,,კიდევ ფიქრობთ, რომ გაქვთ უფლება, კომენტარი არ გააკეთოთ?! თუ ფიქრობთ, დავიღლები, ცდებით!” – ანნა სააკაძე საქართველოში პატარა ონკოპაციენტების მძიმე მდგომარეობაზე

,,კიდევ ფიქრობთ, რომ გაქვთ უფლება, კომენტარი არ გააკეთოთ?! თუ ფიქრობთ, დავიღლები, ცდებით!" - ანნა სააკაძე საქართველოში პატარა ონკოპაციენტების მძიმე მდგომარეობაზე,,შემიძლია ყოველ კვირა მოგიძღვნათ პოსტი, სანამ არ შეიგნებთ, რომ კითხვებზე იგნორს უნდა შეეშვათ!” – ასე მიმართავს ანნა სააკაძე იაშვილის ბავშვთა ონკოჰემატოლოგიურ ცენტრს, სადაც ბავშვები უმძიმეს გზას გადიან და არა მარტო დაავადებასთან, სხვა ბევრ პრობლემასთან უწევთ გამკლავება. პრობლემების სია არის გრძელი და გაუგონარი.
,,ფიქრობთ, გაქვთ უფლება კომენტარი არ აკეთოთ, როცა ონკოდეპარტამენტი თავზე გენგრევათ? თქვენი მაქსიმუმი იმხელა გამოხმაურების შემდეგ ფილების დაგება ყოფილა. ბოლო-ბოლო ბავშვები თაგვებს მისალმებით რომ აღარ იცნობდნენ, იმისთვის?
გარეთ 2022 წელია და ევროპაში ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მართვის მიმართულებით ახალი მუღწევები ინერგება. საქართველოში იაშვილში ვდაობთ,  იმსახურებს თუ არა 4 წლის სიმსივნით დაავადებული ბავშვი კლინიკაში ჰიგიენურ გარემოს! თქვენ ფიქრობთ, რომ ბავშვთა ონკოლოგიური მიმართულებით სიმძიმეს ვერ ვიაზრებთ და 100%-იან გარანტიებს ვითხოვთ?
თქვენ რომ იცოდეთ, რამდენი მასალა მაქვს წაკითხული ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით, მიხვდებოდით,  რომ ადამიანობას ვითხოვთ და არა შეუძლებელს. მოვდივარ და გთხოვთ უახლესი თაობის სკანერს, რომელიც მკურნალობის პროცესში გამოიყენება და, მაგალითად, საფრანგეთში წავაწყდი ერთ-ერთ კლინიკაში? თუ მოვდივარ და გთხოვთ, რომ საჭირო რაოდენობის გამართული თერმომეტრი გქონდეთ!
ასაკის გათვალისწინებით სატურაციის საზომი გქონდეთ! თაგვები არ დარბოდნენ! რომ ქიმიის გვერდითი ეფექტები გვირილის ნაყენით და ,,კოკა-კოლით” არ იმართება!,
ლეიკოციტის ამწევი არსებობს ბუნებაში! ვცდილობთ, გაგაგებინოთ, რომ პალიატიური განყოფილება და რეანიმაცია ერთი და იგივე არ არის! პალატაში საჭიროა ზარი იმისთვის რომ მშობელს ,,გასძახე” არ დასჭირდეს ექიმის დასაძახებლად!.. ,,მოითმინე” 2022 წელს აღარ არსებობს!
მშობლებს ყოველდღიურად აწვეთებთ, რომ უნდა მოითმინოს, ეს ნორმაა და მე მილიონჯერ დაგიმტკიცებთ, რომ ქიმიის პროცესში ქრონიკულად პირგამომწვარი ბავშვები ნორმა არ არის! და თუ პროცესი სრულად არ ალაგდება, შემსუბუქება შესაძლებელია.
