,,გალაკტიონი ბედნიერი წავიდა ამქვეყნიდან, რადგან ზღვაში გაცურა…”

,,გალაკტიონი ბედნიერი წავიდა ამქვეყნიდან, რადგან ზღვაში გაცურა...",,სარკე”

,,ასეთი პოეტი საუკუნეში მხოლოდ ერთი იბადება” – ეს სიტყვები გაისმა 1920 წელს რუსთაველის თეატრში გალაკტიონის 15-წლიანი პოეტური მოღვაწეობის აღსანიშნავ საღამოზე. ხალხის სიყვარულით განებივრებულ პოეტების მეფეს თავზე ეკლის გვირგვინი ედგა. თავადაც გრძნობდა საკუთარ გამორჩეულობას და მის სულს სიმარტოვის შეგრძნება არ ტოვებდა.

ის არავის ჰგავდა, სრულიად სხვა სამყაროში ცხოვრობდა. წერდა: ,,ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილაჟვარდე”. თითქოს სწორედ ამ სილაჟვარდისკენ მიილტვოდა, როცა გამუდმებით სვამდა. ალბათ იმ საბედისწერო დღესაც ეგონა, ფანჯრიდან ლურჯ, ლივლივა ზღვაში ხელგაშლილი ეშვებოდა… ასე დაამთავრა სიცოცხლე 63 წლის წინ, 1959 წლის 17 მარტს. მაშინ 68 წლის იყო. პოეტების მეფეს საქართველოს ეკლესიამ ეს ცოდვა შეუნდო.

გალაკტიონს სიცოცხლის ბოლო წლებში, როდესაც მისი სულიერი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, ძმისშვილი პატრონობდა. პროფესორმა და ჟურნალისტმა, ნოდარ ტაბიძემ, ბიძას 7 წიგნი მიუძღვნა. ის ახლა თავადაც

იმიერ სამყაროშია, ჩვენ კი, საბედნიეროდ, გვაქვს მისი ნარკვევები, სტატიები, რომლებიც უამრავ რამეს გვიყვებიან პოეტების მეფეზე. თავისი წილი გალაკტიონი წლების წინ ბატონმა ნოდარმა ,,სარკესთანაც” გაიხსენა.

მუცელში დაობლებული

– გალაკტიონის მამა, ვასილ ტაბიძე, 23 წლის იყო, როდესაც ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. სიკვდილის დღეს სასთუმალთან ცოლი იხმო. უთხრა, წყალი მომიტანე, მგონი, ვკვდებიო. საცოდავ მაკრინეს ტირილით უთქვამს, შენ თუ არ იქნები, ერთი ბავშვიც მეყოფოდა, მეორე რაღად მინდოდაო. ვასილმა მეუღლის ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო. გახარებულმა მამამისს ღვინის მოტანა სთხოვა და თქვა, იმ პატარა ადამიანს გაუმარჯოს, რომელიც 7 თვის შემდეგ დაიბადებაო. ასე ადღეგრძელა არდაბადებული შვილი და გარდაიცვალა.

გალაკტიონს ერთი დედმამიშვილი ჰყავდა – მამაჩემი, პროკლე (აბესალომი), რომელიც მასზე წლინახევრით უფროსი იყო. ძმებს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მათი მიმოწერა წიგნადაც გამოვეცი. მამაჩემის მუდმივი დარდი ის იყო, რომ გალაკტიონი სვამდა. წერილებში გამუდმებით სთხოვდა, აღარ დაელია. ერთგან წერს: “ძმაო, აღარ დალიო და ახალ კოსტუმს გიყიდი”.

არშემდგარი სემინარისტი

– დაქვრივებულმა მაკრინემ ქუთაისში პატარა ბინა იქირავა და სოფელ ჭყვიშიდან შვილებით იქ გადასახლდა. ძმები სასკოლო ასაკის რომ გახდნენ, სასულიერო სასწავლებელში შეიყვანა. მისი დამთავრების შემდეგ გალაკტიონი თბილისში ჩამოვიდა. ახლანდელი ხელოვნების მუზეუმში სასულიერო სემინარია იყო განთავსებული და იქ დაიწყო სწავლა, მაგრამ სემინარიას ვერ შეეჩვია. ლექსებს წერდა და სწავლა არ აინტერესებდა. როგორც უნიჭო, მალე გარიცხეს. შემდეგ აღადგინეს, მაგრამ მაინც არ დაუმთავრებია.

