,,სარკე”, ირინე მჭედლიძე
,,წამებულო, ძმაო პაოლო”, – ასე ამთავრებს პაოლო იაშვილისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ წერილს პოეტი კოლაუ ნადირაძე. მისი ცხოვრების უკანასკნელი წლები მართლაც წამება და გოლგოთა აღმოჩნდა. მის გარშემო ინტრიგებისა და ცილისწამების ქსელს ქსოვდნენ, ჯაშუშობასა და სამშობლოს მტრობას აბრალებდნენ. გასული საუკუნის 30-იანი წლების სისხლიანი ტრაგედიის ,,რეჟისორი”, ლავრენტი ბერია, მისი დაპატიმრებისთვის ნიადაგს ამზადებდა, დაკითხვებით სიცოცხლეს უმწარებდა, მეგობრებს, კოლეგებს უმხედრებდა…
პაოლოს გარშემო შემოჭერილი მარყუჟი თანდათან პატარავდებოდა და საბედისწერო წუთიც ახლოვდებოდა. პოეტი სიცოცხლის უკანასკნელ წელს ჩაიკეტა, გულჩათხრობილი გახდა. იმ პერიოდში მწერალი გერონტი ქიქოძე წერს:
,,ეს ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ჭაღებით განათებული დარბაზები, ტაშებით ახმაურებული აუდიტორია, ბრწყინვალე ბანკეტები და არტისტული ყავახანები უყვარდა, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წელს ძალიან განმარტოვდა… 1937 წლის ზაფხულში ის ხშირად თავისი ბინის ლოჯიაში ჯდებოდა ჯაფარიძის ქუჩაზე და სევდიანად გასცქეროდა მახათის გზის გოლგოთას. ხანდახან ბოტანიკურ ბაღში ადიოდა და ცდილობდა, აფორიაქებული სული დაეშოშმინებინა”.
ის საბედისწერო დღეც დადგა და მწერალთა კავშირში თოფის გასროლა გაისმა…
პოეტმა თავის ერთადერთ ქალიშვილს, 13 წლის მედეას, უკანასკნელი წერილი დაუტოვა:
,,ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ, მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე, ეს უდიდესი დანაშაული შენ წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა და ვერც შენ გადამარჩინე.
არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა… გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი, ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთი და რამოდენიმედ მაინც გაგიადვილებენ ობლობას. მეტის წერა აღარ შემიძლია. მშვიდობით, მამიკო. მედეა, მედეა, მშვიდობით. ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი სთქვი, ეცადე, სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები და შენი მამა. შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა”.
…
პოეტი 1937 წლის 21 ივლისს მწერალთა კავშირში გაზეთში გადახვეული სანადირო თოფით მივიდა. მეორე დღეს, როცა კავშირში სხდომა გაიმართა, პაოლო სხდომათა დარბაზიდან გავიდა, მეორე სართულზე ავიდა, თოფის ლულა პირთან მიიბჯინა და ჩახმახს გამოჰკრა… ეს იყო მისი პასუხი ყველაფერზე. პაოლო სულ რაღაც 43 წლის იყო. 29 ივნისს მისი დაბადებიდან 127 წელი შესრულდა.
იმ ტრაგიკულ დღეს მწერალი იროდიონ ქორქია ასე იხსენებს:
,,პაოლო იაშვილი მწერალთა კავშირში ცივად მიიღეს. იმ დღეს გამგეობის სხდომაც იყო მოწვეული. პაოლო მიხვდა ყველაფერს: არც მისალმება, არც ღიმილი, არც ხელის გამოწოდება. მიხვდა ყოველივე ამას პაოლო და გამოვიდა ფოიეში.
ფოიეში იდგა მინაში ჩადგმული ვიტრინა: ვიტრინაში – ერთში ლომი ფაფარაყრილი იყო ჩადგმული, მეორეში – ჭრელი ვეფხვის საშიში თავი… პაოლო იაშვილი დადგა ლომსა და ვეფხვის შუა. გამოჰკრა ფეხი ჩახმახს და გაწვა იქვე, როგორც თვითონაც ლომი და ვეფხვი. პაოლო იაშვილი ხომ გარეგნობით ლომსაც ჰგავდა და ვეფხვსაც… დიდი ვაჟკაცური აღნაგობისა იყო, ქართული აღნაგობის.