იმასაც გეტყვით, რომ გვერდითი ეფექტების მართვა მკურნალობის პროცესში პაციენტის უფლებაა და არა პრივილეგია. თქვენზე უფრო ვბრაზდები, თუ მშობელზე, ტანჯვა რომ ნორმა ჰგონიათ, არ ვიცი…
კლინიკაში, სადაც დედას 1 კვირა სკამზე უწევს ძილი, რადგან მისთვის საწოლი გათვალისწინებული არ არის! სადაც საკვები არ არის გათვალისწინებული!.. როცა მშივრებს თავიანთი შვილების საწოლებთან გული მისდით, ფიქრობენ, რომ ეს მათი ბრალია….
თქვენ იცით, რომ თქვენი პაციენტი იღებს ყველაზე დაბალი ხარისხის წამალს, თუ მშობელმა თავისი ნებით არ იყიდა ან არ გამოაგზავნინა. იცით, რომ საზღვარგარეთ წასული ბავშვისთვის თქვენ მიერ ჩატარებულ კვლევებს უმეტესად ძალა არ აქვს, იმიტომ, რომ თავი საქვეყნოდ უკვე მოვიჭერით ქიმიით გაძეძგილი ბავშვებით. იცით ეს და ფიქრობთ, რომ ამას კომენტარი არ სჭირდება?
პირდაპირი და ირიბი გაგებით, ჭერი რომ ჩამოიშალა ამ ბავშვების თავზე, არც ამას სჭირდება კომენტარი? ბავშვს ფანჯარა რომ თავზე ემხობა და ხან ჭერი, არც ამას? საქართველოში არის ერთადერთი ონკოპედიატრიული განყოფილება და ამბობთ, რომ მეტის საჭიროება არ არის! რომ იყოს მაღალი სტადარტების კლინიკა, არავინ გაიხიზნებოდა უცხოეთში და თქვენთანაც არ გაჩერდებოდნენ!
თქვენ მიეჩვიეთ ამ ბავშვების დიაგნოზებად დაყოფას და ამის მეტს არაფერს ამჩნევთ. ეცადეთ, მათში ჯერ დაინახოთ ბავშვები, მერე ,,ფორმა 100″-ები.
საზოგადოება, ვინც ამ პოსტს კითხულობთ, რომ გათავისუფლეთ სტიგმებისგან,  იქნებოდა უფრო მეტი პროტესტი და შედეგი… როცა ამ ბავშვებს ამჩნევთ, ხედავთ ონკოლოგიას, გამხდარ სხეულს, გაცვენილ თმებს, შეშინებულ თვალებს, ჩამომხმარ ხელებს და თავს იბრმავებთ, რადგან ამის ყურება რთულია და ჩვენ მივეჩვიეთ სიტყვა ,,კიბოს” ხსენებაზე ყურებზე ხელების აფარებას…
დაატანეთ თავს ძალა და აღიქვით ეს პატარა ადამიანები ბავშვებად – უბრალოდ ბავშვებად! საქანელაზე რომ ქანაობს, უყვარს ნაყინი, სიმღერა, ცეკვა, ხატვა… ამ ბავშვებზეა საუბარი და არა რაღაც სხვა განზომილების ქმნილებებზე! უბრალოდ ზოგჯერ ადამიანები ავად ხდებიან…
თქვენ გირჩევნიათ, სინათლის სისწრაფით აზიაროთ პოსტები, სადაც ამბობენ, რომ საქართველო ვითომდა პირველ ადგილზეა ონკოდიაგნოზის მქონე ბავშვების რიცხვით! ეს არის ტყუილი!! მაგრამ გირჩევნიათ, აზიაროთ ტყუილი, რადგან სიმართლე მოქმედებას ითხოვეს.
