დავით უფლისაშვილი: ,,მინახავს, დიდი მსახიობები ეპიზოდურ როლს კბილებით რომ ჩაეჭიდებოდნენ”

დავით უფლისაშვილი: ,,მინახავს, დიდი მსახიობები ეპიზოდურ როლს კბილებით რომ ჩაეჭიდებოდნენ",,სარკე”, ია ქუთათელაძე

რუსთაველის თეატრის მსახიობი დავით უფლისაშვილი ზესტაფონში დაიბადა. მშობლები მსახიობები ჰყავდა. ბიჭი ფაქტობრივად თეატრში გაიზარდა და არც არავის გაუკვირდა, როცა მსახიობის პროფესია აირჩია.

საოცნებო რუსთაველის თეატრში მოხვედრას უფლის წყალობად მიიჩნევს, გვარიც შესაფერისი აქვს – უფლისაშვილი. მესამე კურსზე იყო, როცა ქალბატონმა ნათელა არველაძემ რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილს შესთავაზა, “გვადი ბიგვაში” ბარდღუნიას როლზე აეყვანა. რეჟისორს ახალგაზრდა ყმაწვილი იმდენად მოეწონა, თეატრიდან აღარც გაუშვია. ასე გადადგა პირველი ნაბიჯები სცენაზე.

50 წელზე მეტი შემოქმედებითად მუდმივად დატვირთული იყო. ბევრი საინტერესო როლი თეატრში, იღებდნენ ქართულ-აზერბაიჯანულ და სომხურ ფილმებში, თანამშრომლობდა საქართველოს რადიოსა და ტელევიზიაში, გადაღებულია ქართულ სერიალებში. მრავალფეროვანი ბიოგრაფიის მიუხედავად, ცხოვრებაში ძალიან მოკრძალებულია.

“ქირურგი როცა ოპერაციას აკეთებს, უმცირესი უზუსტობის დაშვების უფლება არა აქვს, შეიძლება ადამიანი დაასახიჩროს ან მისი სიცოცხლე შეიწიროს. ასე ვართ ჩვენ, მსახიობები, მაყურებლის პირისპირ სცენაზე მდგომნი ვამბობთ ჩვენს სათქმელს, რომელიც სულს უნდა მიესალბუნოს, ამიტომ გვმართებს უდიდესი სიფრთხილე თითოეული სიტყვის წარმოთქმისას”, – ასე ფიქრობს დავით უფლისაშვილი, ამიტომ მის მიერ შესრულებული ყოველი როლი, დიდი თუ მცირე, ფიქრის პრიზმაში ათასჯერაა გატარებული და უდიდესი პროფესიონალიზმითაა განსახიერებული.

– ბატონო დავით, რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი? გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები სცენაზე.

– ზესტაფონში დავიბადე, უშანგი ჩხეიძის და სერგო ზაქარიაძის მშობლიურ რაიონში. როგორ შეიძლებოდა თეატრი არ მყვარებოდა? თან მშობლებიც მსახიობები მყავდა, ჯერ ჭიათურის თეატრში, შემდეგ ზესტაფონის სახალხო თეატრში თამაშობდნენ.

ბიძაჩემი, სტეფანე ჯაფარიძე, რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. სულ თეატრში ვიყავი, პიესებში როლებს მაძლევდნენ, ღონისძიებებზე ლექსებს ვკითხულობდი. უშანგი ჩხეიძის საიუბილეო საღამოზე დიდი განცდითა და რიხით წავიკითხე ლექსი. სტუმრებმა, რომელთა შორის იყვნენ ვერიკო ანჯაფარიძე, კოტე მახარაძე და სხვები, საქებარი სიტყვები არ დაიშურეს და გადაჭრით თქვეს, ეს ყმაწვილი მსახიობი უნდა გახდესო.

