,,დღემდე, ამ წუთამდე არ გვაწვდიან საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, რომლებიც სავალდებულო იყო მოეწოდებინათ ხელმოწერისთანავე. ამბობენ, ჯერ ტყიბულში ყველა უბნის მონაცემები არ დათვლილაო. ამ დროს გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს დასრულდა მთლიანად ტყიბულის ყველა საუბნო კომისიაში დღეს ღამის 4-5 საათამდე, რასაც აქამდე არ აქვეყნებენ”, – ამბობს ,,სარკენიუსთან” ზვიად კვირიკაძე პარტია ,,თავისუფალი საქართველოდან” და ეჭვს გამოთქვამს, რომ შესაძლოა ამ დროისთვის დიდი ფინანსური გარიგებები მიმდინარეობდეს პარტიებს შორის, სწორედ ამ გარიგების შედეგებს ელოდებიან და საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს ამიტომ არ აწოდებენ.
,,მორჩით საარჩევნო სუბიექტების სრული უმრავლესობა, მათ შორის _ ოცნება, ნაცები აფერისტობას. მე გესაუბრებით პოლიტიკური გაერთიანება ,,თავისუფალი საქართველოს” კანდიდატი არჩევნებზე ტყიბულში და მოწმე იმ ფაქტების, თუ როგორ ერთობლივად აყალბებდნენ ოცნება-ნაცების წარმომადგენლები, რომელშიც მონაწილეობდა ოპოზიციური პარტიების სრული უმრავლესობა.
რომელ მეორე ტურზე საუბრობთ და რის საფუძველზე, როცა ძალადობის ფონზე ჩატარდა პირველი ტური, იმას აღიარებთ? უნდა გაუქმდეს ქვეყნის მასშტაბით ამ ვითომ არჩევნების ყველა შედეგები და ხელმეორედ უნდა დაინიშნოს”, – წერს სოციალურ ქსელში ზვიად კვირიკაძე.
გუშინ ის ეუთო-ს დამკვირვებლების თარჯიმანზე წერდა:
,,შევხვდი ეუთო-ს სადამკვირვებლო მისის ორ წარმომადგენელს, დამკვირვებელს ტყიბულის #01 საარჩევნო უბანზე, სადაც აღმოჩნდა, რომ მათ ახლდათ თარჯიმანი, რომელმაც არ იცოდა წესიერად ინგლისური და ტყუილ ინფორმაციას აწვდიდა ევროკავშირის დამკვირვებლებს, დიდი ალბათობით ის სუს-ის, სახელმწიფო უსაფრთხოების (რეალურად სახელმწიფო საფრთხის) სამსახურის აგენტია მიმაგრებული უცხოელ დამკვირვებლებზე რათა მან არ უთარგმნოს ყველაფერი დარღვევების შესახებ, რითაც შეცდომაში შეჰყავთ ისინი”.