საქართველო არ არის პირველ ადგილზე ონკოდიაგნოზის მქონე ბავშვების რიცხვით. სტატისტიკა ყოველწლიურად საგანგაშოდ მზარდი არ არის, მაგრამ საქართველო იკავებს მოწინვე ადგილს ქვეყნების რიცხვში, სადაც ონკოდიაგნოზის ბავშვებს აქვთ ერთადერთი კლინიკა და დეპარტამენტი დაშლილი სისტემით, სადაც მათ ვერ მკურნალობენ თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით!  აიტაცეთ ეს თემა!
თქვენ გირჩევნიათ, აზიაროთ პოსტები, სადაც ბავშვებში ონკოდიაგნოზს პლანშეტებს დააბრალებთ! რეალურად კი არსებობს შანსი და არსებობს თეორია. მაგრამ ამერიკაშიც, კიბოს კვლევის ცენტში ვერ გეტყვიან ზუსტ პასუხს, საიდან ჩნდება კიბო ბავშვებში! ჩვენთან კი ერთადერთი სტატია, რომელიც ბავშვთა ონკოლოგზე იძებნება, დასათაურებულია ასე: ,,მოარიდეთ ბავშვები პლანშეტებს”…
საზოგადოება მიეჩვიეთ, არა, თქვენ მიგაჩვიეს საუბარს წაგებულ ბრძოლებზე და თუ როგორ მარცხდება ზოგი ბავშვი მკურნალობის გზაზე, რადგან ეს უმძიმესი დიაგნოზია… თქვენც თუთიყუშებივით იმეორებთ! მე გეტყვით ასე – ონკო დიაგნოზის მქონე ბავშვის დამარცხება სამყაროს ნებისმიერ განზომილებაში შეუძლებელია! განურჩევლად მისი დიაგნოზისა, თუ სიმძიმისა. გავა რემისიაში, თუ მოხდება რეციდივი, გამოჯანმრთელდება, თუ ვერ მოერევა დიაგნოზს,  განურჩევლად იმისა, რა მოხდება ხვალ. დიაგნოზის დადასტურების წამიდან ამ ბავშვის დამარცხება, რომელიც კლინიკის დერეფანში დაქრის ველოსიპედით, უკან კი გადასხმის სისტემა აქვს მობმული _ მისი დამარცხება შეუძლებელია!!! შეუძლებელია დამარცხდეს ბავშვი, რომელიც წევს ქიმიოთერაპიის გადასხმაზე, თან მღერის, თოვლის ბაბუას წერილს უწერს! წერს ვიდეოს, თამაშობს ექიმობანას, როცა ვენაში უშვებს წამალს, რომელიც დიდისთვისაც კი მძიმეა.
ვმარცხდებით ჩვენ – უფროსები! ვმარცხდებით ჩვენი გულგრილობით, ვმარცხდებით, როცა ვჩუმდებით, ვმარცხდებით, როცა ვფიქრობთ, რომ ეს პატარა ადამიანები არ იმსახურებენ უკეთესა და არ არის მოთხოვნა!
ვმარცხდებით ყოველ წამს, როცა თუთიყუშებივით ვიმეორებთ, რომ ეს მძიმე თემაა! ერთადერთი, რაც ამ ბავშვებს ამარცხეთ, სისტემაა… უფროსების მოგონილი სისტემა.
კიდევ ფიქრობთ, რომ გაქვთ უფლება, კომენტარი არ გააკეთოთ?
თუ ფიქრობთ, რომ ოდესმე დავიღლები, ძალიან ცდებით. მე ერთხელ უკვე დავიღალე და ისე ძლიერ, რომ ამაზე მეტად დაღლა ფიზიკურად შეუძლებელია. მე ყოველ ჯერზე რომელიმე ბავშვს მაგრად ვუჭერ ხელს და ზოგჯერ გაშვება მიწევს და ეს ჩემი არჩევანი არ არის. წლების წინ, როცა მე და პატარა ბიჭმა ჩვენს ოცნებებზე ნახატი დავხატეთ, მან პატარა ბიჭი დახატა ფონის გარეშე, სათამაშოებისა და მანქანები გარეშე. მერე კი მითხრა, რომ ნახატში გადასხმაზე მიბმული არ იყო და ეს იყო ზუსტად მისი ოცნება.