მესამეკურსელი ვიყავი, როცა მითხრეს, ბატონი მიშა თუმანიშვილი გიბარებს რუსთაველის თეატრშიო. ლამის გავფრინდი. აღმოჩნდა, რომ “გვადი ბიგვას” დგამდა და ბარდღუნიას როლზე ქალბატონმა ნათელა არველაძემ ურჩია, ერთი ზესტაფონელი ბიჭი გვყავს ინსტიტუტში და ის გასინჯეო. ასე გავხდი გენიალური ეროსი მანჯგალაძის უფროსი შვილი და შემდგომში მართლაც მამაშვილური ურთიერთობა გვქონდა.

შემდეგ იყო “ჭინჭრაქა”, რომელიც იმ პერიოდში არნახული პოპულარობით სარგებლობდა მაყურებლებში. ბატონმა კარლო საკანდელიძემ თავის მაგივრად შემიყვანა როლში. ასე დაიწყო და გაგრძელდა ჩემი მსახიობობა.

უამრავი როლი მერგო, ზოგი დიდი, ზოგი – პატარა, “მასოვკაშიც”  ვმდგარვარ და ეს არასდროს მითაკილია. ჩემთვის ერთნაირად საპასუხისმგებლო იყო მთავარი როლი და სცენაზე უსიტყვოდ გავლაც. მსახიობს მოთმინება აწრთობს, არ შეიძლება ამბიცია გქონდეს, რომ ყველაზე ნიჭიერი ხარ, აუცილებლად მთავარი და გამორჩეული როლები უნდა გერგოს. როგორ კარგადაც უნდა ითამაშო ერთი როლი, როცა მეორეზე იწყებ მუშაობას, ყველაფერი თავიდან იწყება. თითქოს ის, რაც მანამდე გააკეთე, არ ყოფილა.

მე მინახავს, დიდი მსახიობები ეპიზოდურ როლს კბილებით რომ ჩაეჭიდებოდნენ, მთელ ენერგიას ჩადებდნენ და სამწუთიან ეპიზოდს დაუვიწყარს ხდიდნენ. ეს არის ოსტატობა, ეს არის პროფესიის სიყვარული, ამით გამოირჩეოდა რუსთაველის თეატრი. უდიდესი ფიქრით, შრომით, რუდუნებით იძერწებოდა სახეები. ასეთები იყვნენ რეჟისორები, ასეთები იყვნენ მსახიობები.

– როცა თქვენ მიხვედით თეატრში, ქართველ მსახიობთა ოქროს თაობა დაგხვდათ, როგორი იყო მათი დამოკიდებულება ახალგაზრდა, დამწყები მსახიობისადმი?

– საოცარი სითბოთი, დიდი სიყვარულით ჩამიხუტეს და შემიტკბეს. საერთოდ, ცნობილი იყო – ბატონი მიშა თუ ვინმეს მიიყვანდა თეატრში, მის თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებდა და ბოლომდე პატრონობდა.

ბატონ მიშა თუმანიშვილს მეუღლე გარდაეცვალა, სამძიმარზე მივედით. ეს ის დრო იყო, როცა ბატონი კარლო საკანდელიძე თავის შემცვლელად მამზადებდა. გამიყვანა გვერდზე ბატონმა მიშამ და მკითხა, როლზე მუშაობა როგორ მიდისო. გავგიჟდი, ამ მძიმე ჟამსაც ჩემზე, ახალგაზრდა მსახიობსა და თეატრზე ფიქრობდა!

ბატონი კარლო საკანდელიძის ხელში გავიზარდე. რა დამავიწყებს მის ამაგს, როცა მის მაგივრად შევედი “ჭინჭრაქაში”, როგორ მიხსნიდა, მასწავლიდა როლს, გვერდიდან არ მშორდებოდა.

არ დამავიწყდება, როგორ მათამამებდა ბატონი ეროსი პატარა ბიჭს. თავისთან სახლში მპატიჟებდა და თავის თანამეინახედ მხდიდა. მეც ვთამამდებოდი, თეატრში ხომ მისი შვილი ბარდღუნია ვიყავი. მეგონა, ცხოვრებაშიც ასე იყო და მეამაყებოდა. ეს გენიოსი მსახიობები – რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე, ედიშერ მაღალაშვილი, გოგი გეგეჭკორი, მედეა ჩახავა ცხოვრებაში ძალიან უბრალო, მხიარული, სიკეთით სავსე ადამიანები იყვნენ. გვეფერებოდნენ, გვაქებდნენ, გვათამამებდნენ. მათთან ერთად სუფრასთან ყოფნა მუდმივი დღესასწაული იყო. მათი იუმორის გამგონეს ჭამა გვავიწყდებოდა, სიცილისგან დაოსებულები ვიყავით.

რომელი ერთი ჩამოვთვალო, მართლა უფლის წყალობაა, რომ მათ გვერდით ვიყავი, მოვესწარი მათ როლზე მუშაობას, სცენაზე დგომას, მათთან ერთად გასტროლებზე დავდიოდი. ჩემი თეატრის უდიდესი ტრიუმფის მომსწრე ვარ. მას შემდეგ ჩემს თავზე როგორ უნდა ვილაპარაკო. იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ ამ ისტორიის ნაწილის ნაწილი ვარ.

– ალბათ თქვენი თაობის  ყველა სტუდენტისთვის საოცნებო იყო რუსთაველის თეატრში მოხვედრა.

– ჩემს დროს ნამდვილად ასე იყო, ახლა რას ფიქრობენ, ვერ გეტყვით. როცა სტუდენტი ვიყავი, ჩემი პედაგოგი მალიკო მრევლიშვილი ყოველი კვირის დასაწყისში წინა კვირის ამბებს გამოგვკითხავდა, ვიყავით თუ არა თეატრში, რა სპექტაკლები ვნახეთ, რა შთაბეჭდილება დაგვრჩა.

ახლა ვერ ვამჩნევ სტუდენტებს თეატრში სიარულის ინტერესს, ბევრი მათგანი ისე ამთავრებს, რუსთაველის თეატრში, რომელიც იქვე,  გვერდზეა, გადმოსულიც არ არის. რომ ვიფიქროთ, ცხოვრება გაძვირდა და ბილეთის შეძენა არ შეუძლიათ, ტყუილია. ჩვენთან ყოველთვის არის საშუალება, აჩვენონ სტუდბილეთი და შემოვიდნენ. ახალგაზრდებს ბევრ შეღავათს უკეთებენ, მთავარი მონდომება და ინტერესია.

კიდევ რაზე მწყდება გული, იცით? იმ დროს, როცა ერთი რადიო და ტელევიზია არსებობდა, კულტურას, ხელოვნებას საკმაოდ დიდი დრო ეთმობოდა. მზადდებოდა რადიოდადგმები, სატელევიზიო სპექტაკლები, იყო თეატრებიდან სპექტაკლის ტრანსლაცია. ამას ისმენდა, უყურებდა საზოგადოება, მოხუცები, დიასახლისები, ბავშვები. სპეციალურად საბავშვო სპექტაკლები კეთდებოდა. ქართველი პოეტების ლექსებს კითხულობდნენ დიდი მსახიობები. მეც ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა ზემოთ ჩამოთვლილ დადგმებში, წამიკითხავს ლექსები, გამიხმოვანებია გმირები. ეს ძალიან დადებითად აისახებოდა მოსახლეობის გემოვნებაზე. ახლა მსგავსი არაფერი კეთდება, რაც ძალიან სამწუხაროა.

– რუსთაველის სახელმწიფო თეატრს ეროვნული თეატრის სახელი მიენიჭა, ამ წოდებამ თუ შეცვალა მსახიობების მდგომარეობა, თუნდაც ანაზღაურების მხრივ?

– ამ წოდებისთვის თაობები იბრძოდნენ, როგორ ოცნებობდნენ ჩვენი წინა, მართლაც ოქროს ხანის მსახიობები, რომ ეროვნული გამხდარიყო რუსთველის თეატრი. წლები შეალია ბატონმა რობიკო სტურუამ ამის მიღწევას. აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ, მსახიობები, არ ვართ ის ხალხი, პრეტენზიები რომ წამოვაყენოთ. რა დროს პრეტენზიებია, როცა ამდენი გაჭირვებაა ქვეყანაში, როცა ტერიტორიების ოცი პროცენტი ოკუპირებულია, იძულებით გამოსახლებული ხალხი გვყავს, მაგრამ მაინც გული გვწყდება, რომ სულ ცოტათი შეიძლებოდა ჩვენი დაფასება, როგორც ეროვნული თეატრის მსახიობების.