1908 წელს მისი ლექსები პირველად დაიბეჭდა. პარალელურად რევოლუციურ ჟურნალს გამოსცემდა, რომელსაც “შუქი” ერქვა. იმ პერიოდს გალაკტიონი ასე იხსენებდა: “როდესაც ჩემი პირველი ლექსი დაიბეჭდა, ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა რაღაც ახალი. მე მეჩვენებოდა, რომ სადღაც გაიღო კარი და მე ვიწრო და ბნელი საკნიდან ამოვედი თავისუფალ ასპარეზზე. ყველგან, სადაც თვალი გასწვდებოდა, იყო მზე, მოძრაობა და სინათლე. ამ სულიერმა განწყობილებამ გასტანა მხოლოდ რამდენიმე დღეს. მე მოველოდი უფრო მეტს”.

მარადიული მარტოობა

– 13 წლის ვიყავი, როდესაც ბიძაჩემთან საცხოვრებლად გადავედი. თავისი ბავშვობის შესახებ იშვიათად მიყვებოდა. უფრო მეტად სკოლის ამხანაგებზე მიამბობდა. როცა მეგობრებს ახსენებდა, იქვე აღნიშნავდა, რომ მათ შორის თავად გამორჩეული იყო. საკუთარ თავს ყოველთვის ყველაფრის მეთაურად მოიაზრებდა. ეს მისთვის დამახასიათებელი თვისება იყო – ყველა ადამიანზე მაღლა იდგა! მეგობრები მხოლოდ ბავშვობაში ჰყავდა, დიდობაში კი არ ჰყოლია. ხალხს გაურბოდა და მათთან ყოველთვის უცნაურად იქცეოდა. 15 წელი ვიცხოვრეთ ერთად, მაგრამ იშვიათად მახსენდება, მასთან სტუმარი მოსულიყოს.

უდიდესი სანაცნობო წრე ჰყავდა, ქუჩაში ყველა ესალმებოდა, მაგრამ გახსნილი ურთიერთობა იშვიათად რომ ვინმესთან ჰქონოდა. მუდმივი სიმარტოვის განცდა არასოდეს ტოვებდა.

1912 წლით დათარიღებულ წერილში იოსებ გრიშაშვილს სწერდა: “იცი, საყვარელო სოსო, ამ ბოლო დროს რაღაც უჩინარი სენი მეპარება. საშინელი სენი მარტოობისა, ესეც ხომ თავისებური ავადმყოფობაა!.. აშკარად ვგრძნობ ჩემი სულის ობლობას, ჩემს უთვისტომობას, ჩემს მარტოობას. მე დღეს შესაძლებელია, ორასი ადამიანი ვნახო და დაველაპარაკო, შეიძლება გული გადავუხსნა კიდეც წუთის გავლენის ქვეშ და მაინც მარტო ვარ…”.

,,საქართველოში პირველი ვარ”

– გალაკტიონი საოცარი კაცი იყო, დიდზე დიდი პიროვნება და თან თავისებური. ხშირად სუბიექტური იყო და არავის სცნობდა. ამბობდა, ერთადერთი მე ვარო. მხოლოდ მეორეხარისხოვან პოეტებს სცნობდა. ერთხელ ისეთ ვინმეზე თქვა, ეს კარგი პოეტიაო, რომ სახეზე ღიმილი დამეტყო. მიხვდა, რატომაც გამეცინა და დააყოლა: ,,ნუ იცინი. სამაგიეროდ ის კაცი ნაღდი კომუნისტია”.

ჩვენს ეზოში კარგი პიროვნება, პოეტი კალე ბობოხიძე ცხოვრობდა. ერთხელ მე და ბიძაჩემი მასთან სტუმრად ვიყავით. უცებ გალაკტიონმა სიტყვა ითხოვა: ,,ახლა ნება მომეცით, დავლიო საქართველოში ყველაზე დიდი პოეტის კალე ბობოხიძის სადღეგრძელო!”. კალე სირცხვილისგან ლამის მოკვდა. “გალაკტიონ, რატომ დამცინი?” – უთხრა გაწითლებულმა. მან კი უპასუხა: “არ დაგცინი. ვინც მიხვდა, რომ საქართველოში პირველი ვარ, იგი ღირსია, რომ მსოფლიოში პირველი იყოს”. ასეთი ახსნა მოუძებნა თავის სადღეგრძელოს.

ნახტომი ზღვაში

– გალაკტიონის სიცოცხლის ბოლო 15 წელი მასთან ერთად გავატარე. მისი ერთადერთი პატრონი ვიყავი. გამუდმებით სვამდა, ცუდად ხდებოდა და მოვლა-პატრონობა უნდოდა.

