სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი, მარიამ კუკუნაშვილი წერს, რომს სუიციდის მცდელობა უკვე მეხუთედ ჰქონდა.
,,თავი მოიკალი”, ,,თავი მოიკალი!” – არ შემიძლია ეს ხმა გავაჩერო და იმისათვის, რომ ეს ხმა გავაჩერო, უკვე მეხუთედ მაქვს სუიციდის მცდელობა…
ჯერ კიდევ სამი წლის ვიყავი, როდესაც შუაღამისას დედა საწოლიდან წამომაგდებდა ხოლმე და მშობლების ჩხუბში ფარი ვიყავი.
მახსოვს, როგორ გავრბოდით მე და დედა და როგორ მოგვდევდა მამა იარაღით. მხოლოდ ის ვიცოდი, მამას ძალიან ვუყვარდი და ჩემთან ერთად დედას არაფერს დაუშავებდა…ამიტომაც ყოველთვის, როცა ასეთი ღამე იყო, განწირული ვიწყებდი ტირილს, მეგონა, რაც უფრო ხმამაღლა ვიტირებდი, მით მალე დასრულდებოდა ყველაფერი. ხუთი წლიდან მუშაობა დავიწყე: გაზაფხულზე იებს და ენძელებს ვკრეფდი, ქუჩაში ვჯდებოდი და გამვლელებს ვთხოვდი ეყიდათ. შემდეგ თმის აქსესუარებს ვამზადებდი, მეზობლებს მანქანებს ვურეცხავდი და ათას რამეს ვიგონებდი ფულის გამოსამუშავებლად. ასე მეგონა, ფული თუ მექნებოდა სახლიდან წავიდოდი და მშვიდი ცხოვრება მექნებოდა…
შემდეგ გავთხოვდი: ოჯახში, სადაც საკუთარი ნებით არც დაძინება შემეძლო, არც გაღვიძება. სამაგიეროდ, გამუდმებით მესმოდა,როგორი უნდა ყოფილიყო კარგი ქალი და რა კრიტერიუმებით არ ვჯდებოდი სტანდარტებში…
იქნებ არიან ბედნიერი ოჯახები, მაგრამ როგორ ხდება,რომ ბედნიერი ოჯახის ბედნიერი ქალები ბედნიერ წუთებს ჩემს ლანძღვაში ატარებენ – სიყვარული არ იცისო. სად უნდა მესწავლა სიყვარული? მაგრამ თქვენ რომ ისწავლეთ,ის სიყვარული სად არის?
მე ვსწავლობ სიყვარულს, ვსწავლობ, როგორ ვიყო უკეთესი დედა, ცოლი, შვილი, და…თქვენ რას სწავლობთ? რა უნდა ასწავლოთ შვილებს?” – წერს მარიამი.

