რუსთავის თეატრის რეჟისორი და მსახიობი, ლარისა ხაჭაპურიძე წერს, რომ მისი მეუღლე, მსახიობი ნუკრი გამყრელიძე რეაინიმაციაში გადაიყვანეს. ისინი 50 წელია ერთად არიან. უამრავი რამ გადაიტანეს ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მათ შორის უდიდესი ტრაგედია, შვილის გარდაცვალებაც.,,ჩემი მეუღლე რეანიმაციაში გადაიყვანეს. 50 წელი ერთად. ერთი ტკივილით. ერთი განცდებით. ერთი მარცხით, ტრაგედიებით და მოულოდნელობებით სავსე 50 წელი.
შევატყვე .რომ ეშინოდა. მოდი და ნუ შეგეშინდება, როცა რიყეზე ამოგდებული თევზივით პირი ღია გაქვს და ჰაერი არ ჩაგდის ფილტვებში. გამნხნევება მოვინდომე. გამახსენდა, ჩემი მამამთილი თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს რომ ითვლიდა, ჩემმა დედამთილმა უთხრა ~:
-ნუ გეშინია, კოლია ჩემო!
-რავა არ მეშინია, მარი ჩემო, კოდის წყლის მოსატანად კი არ მივდივარ.
-ნუკრი, შენი ჭირიმე, ნუ გეშინია, გენაცვალე. მთელ თეატრს უყვარხარ.
გკითხულობენ. აი, ნახე მაყურებელიც გირეკავს და მადლობას გეუბნება შესრულებული როლებისთვის…
ფერმკთალ სახეზე რაღაც სხივი გაუკრთა ტუჩი გვერდზე გაექცა ღიმილის ნიშნად. მივხვდი, რომ მისთვის ეს სასიამოვნო სახალხოობის განცდა იყო. ღმერთო, რა არის ეს თეატრი, როგორ ამაღლებულია და როგორ განიცდი…
ნუკრი ხომ ერთი უპრეტენზიო, პროფესიონალი, მაგრამ უიღბლო მსახიობია. მახსოვს, მგელს თამაშობდა. სპექტაკლს დაესწრო რეჟისორი გოჩა კაპანაძე სპექტაკლის შემდეგ ნუკრის უთხრა, გოგი გეგეჭკორის შემდეგ შენნაირად სრულყოფილად არც არავის უთამაშია მგელი ,,ჭინჭრაქაშიო”.
ტრაბახი არ ჩვეოდა, მაგრამ ჩემთან თითქოს საიდუმლოს მანდობდა, ისე ჩუმად მეტყოდა ხოლმე:
-გახსოვს, ლარო, გოჩამ რა მითხრა?
მახსოვს ნუკრი და არც არასდროს დამავიწყდება. მადლობა ამისათვის და შენი დაფასებისათვის გოჩა კაპანაძეს. მადლობა თეატრს, რომ ყველას უყვარხარ და მჯერა, ეს დიდი სიყვარული გაგამარჯვებინებს სიკვდილზე.
უცებ რაღაც სევდიანი, რაღაც გამოუცნობი და ამოუცნობი მზერა შეეყინა სახეზე. ვეღარ გავუძელი, შევტრიალდი და ტირილი დავიწყე”, – წერს ქალბატონი ლარისა.