ბევრს ჰგონია, გალაკტიონი იმიტომ სვამდა, რომ ცხოვრების, არსებული რეჟიმის ან პიროვნებების მიმართ ჰქონდა პროტესტი. ეს სიმართლე არ არის. მისი ერთადერთი უახლოესი ადამიანი ვიყავი და ჩემზე კარგად არავინ იცის მისი შინაგანი სამყარო. სმა მისი პიროვნული თავისებურება იყო. რამდენიმე წლის წინ წერილი აღმოვაჩინე, სადაც დედამისი თავის დას სწერს, ჩემს შვილს გაუფრთხილდი, სმას შეეჩვიაო. არადა მაშინ გალაკტიონი მხოლოდ 12 წლის იყო და დეიდასთან ვანში იმყოფებოდა.

ის პერიოდი, როცა გალაკტიონი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნოდა, საშინლად მახსენდება. დილიდან საღამომდე სვამდა. მეორე დილას ჩემს ოთახში შემოვარდებოდა, ნოდარ, მიშველე, ვკვდებიო. გავიქცეოდი, კონიაკს მივუტანდი და უცებ გამოკეთდებოდა. არ მომწონს, როცა მასზე ამბობენ, ბუნებით ლოთი იყოო, უბრალოდ ასეთი ორგანიზმი ჰქონდა – ალკოჰოლს მოითხოვდა.

ჩემთვის დალევა არასოდეს შემოუთავაზებია. სუფრასთან ერთად რომ ვისხედით, მასპინძელს ეტყოდა, ჩემს ნოდარს ლიმონათი მოართვითო. არადა მაშინ უკვე სტუდენტი ვიყავი, მათთან ერთად დალევა და ქეიფი მინდოდა. ბიძაჩემი ორი რამის გამო არ მასმევდა. ჯერ ერთი, იცოდა, სმა საშინელება იყო და ამისგან მიცავდა. ერთგან წერს, მგელს რომ პირში ღვინო ჩაასხა, ტურა გახდებაო. და მეორე, წინდახედულობას იჩენდა – მეც რომ დავმთვრალიყავი, მეორე სართულზე ვინღა აიყვანდა? იცოდა, რომ მისი ერთადერთი ,,აბჯართმტვირთველი” ვიყავი. ხშირად მიტირია, როცა ამხელა კაცი გაჭირვებით მარტოდმარტოს ამყავდა კიბეებზე.

ნამდვილი გენია იყო და ამ ნიჭს სიმთვრალეშიც არ კარგავდა. უგონოდ ნასვამი არასდროს მინახავს. რამდენიც უნდა დაელია, პოეტური ენერგია ყოველთვის მასთან იყო.

მისი დაღუპვაც შემთხვევითი არ ყოფილა. ის თავს არ მოიკლავდა. უბრალოდ ალკოჰოლისგან გაბრუებული გადახტა ფანჯრიდან. ალბათ იმ მომენტში ბინდი გადაეკრა. ხალათი გაიხადა, ორივე ხელი გაშალა და ისე გადაეშვა. ეგონა, მოლივლივე ზღვაში ხტებოდა. ამიტომაც ბედნიერი წავიდა ამქვყნიდან, რადგან ზღვაში გაცურა.

ბიძაჩემი როცა გაუთავებლად სვამდა, ამ დროს ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ ე.წ. სამკურნალო კომბინატში დამეწვინა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის გვერდით მდებარეობდა. კარგად მახსოვს მისი სიცოცხლის ბოლო დღეები. თავადაც დაიღალა სმით და აღარაფრის თავი ჰქონდა. შევეხვეწე, სამკურნალოდ გამომყოლოდა. მანქანა დავიქირავეთ. კომბინატს რომ მივუახლოვდით, გალაკტიონმა მძღოლს მანქანა არ გააჩერებინა და ვაკის სასაფლაოსკენ წავედით. იქვე დუქანში შევიდა და ისევ დალია. შემდეგ რუსთაველზე შემნახველ სალაროში წავედით, ფული გამოიტანა და ისევ დალია.

მეორე დღეს, 17 მარტს, ისევ შევუჩნდი, სამკურნალოდ წამოდი-მეთქი. როგორც იქნა, დავითანხმე. ნაცნობი ექიმი დაგვხვდა და უპრობლემოდ მიგვიღო. ამ დროს მწერალთა დელეგაცია გამოჩნდა. კომბინატში შალვა დადიანი გარდაცვლილა და უნდა გაესვენებინათ. მწერლებს მხოლოდ ირაკლი აბაშიძე გამოეყო, მეტი არავინ გაეკარა. ,,როგორ ბრძანდებით, ბატონო გალაკტიონ?” – მოიკითხა აბაშიძემ. მან უპასუხა: ,,გრიპი მაქვს, ძამიკო, გრიპი”.