მე კარგა ხანს მომიწია კომუნისტურ ხანაში ცხოვრება, სასაცილო ხელფასი მქონდა მაშინ – 65 მანეთი, ამიტომ რასაც შემომთავაზებდნენ, ყველაფერს ვაკეთებდი – ფილმებს ვახმოვანებდი, ტელევიზიაში, რადიოში ვმუშაობდი და დაახლოებით 200-220 მანეთს ვუყრიდი თავს. მაშინ ამ თანხით ცხოვრება შეიძლებოდა.

ჩვენ სხვა შეღავათები გვქონდა. ნაქირავებში მცხოვრებს თეატრმა მომცა ოთახნახევრიანი ბინა, სადაც დღემდე ვცხოვრობ. მანქანის შეძენა შეგვეძლო თავის ფასში. თეატრს ჰქონდა გარკვეული ლიმიტები. ვიცი, რომ ედუარდ შევარდნაძე თათბირებზე ხშირად ახსენებდა მთავრობის წევრებს, თეატრში იარეთო. რაც მთავარია, დაფასება, ხალხის სიყვარული და პატივსცემა გვქონდა. მსახიობები ადამიანებს ხშირად უამრავ პრობლემას უგვარებდნენ, ჩინოსნებთან მიჰყვებოდნენ და თავიანთ ავტორიტეტს იყენებდნენ.

ეროვნული წოდების გამო ხელფასების გაზრდა კი არა, მოხდა ისე, რომ პროფესიული თეატრები სახალხო თეატრებს გაუთანაბრეს. ჩემი დიდი პატივისცემა სახალხო თეატრებს, მათ მსახიობებს, მაგრამ,  ვფიქრობ, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა.

– რუსთველის თეატრის ტრიუმფული გასტროლებიდან რაიმე მოგონება გაგვიზიარეთ.

– მახსენდება გასტროლები ლონდონში, შექსპირის ფესტივალზე, სადაც “რიჩარდი” გვქონდა წაღებული. იმ დროს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით და რუსებად მოგვიხსენიებდნენ. ვერც წარმოედგინათ, რუსებს როგორ უნდა ამოეხსნათ შექსპირის გმირების ხასიათი.

გასუსულ დარბაზში ჯერ ბატონი რამაზის და ნანა ფაჩუაშვილის ცნობილი სცენის დროს, რომელიც კუბოსთან ხდებოდა, ატყდა ტაშისცემა. შემდეგ ეს ტაში გაგრძელდა რიჩარდისა და მისი დედის შეხვედრის დროს. ფინალურ სცენის დროს კი ისეთი ოვაცია დაიწყო, დარბაზი ზანზარებდა. ფეხზე ამდგარი მაყურებელი დაუსრულებლად უკრავდა ტაშს. საიდან გაჩნდა ამდენი ყვავილი, წარმოდგენა არ მაქვს, მთელი სცენა ყვავილებით დაიფარა.

უცხოეთში გასტროლების დროს ყოველდღიურ თანხას გვაძლევდნენ, დოლარებს, რა თქმა უნდა. ერთ-ერთი გასტროლის დროს ჩემი კუთვნილი თანხა მთლიანად დავხარჯე, თურმე რაღაც ნაწილი უნდა ჩამოგვეტანა და ჩაგვებარებინა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში აღმოვჩნდებოდი? ერთი კაპიკიც არ მქონდა, არც სხვებს აღმოაჩნდათ ზედმეტი თანხა. ბატონმა თემურ ჩხეიძემ, ჩემმა უსაყვარლესმა ადამიანმა და დიდმა რეჟისორმა, გადაიხადა ჩემ მაგივრად ეს ფული.

– პანდემიის სრული ლოქდაუნის დროს ბატონმა რობერტ სტურუამ დადგა ბეკეტის “თამაშის დასასრული” მაყურებლის გარეშე, სადაც თქვენ ითამაშეთ მთავარი გმირი. ამ ახალ ნამუშევარზეც გვიამბეთ.