რამდენიმე თვის წინ მე და სხვა პატარა ბიჭმაც დავხატეთ ნახატი. ყველა ფერი გამოვიყენეთ, რომ ტკივილი გადაგვეფარა, მაგრამ მისი ტკივილი ვერ გადავფარე. არ არსებობს გამართული სერვისი ონკოდიაგნოზის მქონე პალიატიური საჭიროების ბავშვისთვის…
თქვენს შვილს შეუძლია გამოჯანმრთელდეს საქართველოში, თუ გექნებათ ასი ყური, ასი თვალი, აიმაღლებთ ცნობიერებას, დასვამთ ბევრ კითხვას და იბრძოლებთ პასუხებისთვის. წელში გაიმართებით და შეხვალთ ექიმის კაბინეტში და არ გამოხვალთ იქიდან, სანამ ყველა თქვენი კითხვა არ იქნება დაკმაყოფილებული. და თუ გეტყვიან, რომ თქვენი ზედმეტი აქტივობით ვიღაც გაბრაზდება, დააიგნორეთ და მიაწექით ბოლომდე!
იკითხეთ ყველაფერი უკეთესი ხარისხის წამლების შესახებ! ეს თქვენი უფლებაა!! და ჩვენც აუცილებლად დაგეხმარებით, უკეთესი ვარიანტი იპოვოთ, ოღონდ წამიერი ღიმილის მისაღებად არ გაჩუმდეთ!!!..
მინდა, საქართველოშიც ჰქონდეთ ონკოდიაგნოზის მქონე ბავშვებს ისეთი სერვისები, როგორიც საზღვარგარეთ! მინდა, საფრანგეთში ოჯახები დასასვენებლად დადიოდნენ და არა გადასახვეწად!  მინდა, ჩემს ქვეყანას მოსცილდეს ლაქა – ,,საქართველოში ონკოდიაგნოზის მქონე ბავშვი განწირულია”, რადგან ეს ლაქა მარტო თქვენ კი არა, ყველას გვედება..
ეს შესაძლებელია, თუ ამ ბავშვებს შეამჩნევთ. თქვენ უარს ამბობთ ხოლმე დიალოგზე რადგან თურმე ექსპერტის გარეშე სამედიცინო საკითხებზე მსჯელობა მართებული არ არის! რის ექსპერტს ველოდებით? ადამიანობის?
კლინიკაში მყოფი ბავშვებს უმეტესობას ექიმობა უნდა, უფრო ხშირად ქიმიოთერაპევტობა. რომ ეკითხები, რატომ, გპასუხობენ, რომ ყველა უნდა გადაარჩინონ. თამაშობენ თამაშს, სადაც ,,კაი ვენა” უნდა იპოვონ და წარმოდგენა არ აქვთ, რომ ხშირად უფროსები მათ ვერც კი ამჩნევენ…
მიეჩვიეთ, რომ გამწარებული მშობლების უმრავლესობა გედავებათ სუსტი არგუმენტებით, ზოგჯერ დაუფიქრებელი სიტყვებით, რასაც თქვენ ხელზე იხვევთ. მშობელი მაქსიმალისტიაა და ამას ბრალად ნუ უთვლით! მე ძალიან მშვიდად, ისე, რომ არც ერთ წინადადებაში არ გამოვიყენებ სიტყვებს, რასაც ხელზე იხვევთ,  დაგიმტკიცებთ, რომ უკეთესი შედეგები მიღწევადია და ჩვენ სხვა მეტი არაფერი გვინდა…
გთხოვთ ყველას, ეს იქნება პრესა თუ ტელევიზია, მოითხოვეთ კომენტარი და პასუხი, სანამ არ მიიღებთ!.. მოყევი შენი ამბავი”, – წერს ანნა სააკაძე.