,,ეგ სისავსე დამერღვა ზუსტად, ეგ დიდი სიცარიელე გაჩნდა გულში” – დავით შიშნიაშვილის ემოციური წერილი

,,ეგ სისავსე დამერღვა ზუსტად, ეგ დიდი სიცარიელე გაჩნდა გულში'' - დავით შიშნიაშვილის ემოციური წერილიანსამბლ ,,შვიდკაცას” წევრი, დავით შიშნიაშვილი მამაშვილობაზე საოცრად ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

,,როგორც, სხვისი ბავშვის დაბადებით ვერ შეიგრძნობ, რა არის შვილი, ასევე ვერ იგრძნობ, რა არის მშობლის დაკარგვა, სანამ თვითონ არ გამოცდი. ერთბაშად გამახსენდა ყველგან ინსტინქტურად ნათქვამი ,,ვიზიარებ”, რომელსაც ვეუბნებოდი მეგობრებს მშობლის დაღუპვისას, მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ უნებურად ვიტყუებოდი, რადგან ახლაღა მივხვდი და ვიზიარებ ყველას ტკივილს.

დედაც ძალიან დიდია და მამაც, ისეთი დიდები, რომ ერთმანეთს ვერ შეადარებს კაცი. გულშიც ისე იკავებენ ადგილს, ერთმანეთს ხელს კი არ უშლიან, პირიქით, ავსებენ… ეგ სისავსე დამერღვა ზუსტად, ეგ დიდი სიცარიელე გაჩნდა გულში და იქამდე იქნება, სანამ მეც არ გადავალ მარადისობაში და უძღები შვილივით არ გავიქცევი მამის ჩასახუტებლად და მამაც, როცა დამინახავს, ისიც წამოვა ჩემკენ, როგორც იგავშია მოთხრობილი მათი შეხვედრა.

ახალს არაფერს ვიტყვი: გავუფრთხილდეთ მშობლებს, მოვეფეროთ ბევრი და დავაკვირდეთ ჩვენს ყოველ სიტყვას, რასაც ვეუბნებით, რადგან მათი წასვლის შემდეგ ისევ ჩვენ აღარ მოგვასვენებს უსიყვარულო ჩვენივე სიტყვები…

სულ იმას ვფიქრობ, მშობელი ისეთი საოცრებაა, რომ ქრისტე, თვით ღმერთი არ მოვიდა დედის გარეშე. ადამიანობის მთელი სისავსე რომ განეცადა, ღმერთმა  დედა შეაგრძნობინა ადამიანად მოსულ ძეს, დედის გარეშე ხომ არაფერი იწყება და არც არსებობს. მაგრამ მერე იმასაც ვფიქრობ, რომ მამა ხანდახან უფრო მეტიც არის, რადგან მამობა ხომ თავისთვის დაიტოვა მამაღმერთმა.

ნათელში გამყოფოს ქრისტემ და გაცხონოს. მომენატრები, მაგრამ გპირდები, არ შევიმჩნევ და დაველოდები ჩვენს შეხვედრას”.