ბერიას მოახსენეს პაოლოს სიკვდილი. ბერიამ გასცა განკარგულება: იაშვილის დაკრძალვას დაესწროს მხოლოდ მისი ოჯახი. არც ერთი მწერალი და არც ერთი ნათესავი და საპატიოდ მოსული არ ვნახო იქ… და დაკრძალეს პაოლო იაშვილი, როგორც უბირი ვინმე”.
წამებული პოეტი პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის ეზოში დაასაფლავეს. უკანასკნელ გზაზე მართლაც რამდენიმე კაცმა გააცილა. მეგობრებიდან მის ცხედარს მხოლოდ კოლაუ ნადირაძე გამოეთხოვა. კოლაუ მოგონებაში წერს:
,,ბერიამ გამოაცხადა, რომ არავის ჰქონდა იაშვილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება. მაინც წავედი. მომიახლოვდა მწერალთა კავშირის ,,ჩეკისტი” ქობულოვი. თქვენ სიაში არ ხართ? მეკითხება. სია რად მინდა, მეგობარს ვასაფლავებ-მეთქი. ცივად და ავისმომასწავებლად გაბრუნდა. იგივე ქობულოვისგან გავიგე მერე: თავად ბერიას საოცრად გაჰკვირვებოდა ეს ამბავი და უთქვამს, იაშვილს ერთადერთი მეგობარი ჰყავდაო”.
..
პოეტის ცხედარი გაციებულიც არ იყო, როცა შინსახკომელები მის სახლში მიცვივდნენ და მთელი არქივი წაიღეს. სწორედ ამიტომ პაოლოს შემოქმედების მხოლოდ 10 პროცენტია შემორჩენილი. ოჯახის წევრებს ცხედრის დატირების უფლებაც არ მისცეს. ისინი დაბეჭდილ კუბოსთან მიიყვანეს.
პაოლო იაშვილის თვითმკვლელობიდან 1 თვის შემდეგ მისი ქალიშვილი, მედეა, სკოლაში წავიდა. დირექტორმა ის დაფასთან გაიყვანა და უყვირა, როგორ გაბედე აქ მოსვლა, ხალხის მტრის შვილოო. მერე სახეში გაარტყა და პანღური ამოკრა. ატირებულ გოგონას ფიზკულტურის მასწავლებელი გაეკიდა, დაამშვიდა და სახლამდე მიიყვანა. ამისთვის ის კაცი დახვრიტეს…
თვითმკვლელობით პაოლომ რეჟიმს სილა გააწნა. ბევრმა მწერალმა ის დაგმო. მისმა უერთგულესმა მეგობარმა, ტიციან ტაბიძემ, უარი თქვა პაოლოს საჯარო გაკიცხვაზე.
პროლეტარ მწერლებს გარდაცვლილი პოეტის სახელი მოსვენებას უკარგავდათ. 1937 წლის 28 ივლისს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის ოქმში ასეთი ჩანაწერი გააკეთეს:
,,საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის ყოფილი წევრი, პაოლო იაშვილი, მთელი რიგი წლების განმავლობაში საბჭოთა მწერლების ნიღაბს ამოფარებული თვალთმაქცურად აწარმოებდა მოღალატურ ჯაშუშურ მუშაობას ქართველი მშრომელი ხალხისა და ჩვენი სოციალისტური სამშობლოს წინააღმდეგ… ქართველი საბჭოთა მწერლები მთელი სიმკაცრით კიცხავენ და გმობენ პაოლო იაშვილის მოღალატურ მუშაობას და მის სახელს განუსაზღვრელი ზიზღით მოიხსენებენ ჩვენი სამშობლოს ყველა მოღალატეთა და გამყიდველთა სახელებთან ერთად…”.
ქართველმა ერმა პაოლო იაშვილს მიუჩინა ის ადგილი, რომელიც ეკუთვნოდა. წლების წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, მას პანაშვიდიც გადაუხადა და ბრძანა:
,,მოხარული ვარ, რომ პაოლო იაშვილისთვის წესის აგების გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს მისი მეორე შობაა. საქართველოს ეკლესია ითვალისწინებს იმ გაუსაძლის რეჟიმს, რომელიც 1937 წელს ბატონობდა. პაოლო ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი და შემოქმედი, საქართველოს უერთგულესი შვილი იყო. 1937 წლიდან დღემდე მისთვის არ ლოცულობდნენ, მას არ აქვს აგებული წესი. ჩვენ უკვე აღვასრულეთ მისი პირველი პანაშვიდი. ამიერიდან ღვთის მადლით და მეოხებით, პაოლო იაშვილის სულის მოსახსენებლად პანაშვიდები ყოველთვის ჩატარდება”.
