ზელენსკიმ უკრაინაში გმირულად დაღუპული დავით შარტავა მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა

ზელენსკიმ უკრაინაში გმირულად დაღუპული დავით შარტავა მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვაუკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის ბრძანებით, უკრაინაში საბრძოლო მოქმდებისად დაღუპული ჯარისკაცი, დავით შარტავა გმირული მამაცობისთვის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. უკრაინის საელჩოში საქართველოში დავით შარტავას ოჯახის წევრები იყვნენ მიწვეული. უკრაინის ელჩმა ორდენი დავითის ვაჟს, გიორგი შარტავას გადასცა.

,,საოცარი საღამო იყო, მიუხედავად იმისა, რომ 30 წელი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების, მთელი საღამო დათოს მიეძღვნა. ამაყი ვარ. ყვებოდნენ მის სიმამაცესა და ერთგულებაზე, მის ადამიანობაზე და სიყვარულზე. ახლა ვხვდები, რატომ უყვარდა ჩემს ძმას უკრაინელი ხალხი. იმხელა სითბო და სიყვარული მოდიოდა მათგან… როგორი უბრალო ადამიანები არიან ელჩიდან დაწყებული, გენერლებით დამთავრებული.

საოცარი უკრაინის ელჩი – ჩვენთან გმირები არ კვდებიანო. დაგვპირდა, 11 იანვარს ამოვალ დათოს საფლავზე პატივის მისაგებადო. თვითონ ახსოვდა მისი დაბადების დღე. დათო, მე ყოველთვის ვამაყობდი შენით და ახლა ასად, ასმაგად და უსასრულოდ”, – წერს დავით შარტავას და, ნინო შარტავა სოციალურ ქსელში.

დავითი 44 წლის იყო. მისი სიცოცხლე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების თავდასხმას ემსხვერპლა. მას რუსმა აგრესორებმა ყუმბარები ჩაუყარეს სანგარში. ქართველმა სამხედრომ უკრაინელი ახალწვეულის სიცოცხლე იხსნა, რომელიც იმ საბედისწერო წუთებში მის გვერდით იყო – ხელი ჰკრა და ახალგაზრდა გადარჩა.

დავით შარტავა ,,სარკის” თანამშრომლის, მარინა ჟღენტის, შვილი იყო. 44 წლის მებრძოლს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

-ყუმბარმტყორცნებით დაბომბეს ის სანგარი, სადაც თვითონ იმყოფებოდა. მამა იმ დროს ახალწვეულთან ერთად იყო. როგორც ყველაზე გამოცდილ ჯარისკაცს, მიბარებული ჰყავდა ერთ-ერთი უკრაინელი ახალწვეული. როცა დაინახა, რომ ესროდნენ, იმ ახალწვეულს ხელი ჰკრა და გადაარჩინა. ის დაიჭრა და გადარჩა. მამას კი თავში მოხვდა ბომბის ანასხლეტი და იმან შეიწირა, – ყვება ,,სარკესთან” გიორგი შარტავა.

_ძალიან თბილი ბიჭი იყო. ყველასთვის შეეძლო თავი გაეწირა. ოღონდ ვინმესთვის რამე გაეკეთებინა და არაფერს ჩიოდა. ვეხვეწებოდი, ჩამოსულიყო. სულ მეშინოდა. მეუბნებოდა, ნუ გეშინია, არაფერი მომივაო.

ბოლოს რომ დაველაპარაკე, მითხრა, სანგარში ვზივარ, სიბნელეში, მაგრამ ნუ გეშინია, ეს თამაშიაო. როგორც ჩანს, მე მამხნევებდა, რომ არ შემშინებოდა. მე კი სულ შიში მქონდა. დილა-საღამოს დაჩოქილი ვევედრებოდი ღვთისმშობელს, ცოცხალი დამიბრუნე-მეთქი.

გადასარევი მეუღლე და შვილები დარჩა. სამაგალითო ბიჭები არიან გიორგი და ბექა. უკრაინაში ჯარისკაცები დიდი პატივით გამოეშვიდობენ, იქაც ყველას უყვარდა თურმე, – უამბო,,სარკეს” დავითის დედამ, მარინა ჟღენტმა.