ანნა იმედაშვილი ტარხუნით და ლიმონით გამოტენილ კალმახს 18 წუთში ამზადებს

ანნა იმედაშვილი ტარხუნით და ლიმონით გამოტენილ კალმახს 18 წუთში ამზადებს,,სარკე”

ტელეპროდიუსერ დათო იმედაშვილის ცოლი, ანნა იმედაშვილი, შესანიშნავი კულინარია. ოჯახის თითოეული წევრის გემოვნებას ითვალისწინებს და ყველას გემრიელ მენიუს უდგენს. სუშის გაკეთებაც კი ისწავლა, რადგან ამ კერძზე მის სახლში უარს არავინ ამბობს. მისი რეცეპტი ,,სარკის” მკითხველებისთვისაც საინტერესო იქნება.

ანნა იმედაშვილი: ახლა მარკეტებში სუშის პროდუქტების შეძენა შეიძლება, ამიტომ ადვილად მოამზადებთ. დაგვჭირდება წყალმცენარე ნორი, 1 ჭიქა სპეციალური, მრგვალი ბრინჯი, 2 სუფრის კოვზი ბრინჯის ძმარი, ჭიქაზე მეტი წყალი, 2 ჩაის კოვზი შაქარი, ცოტა მარილი, კიბორჩხალას ჩხირები და ორაგულის ფილე.

სასურველია, თუ გვექნება სპეციალური ჭურჭელი, რომელშიც ამ ინგრედიენტებს მოვათავსებთ, შეგვიძლია თუჯის ქვაბშიც გავაკეთოთ. სუშის გაკეთების მთელი ფილოსოფია ბრინჯის მოხარშვაა. წყალში 11-ჯერ უნდა გაავლო. ბოლოს წყალი სრულიად გამჭვირვალე უნდა იყოს. რამდენი ჭიქა ბრინჯიც იქნება, იმდენი ჭიქა წყალი უნდა დავასხათ. როგორც გითხარით, სუშისთვის განკუთვნილი სპეციალური ბრინჯი უნდა იყოს, რომელსაც წებოვნება აქვს და თან პრიალა, ლამაზია. ძალიან დაბალ ცეცხლზე უნდა ვხარშოთ იქამდე, ვიდრე წყალი არ აორთქლდება.

გამორჩეული კულინარები ამბობენ, რომ ძველ დროში იაპონიაში ვიდრე მზარეული ბრინჯის კარგად მოხარშვას არ ისწავლიდა, იქამდე სუშის გახვევას არ ანდობდნენ. მოკლედ, ძმარს ავურევთ მარილს, შაქარს და დავასხამთ მოხარშულ ბრინჯს. ავურევთ ხის კოვზით. ჭურჭელზე დავაფენთ ნორის ფურცელს, ბრინჯს ავიღებთ გუნდებად და გავანაწილებთ. შემდეგ დავადებთ კიბორჩხალის ჩხირებს და თევზის ნაჭრებს. მჭიდროდ გავახვევთ ნორის ფურცლებში და შემდეგ დანით დავჭრით. შეგიძლიათ სოიას სოუსთან ერთად მიირთვათ.

– არ გეზარებათ მთელი ამ პროცესის გავლა?

– არა, რადგან ჩემთვის სუშის მომზადება სახალისო პროცესია. გარდა იმისა, რომ ვიზუალურად ძალიან ლამაზია, გემოც შესანიშნავი აქვს და, რაც მთავარია, ჯანსაღი პროდუქტებისგან მზადდება.

– ალბათ წვნიანებსაც ამზადებთ.

– დიახ და სუპებში მთავარი ის არის, რომ ბოსტნეული და მწვანილი რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყოს მოშუშული, მაქსიმალურად ცოცხლად უნდა დატოვო. ტრადიციად მაქვს, რომ ყველა კერძში მაქსიმალურად ბევრი მწვანილი იყოს. კერძს მწვანილს აუცილებლად ბოლოს ვაყრი, რომ ცოცხალი და თან ლამაზი იყოს. ესაა ჩემი წარმატების საიდუმლო.რაც ადვილად იხარშება, კერძის ცეცხლიდან გადმოდგმამდე 3 წუთით ადრე ჩააყარეთ და საჭმელი ლამაზიც გამოვა და ,,ცოცხალიც”.

– თევზეულს თუ ამზადებთ?

– დიახ, რადგან ,,თევზისტი” ვარ. თევზი თერმულად ნაკლებად უნდა იყოს დამუშავებული, ასე უფრო გემრიელია და თან სასარგებლოც. მე უპირატესობას მოხარშულ თევზს ვანიჭებ. ძალიან მიყვარს კალმახი ტარხუნით და ლიმონით. მის მოსამზადებლად ავიღებთ მოზრდილ კალმახს. კარგად გავრეცხავთ და დავამარილებთ. შუაში ჩავუდებთ რაც შეიძლება ბევრ ტარხუნას, მარილითა და შავი წიწაკით შეზავებულ კარაქს და რამდენიმე ნაჭერ ლიმონს. ამ ყველაფერს ფოლგაში გავახვევთ და ღუმელში ძალიან ცოტა ხანს მოვათავსებთ. 18 წუთი სავსებით საკმარისია. გემრიელიც გამოდის და სასარგებლოც არის.