…
პაოლოს სახელთან და მის ტრაგედიასთან არის გადაჯაჭვული ქართული პოეზიის კიდევ ერთი ნათელი სახელი – ვალერიან გაფრინდაშვილი. როცა იხსენებ პაოლოს, ტიციანს, იქვე ჩნდება მისი სახელიც, რომელიც სიმბოლისტთა ორდენის, ,,ცისფერყანწელთა”, ერთ-ერთი დამაარსებელი და სულისჩამდგმელი გახლდათ. ვალერიან გაფრინდაშვილიც ფაქტობრივად სისხლიან რეჟიმს შეეწირა. თავისი უახლოესი მეგობრების, ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის, ტრაგედიები ვერ გადაიტანა. ფაქიზი სულისა და სუსტი აღნაგობის პოეტს ასთმა გაურთულდა და 4 წელიწადში, 1941 წელს გარდაიცვალა. ის 53 წლის იყო. ასე რომ, ვალერიან გაფრინდაშვილი მეგობრების ჯავრმა იმსხვერპლა.
ლიტერატურის კრიტიკოსი, პროფესორი გურამ ბენაშვილი, ,,სარკეს” პაოლო იაშვილისა და ვალერიან გაფრინდაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ უამბობს:
– პაოლოს ნამდვილი სიგიჟეები ჰქონდა, ოღონდ კარგი გაგებით. ერთხელ ფული არ ჰქონდა და რუსთაველზე დაჯდა, ქუდი დადო და მათხოვრობა დაიწყო. შეგროვილი ფულით საქეიფოდ წავიდნენ. ერთხელ ქეიფი მოუნდათ, მაგრამ ფული არ ჰქონდათ. პაოლო გაიქცა, პური, ყველი იყიდა და რუსთაველის ქუჩის ტროტუარზე გაშალა.
ქუთაისი კი პაოლომ საერთოდ გადარია. პარიზიდან ახალი ჩამოსული იყო, როცა მის პატივსაცემად საღამო მოაწყვეს. იმ საღამოს კი ასეთი რამ გააკეთა: ეტლიდან გაძვალტყავებული ცხენი გამოხსნა, თეთრი ზეწარი გადაიფარა, ხელში ჩირაღდანი დაიჭირა და ხალხში ისე შევარდა. ის იყო არლეკინი პოეზიაში. მან ცხოვრება, სიცოცხლე, პოეზია ითამაშა. ტიციანს და მას საოცარი ქარიზმა ჰქონდათ. მათში თითქოს ერთი ადამიანი იყო, სიამის ტყუპებივით იყვნენ.
– ამბობენ, პაოლომ პარიზსაც კი დაამახსოვრა თავიო.
– პაოლომ პარიზში ერთი წელი დაჰყო. მხატვრის მონაცემები ჰქონდა, ამიტომ ლუვრის სახელოვნებო ინსტიტუტში აპირებდა სწავლას, მაგრამ იქ პარიზის ბოჰემამ, პოეზიამ გაიტაცა და ხატვას თავი მიანება. პოეტების იმ წრეს დაუახლოვდა, რომლებიც ფრანგულ პოეზიას წარმართავდნენ.
ფრანგი მწერლები იხსენებენ, პარიზში იყო ერთი ქართველი, ჭეშმარიტი პოეტი, რომელიც ჩვენთვის უცხო ენაზე საოცარი განცდით გვიკითხავდა ლექსებსო. მას რუსეთშიც იცნობდნენ. სხვათა შორის, სტალინსაც იცნობდა. პაოლოს სტალინმა უთხრა, თქვენ დიდი პოეტი ხართო.
კოლაუ წერს, ყველას გაგვიკვირდა, პაოლოს დაჭერის საშიშროება რომ დაემუქრაო. 1921 წელს საქართველოში მე-11 არმია რომ შემოვიდა, პაოლო და ტიციანი კოჯრის გზაზე თეთრი დროშით დახვდნენ – ქართული ინტელიგენცია თქვენ გვერდით არისო. ლექსები მიუძღვნეს. ალბათ ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ ქართული კულტურა, ინტელიგენცია გადარჩენილიყო, რომ არ გაენადგურებინათ და არ შეხებოდნენ.