ასე დავტოვე ბიძაჩემი კომბინატში და სახლში დავბრუნდი. რამდენიმე საათის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რა უბედურებაც მოხდა. თურმე ორჯერ შეაჩერეს, მესამედ კი მაინც მოახერხა ფანჯრიდან გადახტომა.

ამოუცნობი გალაკტიონი

– მარჯანიშვილის 4 ნომერში მდებარე სახლში, სადაც მე და ბიძაჩემი ერთად ვცხოვრობდით, დღეს სახლ-მუზეუმია. მისი გარდაცვალების შემდეგ იმ ბინაში კარგა ხანს ვცხოვრობდი. არქივის მოწესრიგება მთლიანად მე ვითავე. ყველა ნაწერი უწესრიგოდ ელაგა, თავსა და ბოლოს ვერ გაიგებდი. საერთოდ ასეთი უცნაურობა ახასიათებდა – კაბინეტში არავის უშვებდა. ორი გასაღებით კეტავდა და იქ ვერ შევდიოდი. თითქოს თავის ყველა სტრიქონს უფრთხილდებოდა და მათთან ახლოს გარეშე პირს არ უშვებდა.

არ ვიცი, ბიძაჩემი როდის წერდა. როცა თავის კაბინეტში შეიკეტებოდა, იმის იქით რა ხდებოდა, ვერ ვიგებდი. თავის ახალ ლექსებს არ მაკითხებდა. მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსოვს, როცა კაბინეტიდან ფურცლით ხელში გამოვიდა და იმ წუთებში დაწერილი სტრიქონები ხმამაღლა წამიკითხა. ამ ამბავს წინ ის უძღოდა, რომ მანამდე რაღაცაზე მსუბუქად წავიკამათეთ. ვუმტკიცებდი, ნასვამი ადამიანი ლექსს ვერ დაწერს-მეთქი. ამის საპასუხოდ კაბინეტში შევიდა და ლექსი დაწერა, თანაც რუსულად. რომ გამოვიდა, მითხრა, აი, ხომ არ გჯეროდა, რომ მთვრალები ლექსს წერენო.

ერთ ამბავს გავიხსენებ: ერთმა კაცმა დამირეკა, ბიძაშენი გამომცემლობის წინ არის და მიხედეო. ერთად დაულევიათ და როცა ცუდად გახდა, სახლში კი არ მოიყვანა, მე დამირეკა. მაშინვე მივედი და ვკითხე, ხომ კარგად ხარ-მეთქი. მან კი გვერდით მომისვა და გატაცებით ერთი ამბის მოყოლა დაიწყო: ,,ნოდარ, გაიგე, მწერალთა კავშირში რა მომხდარა? ღამის 10 საათზე სინათლე ჩამქრალა. შემდეგ მწერალთა კავშირის მდივანს ყურმილი აუღია და ელექტრიკოსთან საყვედურით დაურეკავს, რატომ ჩააქრეთ შუქი, ჩვენ აქ ვწერთ, ვმუშაობთ და ხელი გვეშლებაო. ელექტრიკოსს უპასუხია, რუსთაველის დროს სინათლე საერთოდ არ იყო, მაგრამ ,,ვეფხისტყაოსანი” დაწერაო”.

საყვარელი ქალები

– გალაკტიონს შვილი არ ჰყოლია, მიუხედავად იმისა, რომ მის ცხოვრებაში რამდენიმე ქალი იყო. ოფიციალური ქორწილი არც ერთთან გადაუხდია. მისი პირველი და ერთადერთი სიყვარული ოლია ოკუჯავა იყო.

ოლია 1913 წელს გაიცნო, როდესაც ის ქუთაისის ქალთა გიმნაზიის მოსწავლე იყო. ტიციან ტაბიძემ მასზე უთხრა, გენიალური თვალები აქვსო. ამბობენ, ხელი ჰქონდათ მოწერილიო, მაგრამ ეს სიმართლე არაა. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ამაზე მათი მიმოწერაც მეტყველებს. ჯერ კიდევ შეყვარებულობის დროს გალაკტიონი წერდა: ,,ოლოლ, თუ სალდათად წამიყვანეს, შენ გეწყინება, არა? მე მგონია, შენ ერთადერთი არსება ხარ მთელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩემი უბედურება გულს გატკენს”.