– ბეკეტი ძალიან რთული ავტორია, ძნელია მისი დადგმა. რობიკომ მთელი თავისი ცოდნა, ენერგია ჩააქსოვა, ყველა წვრილმანი, ყველა მიზანსცენა გაიაზრა, რომ იტყვიან, საკუთარი ხელით გვატარა მთელი რეპეტიციები, სანამ ზუსტად არ აღვიქვით, რისი თქმა უნდოდა.

ეს არის წუხილი, უფრო სწორად, ძახილი ყელში ჩამხრჩვალი სიტყვების ხრიალით. ბრმის თვალთახედვით, ყრუს სმენადობით, რომ სამყაროს დასასრული აქ არის, ჩვენ გვერდით. იგი რეალურია, ლამის ხელშესახები, მაგრამ ჩვენ ბრმები ვართ, დავყრუვდით, დავმუნჯდით, მივყვებით დინებას და არ ვიბრძვით გადარჩენისთვის.

ეს არის სასტიკი პიესა, თანამედროვე ტრაგედია. პიესის გმირები ერთმანეთზე გადაჯაჭვულები არიან, მაგრამ მათ შორის არ არის სიყვარულის ნამსხვრევიც კი, სითბოს ერთი წვეთი. სიცივე, გულგრილობა და შეუბრალებლობა არის მათი ურთიერთობის დამაკავშირებელი. სიძულვილი გამეფებულა ირგვლივ, სიძულვილი, რომელიც გავიწყებს მშობლებს. არ გინდა შვილი, არ ფიქრობ მომავალზე, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის უსასრულო თამაში და ეს თამაში უნდა დასრულდეს.

ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ, ამას ჩემი გმირი არ გირჩევთ, მაგრამ მისი ცხოვრების, მისი ვაგლახი სიცოცხლის ყურება, მისი ბოღმიანი ნააზრევის მოსმენა შეგძრავს მთლიანად და ამ სურვილს ბადებს. ადამიანებო, მოვუფრთხილდეთ სამყაროს, დავასრულოთ სახიფათო თამაშები.

– ბატონო დავით, როგორია მსახიობის ოჯახური ცხოვრება?

– რასაც მივაღწიე, რაც ვარ და როგორც ვიცხოვრე, ამაში ყველაზე დიდი წვლილი ჩემს მეუღლეს მიუძღვის. არც კი ვიცი, რა მეშველდებოდა მის გარეშე. ის მუსიკოსია. ახალგაზრდებმა გავიცანით ერთმანეთი, შეგვიყვარდა და დავქორწინდით.

არ მოვყვები გულისამაჩუყებელ ისტორიებს, როგორ გავიარეთ დიდი გზა ერთად. ყველაფერში გვერდით მედგა, ისიც არ ვიცი, ჩემი მწირი ხელფასით როგორ ახერხებდა, რომ ოჯახი გვქონოდა. შვილს ვზრდიდით, სტუმარს ვმასპინძლობდით, მტერ-მოყვარე გვყავდა. კაცს თუ ქალი ზურგს უმაგრებს, ვერაფერი მოერევა, ოჯახის სიმყარე ქალზეა. მადლობელი ვარ ჩემი მეუღლის განვლილი წლებისთვის, ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის.

ერთი ვაჟი გვყავს, ოჯახით ამერიკაში ცხოვრობს. ცხოვრების სიდუხჭირემ გადააწყვეტინა ასე შორს წასვლა. თანამედროვე ტექნოლოგიები გვიმსუბუქებს მონატრებას. ყოველ საღამოს ვეფერები ჩემს შვილიშვილს, ისიც მეუბნება, ბაბუ, მიყვარხარო და ეს ორი სიტყვა მყოფნის ბედნიერებისთვის.

ასე გადის ერთი უბრალო მსახიობის ცხოვრება. იმედი მაქვს, კიდევ შევძლებ, ჩემს სათაყვანო თეატრში ახალი სახეები შევქმნა და მაყურებელი გავახარო.