– მისი ლექსების ,,დარიანულ” ციკლზე რას გვეტყვით?
– პაოლომ მოახერხა, რომ მშვენიერი პოეტური განცდებით გამოეხატა ქალის შინაგანი ბუნება. როცა კითხულობ, გგონია, რომ ქალის დაწერილია. ამ ლექსებმა ნერვები აუშალა მთელ საზოგადოებას. ქუთაისში ქალებმა პროტესტი გამოუცხადეს, აითვალწუნეს.
არსებობს მოსაზრება, თითქოს ეს ლექსები მისი ახლობელი ქალის, ელენე დარიანისაა – მან პაოლოს თავისი ლექსები მიუტანა, პაოლომ კი ისინი დიდ პოეზიად გარდაქმნა, ფორმა და ელეგანტურობა მიანიჭა… ამ მოსაზრების არ მჯერა. “დარიანული” ციკლი ნამდვილად პაოლოს ეკუთვნის. კოლაუ ნადირაძემ მითხრა, რომ ეს ლექსები ნამდვილად პაოლოსია.
– ბატონო გურამ, ვალერიან გაფრინდაშვილზე რატომღაც შედარებით ნაკლებად საუბრობენ, არადა მას ქართულ პოეზიაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.
– ისეთი დიდი მცოდნე ლექსისა, როგორიც ვალერიან გაფრინდაშვილი იყო, ქართულ პოეზიაში არ მეგულება. ის პოეზიის უდიდესი ოსტატი გახლდათ. ვალერიანი თუ მოიწონებდა ლექსს, ეს უკვე ბევრს ნიშნავდა. რითმის დიდოსტატი გახლდათ. ვალერიანი გრიგოლ რობაქიძესთან ერთად ცისფერყანწელთა ტვინი, ინტელექტი იყო. მისი ლექსების კრებულ “დაისებს” ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა მე-20 საუკუნის ქართულ პოეზიაში, როგორიც გალაკტიონის “არტისტულ ყვავილებს” .
– როგორი იყო მისი შინაგანი ბუნება?
– ვალერიანი ფსიქიკურად ვერ იყო კარგად. მას გარკვეული შიშები ჰქონდა. მაგალითად, სარკეში ვერ იხედებოდა, თავისი ანარეკლის დანახვის ეშინოდა. საერთოდ, დიდ პოეტებს ასეთი უცნაურობები ახასიათებთ. თავიანთ ორეულებს ელაპარაკებიან, შინაგანი მონოლოგები აქვთ, მარტოობისკენ მიისწრაფვიან…
ვალერიანი ბუნებით სხვანაირი იყო. მისთვის ისეთი ხმაური, როგორიც პაოლოს სჩვეოდა, დამღლელი იყო. უფრო განმარტოებისკენ იყო მიდრეკილი.
– ვალერიან გაფრინდაშვილს შთამომავლობა დარჩა?
– მეუღლე და ერთი ქალიშვილი ჰყავდა.
– პაოლოსა და ვალერიანის მუზები ვინ იყვნენ?
– მუზები ჰყავდათ, მაგრამ ეს უფრო პოეტური მეტაფორა იყო, ვიდრე აშკარა სიყვარულის გამოხატულება. ვალერიანს სიყვარულისთვის ნამდვილად არ ეცალა. თავის სამყაროში იხარშებოდა. ცოლი ჰყავდა და მას შეჰყურებდა თვალებში. პაოლო კი ქალებში ძალიან პოპულარული იყო, მას ბევრი ქალი ეტრფოდა.
– ვალერიან გაფრინდაშვილის გარდაცვალება მისი მეგობრების ტრაგედიებმა დააჩქარა?
– ტიციანისა და პაოლოს სიკვდილმა ვალერიანზე მართლაც ძალიან იმოქმედა. ისეთი კაცი იყო, რომელიც ასაკში მეგობრებს ვეღარ შეიძენდა. თითქოს თავისი თავი გამოიტირა. დაავადება გაუმწვავდა და გარდაიცვალა.
ფოტოზე: ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი

