თეონა ცხომელიძე: ,,ჩემი ქმარი უკრაინელია, გენეტიკურად აქვს თავდადების უნარი, ბოლომდე იხარჯება, შიში არ იცის”

თეონა ცხომელიძე: ,,ჩემი ქმარი უკრაინელია, გენეტიკურად აქვს თავდადების უნარი, ბოლომდე იხარჯება, შიში არ იცის",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

გასული წლის აგვისტოში ტელეჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ “რუსთავი 2″ დატოვა და სოციალურ ქსელში საკმაოდ მძაფრი განცხადებაც გაავრცელა. წერდა, რომ, როცა ამ პროფესიაში ხარ, მართალი უნდა იყო მაყურებელთან, რესპონდენტებთან და საკუთარ თავთან, რის საშუალებასაც ,,რუსთავი 2″ აღარ აძლევდა.

თეონა ორი შვილის დედაა – 12 წლის დიმიტრი და 5 წლის კირა ჰყავს. მისი ქმარი ლადო გრუდკოა – ყოფილი მორაგბე, რომრლიც წარმოშობით უკრაინიდანაა, თუმცა საქართვეელოში დაიბადა და გაიზარდა. უკრაინასთან ნათესაური კავშირები არ აქვს, მაგრამ იქ მიმდინარე ომი თავისი ტრაგედიებით მათი ოჯახისთვის განსაკუთრებით მძიმეა.

18-წლიანი პროფესიული სტაჟის მქონე ჟურნალისტი ,,სარკესთან” თავისი ცხოვრების ახლანდელ ეტაპზე საუბრობს.

– თეონა, როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება ტელევიზიის გარეშე?

– ძალიან კარგად ვარ. ჩემი თავისთვის გამოვყავი ბევრი დრო – დავიწყე ვარჯიში, იოგა, ბევრს ვსეირნობ ფეხით ბავშვებთან ერთად თუ მათ გარეშე.

– ტელევიზიის გარეშე არ გიჭირთ?

– მეგონა, ტელევიზიის გარეშე ცხოვრება გამიჭირდებოდა, მაგრამ იმდენად მყარი იყო ჩემი გადაწყვეტილება და იმდენად სხვა გზა არ მქონდა… მე-7 თვეა, არც ერთი ქართული არხი ჩამირთავს და ყველაფერი დაბლოკილი მაქვს სოციალურ ქსელებშიც, რაც პოლიტიკას ეხება და არც მენატრება.

ერთადერთი, უკრაინის ომი რაც დაიწყო, გამიჩნდა დანაკლისის განცდა, რადგან ვიფიქრე, შემეძლო, რამე კარგი გამეკეთებინა, რომ მემუშავა ტელევიზიაში. ვფიქრობ, უკრაინიდან ინფორმაციას კარგად მივაწოდებდი საზოგადოებას… უცნაურია, 18 წელი ტელევიზიაში იმუშაო და მერე არ გენატრებოდეს, მაგრამ თურმე შეიძლება ასეც მოხდეს.

– ან ძალიან ნაწყენი ხართ, ან მართლა გაუსაძლისი სიტუაციაა ტელეკომპანიებში.

– დიახ, სამწუხაროდ, ისე დალაგდა დღეს საქართველოში მედია, რომ აუცილებლად რომელიღაცა პოლიტიკური პარტიის თამაში უნდა ითამაშო. თუ გინდა, უბრალოდ, აკეთო შენი საქმე, დღეს შენი ადგილი არსადაა. შეიძლება ვითომ-ვითომ თავი მოიტყუო ან სხვები მოატყუო, მაგრამ რეალობა ასეთია – ქართულ მედიაში ძალიან ცოტა ადგილია, სადაც შეიძლება თავისუფლად იყო. ვიცი, რომ დღეს ჩემი ადგილი არსადაა და, შესაბამისად, ამ თემაზე არც ვნერვიულობ, არც მცდელობა მაქვს ამ სფეროში მუშაობის დაწყებისა.

– ქართულ ტელეარხებში დიდი ხანია, შესამჩნევია ის სიტუაცია, რომელზეც თქვენ საუბრობთ. 18 წლის განმავლობაში მსგავსი განცდა არ გქონიათ?

