,,ბიჭი, რომელიც გოგოს გამო ლამის მოვკალი, ახლა ჩემი საუკეთესო მეგობარია”

,,ბიჭი, რომელიც გოგოს გამო ლამის მოვკალი, ახლა ჩემი საუკეთესო მეგობარია",,სარკის” ერთგული მკითხველი

,,60 წელს გადაცილებულმა კაცმა ამ წერილის დაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი გამოცდილება ვიღაცამ გაკვეთილივით მიიღოს და კრიტიკულ სიტუაციაში როცა აღმოჩნდება, სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ახალგაზრდობაში ძნელია ემოციების მოთოკვა, მაგრამ ეს უნდა შეძლო, თორემ შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელსაც ვეღარასოდეს გამოასწორებ.

მე ახლახან კოვიდი დავამარცხე, ნერვები ცოტა დამისუსტდა, რაღაცნაირად გულჩვილიც გავხდი და ალბათ ამიტომ უფრო მომინდა ემოციების გადმოცემა. კოვიდი ისეთ დროს შემხვდა, ცოლ-შვილი და დედა დასასვენებლად მყავდნენ გაგზავნილი. ერთი მხრივ, მიხაროდა, რომ ისინი დაინფიცირებას გადარჩნენ, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან გამიჭირდა მარტო ყოფნა, რადგან, თუ დამიჯერებთ, საშაქრე სად გვედო სახლში, ისიც კი არ ვიცოდი.

მაღალი სიცხეები დამეწყო და ცოტა შიში შემეპარა. ღამე განცდებში შემომათენდა.დილით კარზე ზარი იყო, ჩემი ძმაკაცი მიძახდა, რაღას უცდი, გააღეო. ერთ ხელში ჩანთა ეჭირა თავისი ნივთებით სავსე, მეორე ხელში ქვაბი ეჭირა წვნიანით სავსე. იცით, ეს რა იყო?! სიტყვებით გადმოცემა რომ არ შეიძლება.

შემოვიდა თუ არა, უცებ გავხდი კარგად. მას ერთი თვით ადრე ჰქონდა კოვიდი გადატანილი. ზოგ დაინფიცირებულს არ გაეკარებოდა, ხელმეორედ გადადების შეეშინდებოდა, ის კი ჩემთან გადმოსახლდა. ჩვენი ერთი ძმაკაცი წამლებით და პროდუქტებით გვამარაგებდა, კართან გვიტოვებდა, ჩემი მეგობარი კი ბავშვივით მივლიდა. არ მქონდა იოლ ფორმებში, მაგრამ კლინიკაში დაწვენის გარეშე გამოვძვერი.

ახლა იმას მოგიყვებით, როგორ გავხდით ძმები. ერთმა გოგომ თავბრუ დამახვია. ცოლად კი არ მინდოდა, მისი უარი მაცოფებდა, მინდოდა, რომ სხვა გოგოებივით მომქცეოდა.

ერთ დღეს ჩემთან ერთი ბიჭი მოვიდა და მითხრა, რომ იმ გოგოსთვის თავი დამენებებინა. ბიჭებმა ქალაქიდან შორს გავიყვანეთ და საქმეების გარჩევა დავიწყეთ. ამ გადასახედიდან რეგვენი თუ მოიქცეოდა ასე, მაგრამ იმ დღეს სერიოზული გარჩევა გვქონდა, რომელიც ცემით დასრულდა. ისე მქონდა გონება გადაკეტილი, რომ შეიძლება მომეკლა კიდეც. ერთ-ერთ ბიჭს აღმოაჩნდა გონიერება და გვითხრა, გოგოს გამო ერთმანეთს როგორ ხოცავთო.

ამ ჩხუბის მერეც არ დამიყრია ფარ-ხმალი. თავმოყვარეობის საკითხი იყო, რომ ვიღაც სოფლელ ბიჭს გოგო ვერ უნდა წაერთმია ჩემთვის. არ მიყვარდა, მაგრამ ჯიბრით მზად ვიყავი, ცოლადაც მომეყვანა. რომ აღარ გამოჩნდა, მის სახლთან დავდექი დარაჯად და უცებ ჩემი მეტოქეც გამოჩნდა, მშვიდად შევიდა იმ გოგოს ბინაში.

მეც შევვარდი და ახლაც მახსოვს მათი გაოცებული სახეები. ისე შემომხედეს, მეც დავიბენი და შემრცხვა. იმ ბიჭს ცხვირი ჰქონდა გადატყაული და თვალები – დალურჯებული. აშკარად ნაცემი იყო. იმ გოგოს ტირილი აუვარდა, გვითხრა, ნეტა, მოვკვდებოდეო. ხელები დაეკრუნჩხა, ცუდად გახდა… ამ ბიჭმა მითხრა, რადგან ამ ყველაფერს შეესწარი, ძმურად რაღაცას გეტყვი და ჩვენ სამს შორის უნდა დარჩესო. მომიყვა, რომ თანასოფლელები იყვნენ და თბილისში ჩამოსვლისთანავე ერთმა ,,ბობოლა” მამის შვილმა თვალი დაადგა, დააორსულა და მიატოვა.

მოკლედ, ეს ბიჭი ცდილობდა იმ ტიპს ცოლად მოეყვანა, მიდიოდა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას სთხოვდა. წინა დღით ამის გამო ჩხუბი მოსვლიათ და იმიტომაც იყო ნაცემი. ვერც წარმოიდგენთ, ამ ბიჭის მიმართ რამხელა სიმპათიით განვიმსჭვალე. მაშინვე ვუთხარი, ძმად მიგულე, რაც გინდა, დამავალე-მეთქი. იმ მამიკოს შვილთან მეც მივედი და ვუთხარი, ყველას ვეტყვი, რა არაკაციც ხარ-მეთქი. იცოდა, სიცოცხლეს გავუმწარებდი. იკარდა და ის გოგო ცოლად მოიყვანა. ბავშვიც ეყოლათ. ბედნიერები არიან თუ არა ერთად, არ ვიცი, მაგრამ დღემდე ოჯახი აქვთ.

ის ბიჭი კი, რომელიც ჩემი მეტოქე იყო, ჩემს ძმად იქცა. სწორედ მასზე გიყვებოდით, კოვიდიანს სახლში მომადგა-მეთქი. ბევრი რამ, რაც ცხოვრებაში მაქვს, მისი დამსახურებაა. ერთად ბევრი კარგი რამ შევქმენით და დღემდე არა მარტო მეგობრული, საქმიანი ურთიერთობაც მაქვს. ჩემი დედმამიშვილებისგან არ განმისხვავებია და სანამ ერთ-ერთს სიკვდილი არ მოაკითხავს, მანამდე ჩვენს ურთიერთობაში არც არაფერი შეიცვლება.

ყველა ბიჭს მივმართავ, რომლებიც ვნებებს ვერ იოკებენ, ემოციები აწვებათ და მზად არიან, ვიღაცას ფიზიკურად გაუსწორდნენ, კარგად დაფიქრდით, შეიძლება თქვენ წინ მეტოქე კი არა, ნამდვილი ძმა იდგეს, ღირსებებით სავსე. ნუ გაიმეტებთ ერთმანეთს!”