ტრაგედიაგამოვლილი მამების შეხვედრა: ,,მტკივა, შვილო… ხომ დამიწერე, მზე გულში არ მოიკლაო…”

ტრაგედიაგამოვლილი მამების შეხვედრა: ,,მტკივა, შვილო... ხომ დამიწერე, მზე გულში არ მოიკლაო..."-მტკივა, შვილო…

-ხომ დამიწერე, მზე გულში არ მოიკლაო… – ამ სიტყვებით შეხვდა ერთმანეთს ორი ერთნაირი ბედის მქონე ადამიანი, ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე და პოეტი ტარიელ ხარხელაური. ისინი მონათესავე სულებად უდიდესმა ტკივილმა აქცია – ვაჟების გარდაცვალებამ. პოეტმა ნიკოლოზს მშობლიურ ერწოში უმასპინძლა.

ნიკოლოზ წულუკიძე: რომ დავიწყე ფიქრი, რითი დავიწყო, როგორ გავაგრძელო ტელევიზიაში ჩემი საქმიანობა-მეთქი, იმ წუთში მომინდა, თქვენთან ჩამოვსულიყავი. მაგალითი ხართ, რომ გააგრძელო ცხოვრება, საქმე, სიკეთე აკეთო, ეს ტკივილი ატარო მხრებში გაშლილმა და არ დაბეჩავდე… როცა ეს მოხდა ჩემს თავს, ლანა ღოღობერიძემ მომწერა წერილი და ბევრმა, მაგრამ თქვენი ლექსი…იქ ერთი ფრაზაა – ტკივილით მიწის მკბეჩელოო. უცებ ამ წინადადებამ ჩემს მდგომარეობას სახელი დაარქვა…ყველა წინადადება ჩემი ფიქრის გახმოვანება იყო…

ტარიელ ხარხელაური: ჩემი შვილის სურათი მაქვს, გადავიწერ პირჯვარს, როგორც ცოცხალთან მქონდა ურთიერთობა, ისევე მაქვს. მერე მივდივარ დასაძინებლად, ფიქრისთვის…წუთისოგელი არასოდეს გაძლევს ბედნიერების ხანგრძლივად ყოფნას. სიყვარულით უნდა შექმნა ბედნიერება, ბედნიერება ცალკე არ დგას, სიყვარულია საძირკველი, სიყვარულს უნდა დააშენო.

ბედნიერებას განსაზღვრავს შენი ცხოვრების წესი, შენი სწორად სიარული ყოველგვარი ჭეშმარიტებისკენ. ბედნიერება გაძარცვულია სიცოცხლის გარეშე, სიყვარულის გარეშე არ არსებობს. ბედნიერი ხარ, როცა ვიღაცას შვებას მისცემ…

ნიკოლოზ წულუკიძე: ჩვენს მდგომარეობაში შეიძლება კაცი ბედნიერი იყოს?

ტარიელ ხარხელაური: ჯერ გაგიჭირდება ამის განცდა, მაგრამ… ერთხელ ფილარმონიიდან რუსთაველისკენ მივდიოდი. გოგონა გამცდა, მოტრიალდება, გამომხედავს. ვკითხე, ხომ არაფერი გიჭირს-მეთქი. შეიძლება, მოვიდეო, გაკოცოო. გადამიწია პიჯაკის საყელო და გულზე მაკოცა. ეს იყო დიდი ბედნიერება. მე ყველაზე დიდი ჯილდო მაქვს მიღებული ამ ბავშვის სახით და მთელი საქართველოს სახით. შენც უზარმაზარი ჯილდო გაქვს, ჯერ შენ ეს არ გაგიზომია… შენ გაქვს უზარმაზარი სიყვარული.

ნიკოლოზ წულუკიძე: ამ მდგომარეობაში კაცს ხალხში ყოფნა უფრო ეხმარება თუ მარტობაა?

ტარიელ ხარხელაური: მარტოობა…ამ დროს ხელისშემშლელი არ მჭირდება. ამიტომაა, რომ სულ მარტო ვცხოვრობ… ჩემი შვილის საფლავზე 17 წელია, არ ვყოფილვარ. პირველ ღამესვე მოვიდა საშინელი წვიმა. მაშინ ასეთი ლექსი დავწერე: ,,…ხომ არ დამისველდი, შვილო, ხომ არ შეგაშინა წვიმამ”. აქედან დავიწყე პოეზიით შვილთან საუბარი…

ნიკოლოზ წულუკიძე: მადლობა უნდა გითხრათ, ჯანმრთელობა გისურვოთ…

ტარიელ ხარხელაური: ჩემთვის მნიშვნელოვანია, ისეთი დაგინახო, ბოლოს რომ გიყურე… რასაც შენ აკეთებ, ისიც პოეზიაა.