– ასეთი პოლარიზებული მდგომარეობა, როგორიც ახლაა, ამ 18 წლის განმავლობაში არ მახსოვს. რა თქმა უნდა, მუდამ იყო პოლიტიკოსებისგან ცდუნება, რომ იქ რაღაც გავლენა მოეხდინათ და ზოგჯერ გამოსდიოდათ, ზოგჯერ – არა. მიმუშავია სამთავრობო არხზეც, ოპოზიციურზეც, ბადრი პატარკაციშვილის ,,იმედშიც” კი და ბევრი რამ მინახავს.

პატარა როდესაც ხარ და სწავლობ, იქ შენგან არ მოითხოვენ ისეთი რაღაცების გაკეთებას, რამაც შეიძლება დისკომფორტი შეგიქმნას. სწავლის პროცესში ხარ და სწავლობ ინტერვიუს აღებას, სიუჟეტის წერას… სხვა საქმეს კი დიდი ჟურნალისტები აკეთებენ. ამ სწავლის პროცესში დისკომფორტი არასოდეს მქონია და თითი არავის უქნევია ჩემთვის.

ახლა, ამ 18 წლის შემდეგ, ჩემზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა იყო, მეც უფრო მეტს ვთხოვდი ჩემს თავს და ჩემგან სხვებიც მეტს მოელოდნენ, სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. მივხვდი, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო იმის გაკეთება, რაც მე მიმაჩნია სწორად. თუმცა იქ მუშაობენ ადამიანები და მათზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, ყველას თავისი გზა აქვს.

ვიღაცას გარკვეული პოლიტიკური შეხედულებები აქვს, ვიღაცას ვიღაც მოსწონს, ვიღაცისთვის სულ ერთია, ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური თემა, რადგან აქვთ ვალები, იპოთეკური სესხები და შეიძლება ძალიანაც უნდოდეს, სამსახურიდან წამოვიდეს, მაგრამ ამის ფუფუნება არ აქვს. მე კი ასეთი პრობლემა არ მქონდა და ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.

ქმარ-შვილი კმაყოფილია თქვენი სახლში ყოფნით?

– მეუღლეც და ბავშვებიც ძალიან კმაყოფილები არიან, რადგან ბევრ დროს ვატარებ შინ. სულ სახლში ვზივარ-მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან უამრავი თავშესაქცევი რამ არის, რითიც შეიძლება დავკავდე, მაგრამ დრო, რომელსაც მათთან ერთად ვატარებ, უფრო მეტია და ამით ყველა ბედნიერი ვართ.

 – მეუღლე გყავთ უკრაინელი. კატასტროფა ტრიალებს ახლა მის წინაპართა სამშობლოში. ალლბათ ძალიან განიცდის.

– ჩემს მეუღლეს დედა ქართველი ჰყავს და მამა იყო უკრაინელი. ლადო თბილისშია დაბადებულ-გაზრდილი და იქ ნათესავები არ გვყავს, თუმცა უფრო მძაფრად განვიცდით, რაც იქ ხდება. ბავშვებმაც გააცნობიერეს, რომ მათ ეხებათ, რაც იქ ხდება და დიდ განცდებში არიან. ყოველდღე კითხულობენ, რა ხდება იქ, ხომ არ დამთავრდა ომი და ა.შ.

ჩემს მეუღლეს ვინც კი უკრაინული წარმოშობის ნათესავი ჰყავს, ყველა საქართველოშია, მაგრამ იქ ბევრი მეგობარი გვყავს და ძალიან განვიცდით. მიუხედავად იმისა, რომ იქ ნათესავები არ გვყავს, მაინც ხშირად დავდიოდით უკრაინაში.

– უკრაინული ენაც კი იცით…

– დიახ, ვიცი, რადგან პოლონურს ვსწავლობდი და პოლონურს ჰგავს ძალიან. ბოლო დროს ისე გავიწაფე, უკვე ჩვეულებრივად მესმის უკრაინული. აღმოჩნდა, რომ ვიცოდი.

– როგორია თქვენი სიყვარულისა და ოჯახის შექმნის ამბავი?

– მე და ლადომ ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გავიცანით. ლადო ყოფილი მორაგბეა და მაშინ აქტიურად თამაშობდა. მის თამაშებზე დავდიოდი და გადარეული ვიყავი. მალევე დავქორწინდით.

