერთ ისტორიას გიამბობთ. კოტეს ახალგაზრდული წლებიდან ვუყვარდი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩემი სიმპათია კობასკენ იხრებოდა. მაშინ განზე გადგა და სიყვარულისთვის აღარ იბრძოლა. პატივი სცა ჩემს არჩევანს და ეს დასაფასებელია, თავი რომ არ მომაბეზრა. კობას რომ დავშორდი, კოტესკენ არც მაშინ გამიხედავს… ასე ვიყავით კარგახანს. როცა ჩემკენ ნაბიჯის გადმოდგმას ეცადა, უკვე გუჯას შეყვარებული ვიყავი.

კოტემ ჩემზე ხელი ჩაიქნია და ცოლად მოიყვანა გოგო, რომელსაც ის უყვარდა. მრავალი წელი ცხოვრობდნენ ერთად, შვილიც შეეძინათ და შვილიშვილიც. ბოლო წლებში კი ცოლს გაშორდა… ცოლ-შვილს თბილისის ბინა დაუტოვა, თვითონ კი სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, იქვე სამსახურიც ჰქონდა.

ბედმა კვლავ შეგვახვედრა ერთმანეთს და კოტეს ჩემ მიმართ თბილი გრძნობები გაეხსნა, რაღაც იმედებიც ჩაესახა. შესაძლოა, არც მე მეთქვა უარი ამ ასაკში პატარა სიხარულებზე (თუ სერიოზულ ურთიერთობაზე არა), მთავარია, მას არ შეშლოდა რაღაცები ჩემთან მიმართებით… მოკლედ, პანდემიამ აღარ გვაცალა. შინ მოხუცი მშობლები მყავს და მათ გამო თავს ვიკავებდი ზედმეტი შეხვედრებისგან.

კოვიდს მაინც ვერ ავცდით, ჯერ ჩემებს შეხვდათ, მერე მას და მისიანებს… გაწამაწიაში ვიყავით. საღამოობით მობილურით ვსაუბრობდით, გულს ვიოხებდით და ერთმანეთს ვანუგეშებდით. ამ ასაკში, თანაც ამ პანდემიის და საყოველთაო კრიზისის ჟამს რომელ რომანტიკაზე შეიძლება იოცნებო? სხვისი არ ვიცი და, პირადად მე ოცნების უნარი საერთოდაც დავკარგე… ისიც გვაკმაყოფილებდა, ერთმანეთს რომ ვამხნევებდით.

ოქტომბერში იყო ჩემი დაბადების დღე. ცხადია, არ აღმინიშნავს, ახლობლებმა თავი შეიკავეს სახლში მოსვლისგან გასაგები მიზეზის გამო. დამირეკა კოტემ, მომილოცა და მითხრა, მისთვის ჩემი ბინის ზუსტი მისამართი მეკარნახა. კორპუსი კი იცოდა, მაგრამ ზუსტი მისამართი სჭირდებოდა. აშკარა იყო, საჩუქრის გამოგზავნას გეგმავდა.

ვთხოვე, არ შეწუხებულიყო. მაინც დაიჟინა და მისამართი ჩავაწერინე. რა აღარ დამიტრიალდა თავში, ვიფიქრე, იქნებ რამე ორიგინალური საჩუქარი უნდა გამიკეთოს, იქნებ ნიშნობის ბეჭედსაც მიგზავნის, პანდემიის შესატყვისად ასე მოიფიქრა ჩემი დანიშვნა-მეთქი. დავთანხმდებოდი თუ არა, ეგ არ ვიცოდი, მაგრამ მაინც რაღაც მოლოდინი დამეუფლა.

რამდენიმე ხანში დამირეკა წუხილით და მობოდიშებით, საიუბილეო ტორტის გამოგზავნა მინდოდა ცნობილი საკონდიტროდან და ბოლო მომენტში უარი მივიღე, მითხრეს, მაგ უბანს (ანუ გარეუბანს) ჩვენი კურიერი ვერ მოემსახურებაო. ბრაზობდა საკონდიტროს მომსახურებაზე, ალბათ შორი მოეჩვენათ და დაეზარათო, მე მოგიტანდი, მაგრამ დილამდე ვმუშაობ და ვერ გავთავისუფლდებიო… ისეთი შეწუხებული იყო, მისი დაწყნარება და დაშოშმინება მომიწია, არა უშავს, ხდება-მეთქი.

ტელეფონი რომ გავთიშე, ბრაზი მომერია, ან ტორტს ვინ სთხოვდა, ან იმის გამოგზავნას. თავად დიეტაზე ვარ, ჩემს მშობლებსაც ვარიდებ ტკბილეულს… თუ მაინცდამაინც უნდოდა გამოგზავნა, თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა კაცმა ის ვერ მოახერხა, ვინმესთვის ეთხოვა ან ტაქსი გამოეძახებინა ამ საქმისთვის?! აბა, ასეთ კაცზე როგორ ვიფიქრო? მისი იმედი როგორ მქონდეს, როცა ელემენტარული რამ ვერ მოუგვარებია. აი, ამიტომაც ვარ მარტო.