ოლია ოკუჯავა რომ დახვრიტეს, გალაკტიონი ნინა კვინიკაძეზე დაქორწინდა, თუმცა მანამდე მის ცხოვრებაში ერთი ქალი იყო. ოლიას ყირიმში ყოფნის დროს, სადაც ის 2 წლით იყო გადასახლებული, ბიძაჩემი ლიტველ ოლგა დარიუსთან ცხოვრობდა. არც ეს ყოფილა ოფიციალური ქორწინება, უბრალოდ მას ცოლს უწოდებდა, რადგან ქალი უვლიდა და პატრონობდა. გალაკტიონის გარდაცვალებიდან წლების გასვლის შემდეგ მას შემთხვევით შევხვდი.

მაშინ უკვე პროფესორი ვიყავი. ჩემთან ერთი ასპირანტი მოვიდა და მითხრა, თქვენი ბიცოლა გავიცანიო. ასპირანტს დავაბარე, რომ მისი ნახვა მინდოდა. მანაც მიმიღო. გაწყობილი სუფრით დამხვდა. მაგიდასთან ახლოს კი გალაკტიონის ფოტო ედო. თავიანთ ურთიერთობაზე ბევრი რამ მიამბო. ქმარი უყვარდა, მაგრამ მის უცნაურ ხასიათს ვერ გაუძლო. ამიტომაც გაშორდნენ.

გაცნობის ისტორიაც მომიყვა. ის ქალი მანამდე ცნობილი ქართველი მხატვრის მეუღლე ყოფილა და დაშორებულან. ერთ დღეს მარჯანიშვილის მოედანზე უნივერმაღში შესვლა სდომებია, მაგრამ უკვე კეტავდნენ და აღარ შეუშვეს. გალაკტიონი ამ დროს გამოჩენილა. მაღაზიის გამყიდველისთვის დაუყვირია, ეს ქალი ახლავე შეუშვითო. მართლაც შეუშვიათ. იქიდან გამოსულს გალაკტიონი გამოელაპარაკა. ასე გაიცნეს ერთმანეთი. სამწუხაროდ, იმ ქალის მისამართი დამეკარგა და კონტაქტი აღარ მქონია. არადა გალაკტიონზე კიდევ ბევრი რამ ექნებოდა მოსაყოლი.

ბიძაჩემის ბოლო მეუღლე ნინო კვინიკაძე იყო. ჩვენ, სამნი, ერთად ვცხოვრობდით. როცა გალაკტიონი სმას იწყებდა, ნინო საცხოვრებლად საკუთარ ბინაში მიდიოდა. ბოლომდე მაინც არ შორდებოდნენ. ის ძალიან კარგი ქალი იყო, ქმარს უვლიდა, მაგრამ მის გაუთავებელ სმას ვერ უძლებდა….

,,ბავშვობიდან ჩემი ყვავილებისადმი არაჩვეულებრივი სიყვარულის გრძნობა სავსებით კმაყოფილდებოდა იმ უამრავი ყვავილით, რომლებიც ახალგაზრდა ქალებს მოჰქონდათ ჩემთვის ჩემს საღამოებზე… ყვავილებით მორთული იყო ჩემი ბინა და მე, ახალგაზრდას, ძლიერი გრძნობით მიყვარდა სიცოცხლე. შემდეგში საშინელმა სიცოცხლის უფრო ღრმა ანალიზმაც ვერ მოსპეს სიყვარული ყვავილებისადმი.

სამოქალაქო ომის წლებში, შესაძლებელია, მე მშიერი ვიყავი, მაგრამ უკანასკნელი გროში უსათუოდ ყვავილებზე მიდიოდა. ჩემს ბინაში ყოველთვის იყო ყვავილები და ეს მმატებდა ენერგიას… ერთხელ, როდესაც ჟანდარმერია მოვიდა ჩემი ბინის გასაჩხრეკად, მისი ყურადღება მიიქცია ყვავილების სიმრავლემ. ბინის ასეთნაირმა ატმოსფერომ უთუოდ გავლენა მოახდინა მათზე, ერთგვარი გავლენა, რომ მე არ დამაპატიმრეს, მიუხედავად იმისა, რომ ყუთში იპოვეს რამდენიმე ცალი საეჭვო წიგნი”, – უთარიღო ჩანაწერი გალაკტიონის დღიურიდან.

ფოტოზე: გალაკტიონი და ვაჟა-ფშაველას მეუღლე თამარ დიდებაშვილი