გიჟური სიყვარული იყო, რომელიც თანაცხოვრებასთან ერთად უფრო მყარი გახდა. ახლაც ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ეს ურთიერთობა განსაკუთრებით გამყარდა ბავშვების გაჩენასთან ერთად.

– რით მოგხიბლათ და გადაგრიათ?

სასაცილო იქნება, მაგრამ თავიდან იმით მოვიხიბლე, რომ ძალიან ჩუმი იყო. არ მიყვარს კაცები, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ და აქტიურები არიან, ამიტომაც მომეწონა. ჩუმი და მშვიდი იყო. თან მორაგბე იყო და ფანტასტიკურ ფორმაში იყო მაშინაც და ახლაც ინარჩუნებს ამ ფორმას. ამანაც ითამაშა თავისი როლი.

ახლა, როცა უკრაინის მოვლენებს ვუყურებ და პარალელს ვავლებ, ვხვდები, რომ გენეტიკურად აქვს თავდადების უნარი, ბოლომდე იხარჯება, შიში არ იცის და მაქსიმალურად შეუძლია, თავი ბოლომდე გაწიროს თამაშის დროსაც და ცხოვრებაშიც. მეგონა, რომ ეს მისი ინდივიდუალური თვისება იყო და ახლა აღმოვაჩინე, რომ ეს ყველაფერი მაინც მის ფესვებთან არის დაკავშირებული.

ორივეს გვაქვს ჩვენი პირადი სივრცე. ერთმანეთს ნერვებს არ ვუშლით, არ ვბოჭავთ. მასაც შეუძლია და მეც, რომ მეგობრებთან გავერთოთ და ეს არ არის მისთვის მიუღებელი. არ გვაქვს უაზრო ეჭვიანობის მომენტები. თავისუფლად ვაცხოვრებთ ერთმანეთს ყოველდღიური უაზრო პრობლემებისგან. არასოდეს მიგვიყენებია ერთმანეთისთვის შეურაცხყოფა და შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ სერიოზულად არც კი გვიჩხუბია.

ისევ ისეთი მშვიდი და გაწონასწორებულია, როგორიც გაცნობისას იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებზეც გადადის მისი სიმშვიდე, როდესაც სახლშია.

– როგორც მახსოვს, თქვენს ქმარს მაინცდამაინც არ სიმოვნებდა ტელევიზიაში თქვენი მუშაობა. ამის შესახებ ერთხელ “სარკესთან” აღნიშნეთ.

– ტელევიზიაში ჩემი განრიგი არ მოსწონდა. მისთვის ბევრს არ ნიშნავდა, რომ ცნობილი სახე ვიყავი. არასოდეს ჩარეულა ჩემს გადაწყვეტილებებში, მათ შორის მაშინაც, სამსახურიდან რომ მოვდიოდი. წინა დღეს გავუზიარე, რას ვაპირებდი. არასოდეს უთხოვია, წამოდი სამსახურიდანო.

– რა ჰობი გაქვთ, რით ილამაზებთ ცხოვრებას?

– ძალიან ბევრ დროს ვუთმობ ვარჯიშს. დღეში 2-3 საათი სპორტულ დარბაზში ვვარჯიშობ. აღმოვაჩინე იოგა და მედიტაცია, რამაც ძალიან მიშველა და დამეხმარა.

– როგორც ჩანს, მაინც განიცდიდით ტელევიზიიდან წამოსვლის ამბავს.

– რა თქმა უნდა, განვიცდიდი. ახლა ასე აღარ არის. როდესაც გიწევს, უარი თქვა შენს საყვარელ საქმეზე და არა იმიტომ, რომ გეზარება, არამედ იმიტომ, რომ აღარ გამოდის ისე, როგორც შენ გიხარია და იძულებითია ეს ნაბიჯი, რა თქმა უნდა, სტრესულია. რა თქმა უნდა, მენატრებოდა და განვიცდიდი. ახლა კი ეს გადალახული მაქვს.

ჩემს მეუღლეს ავტომანქანების ბიზნესი აქვს. მამაც მეხმარებოდა ფინანსურად ამ პერიოდში და, საბედნიეროდ, უმუშევრობა ჩემთვის უფულობას არ ნიშნავს.