,,თაღლითი სანაპიროდან” – ნოველა

,,თაღლითი სანაპიროდან" - ნოველა,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე

დასაქმების სააგენტო “ნეტრა” ქალაქის ცენტრში მდებარეობდა, ფართი 10 კვადრატს არ აღემატებოდა. სამუშაო ოთახის ცენტრში, ხის მაგიდაზე, კომპიუტერი იდგა, შავტყავგადაკრულ სკამზე კი სააგენტოს ერთადერთი თანამშრომელი, ნათია იჯდა. სააგენტოში მიმსვლელი ბევრი იყო, კმაყოფილი – ცოტა. “ნეტრას” ხელმძღვანელი საქმიანი და ოდნავ გადაღლილი სახით ინიშნავდა სამსახურის მაძიებელთა პირად მონაცემებს, დასარეგისტრირებლად 5 ლარს სთხოვდა და ბედის მაძიებლებს შინ იმედიანი სიტყვით ისტუმრებდა: “თქვენს შესაფერის სამუშაოს მოვიძიებთ და დაგიკავშირდებით”.

“ნეტრას” დღეში ორი ათეული ადამიანი მაინც სტუმრობდა, 5 ლარს 5 ემატებოდა და სამუშაო დღის ბოლოს, სააგენტოს მუშაობით კმაყოფილი და დასაქმებული ერთადერთი ადამიანი, თავად “ნეტრას” ხელმძღვანელი, ნათია იყო, სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალი

წვრილმანი თაღლითობის სქემა მარტივი და შემოსავლიანი აღმოჩნდა. 4 თვის განმავლობაში სააგენტომ სარფიანად იმუშავა. ივნისის ბოლოს კი, როცა თბილისში საგრძნობლად დაცხა, ნათიამ ბიზნესის გადატანა ქუთაისში გადაწყვიტა. სამუშაო დღეებს “ნეტრას” ხელმძღვანელი ახალგახნილ ოფისში ატარებდა და ადგილობრივ უმუშევრებს თბილისში დასაქმებას ჰპირდებოდა, უქმე დღეებში კი ბათუმს სტუმრობდა და ქვიშიან სანაპიროზე ირუჯებოდა.

ნათიას უნდოდა, შაბათ-კვირა მაქსიმალურად გამოეყენებინა, სასტუმროში მაშინ ბრუნდებოდა, როცა მზე უკანასკნელ სხივებს აიკეცავდა და სანაპიროზე შეზლონგების გამქირავებლების მეტი აღარავინ რჩებოდა.

– ვახ, – სავსე თეძოებზე პირსახოცშემოხვეულ ქალს გვერდიდან მამაკაცის შეძახილი ჩაესმა და მარცხნივ გაიხედა, – ფეხი გამეჭრა, სანაპირო ნაგვითაა სავსე, – შეწუხებული ხმით გააგრძელა სიტყვა მამაკაცმა, რომელიც ყანჩასავით ცალ ფეხზე შემომდგარიყო, მეორე კი ხელებში მოექცია და გასისხლიანებულ ტერფს დასჩერებოდა.

ნათია ქვიშაზე მიგდებულ ჩანთას დასწვდა, წვრილზონრებიანი მაისური ამოიღო და უცნობთან მიირბინა.

– დაჯექი და ეს ჭრილობაზე დაიხვიე, სისხლდენა უნდა შევაჩეროთ.

მამაკაცმა, მადლიერების ნიშნად, ქალს გაუღიმა და მოწყვეტით დაეშვა მიწაზე. მაგრად გაჭერილმა მაისურმა შედეგი გამოიღო. ნაჭერი სისხლით დაისვარა, მაგრამ, აშკარა იყო, დენა შეჩერდა.

– თქვენთან ვალში ვარ, – დარცხვენით გაიცინა სიმპათიურმა უცნობმა, – მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ, ფობია მაქვს ერთგვარი, სისხლის დანახვის მეშინია.

– თქვენგან მშვენიერი ქირურგი გამოვიდოდა, – იხუმრა ნათიამ, რომელიც უცნობის სიმორცხვემ გაახალისა.

– ჰო, საოცარი ტალანტი იკარგება, – ქალს ხუმრობაში მამაკაციც აჰყვა.

ნათიამ გარშემო მიმოიხედა, შეზლონგის გამქირავებლებიც წასულიყვნენ.

– ვფიქრობ, თქვენს ფობიას დადებითი კუთხით უნდა შეხედოთ.

– რას გულისხმობთ? – ინტერესით იკითხა მამაკაცმა.

– სერიული მკვლელი და მოძალადე არასოდეს გახდებით.

უცნობმა ნათიას სისხლით მოსვრილ თითებზე ხელი დაადო და მისკენ გადაიხარა.

– მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობის მომხრე ვარ, უსისხლო და ბევრად ეფექტურია.

ნათიამ ხმამაღლა გაიცინა. ახლა ფობიაზე არ ფიქრობდა, უცნობს რაც მეტად აკვირდებოდა, უფრო და უფრო მოსწონდა მისი თითოეული ნაკვთი, გამოხედვა და სუნამოს საოცარი სურნელი. მანამდე არასოდეს უგრძვნია პარფიუმის მსგავსი შერწყმა მამაკაცის სხეულთნ, რასაც ზღვის აქაფებული ტალღების ხმაური ამძაფრებდა. ნათია მამაკაცისკენ გადაიხარა და აკოცა. სანამ უცნობი საპასუხო ნაბიჯს გადადგამდა, ქალი თხუთმეტიოდე წლის დამფრთხალი გოგოსავით წამოხტა და სანაპიროდან უკანმოუხედავად გაიქცა.

სასტუმროს გრძელ დერეფანში ხმაური მიწყდა. ნომრები დაცარიელდა, რადგან საღამოს სეირნობა და ცოტა სასმელი ყველა დამსვენებლის ჩვეული რუტინა იყო. მხოლოდ ნათია იწვა ნომერში გულაღმა იატაკზე გაშხლართული და ჭერს არ აშორებდა თვალს. იმ საღამოს ჭერი ფერადი იყო, ნათია საკუთარ თავს ხედავდა, ზღვის, ქვიშისა და მამაკაცის სურნელით გაბრუებული.

– უკაცრავად, თქვენთან სტუმარია, – ნათიას კარზე კაკუნისა და მამაკაცის ხმა ერთდროულად ჩაესმა.

– ვინ არის? – იკითხა ქალმა, როცა საკეტი გახსნა და კარს უკან მელოტი ადმინისტრატორი დაინახა.

– მამაკაცია, ამბობს, რომ თქვენი ნახვა უნდა.

– როგორ გამოიყურება? – ნათია მაშინვე დაინტერესდა.

– როგორ გითხრათ… – მხრები აიჩეჩა ადმინისტრატორმა, – სიმპათიურია, ცოტათი კოჭლობს.

ნათიას თვალები წამოენთო.

– ახლავე გამოუშვით! – წამოიძახა ქალმა აჩქარებით და ადმინისტრატორს ცხვირწინ მიუჯახუნა კარი.

ნათია სააბაზანოსკენ გაიქცა, ტუჩსაცხი წაისვა, თმა შეისწორა და მაისური გადაიძრო. სამგზავრო ჩანთიდან თხელი, მოკლე კაბა ამოაძვრინა და შიშველ სხეულზე მოირგო. სარკის წინ თმის შეკვრა სცადა, ჩხირით დაიმაგრა – არ მოეწონა, ისევ ჩამოიშალა მხრებზე. კარზე კაკუნის ხმა რომ გაისმა, ნათია ჯერ ისევ თმას აწვალებდა.

– თქვენს გარეშე სანაპირო მოსაწყენია, – ზღურბლთან მამაკაცი იდგა და წინ გაწვდილ ხელში ნათიას ზღვის ჩანთა ეჭირა, – იმედია, ყველაფერს ასე გზადაგზა არ კარგავთ.

– ცუდი ჩვევაა, უარესს ვერც კი წარმოიდგენს ადამიანი, – ნათიამ უცნობს ჩანთა გამოართვა და უხერხულად გაიხიდა კარში.

– უარესი ის იქნება, თუ ახლა არ შემიპატიჟებთ, – მამაკაცი წინ გადაიხარა და ნატკენ ფეხზე ხელი ჩამოისვა, – ათი წუთი, მეტ დროს არ წაგართმევთ.

ნათიამ სტუმარი ნომერში შეიპატიჟა. სწორედ ამ დროს გაარკვია, რომ უცნობს რეზო ერქვა და 31 წლის იყო.

– ცოლი არასოდეს მყოლია, თუმცა შეყვარებული ვიყავი, – სასტუმროს ნომერში მამაკაცმა სასმელი შეუკვეთა, ნათიას პირისპირ სავარძელში მოკალათდა და სცადა, ქალისთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხი გაეცა.

– რატომ? – კონიაკი მოწრუპა ნათიამ.

– ძნელი ასახსნელია.

– სცადე.

– კარგი, – სასმელის ჭიქა ხელში დაატრიალა რეზომ და ისე გაიხედა უმისამართოდ, როგორც წარსულის გახსენების დროს სჩვევიათ ადამიანებს, – გინახავთ ალბათ საგამოფენო დარბაზი, სადაც უამრავი ძვირფასი ექსპონატია წარმოდგენილი. ნახატების გარშემო ხალხი ირევა, ვაჭრის თვალით უყურებენ ტილოებს, ზედ ადებენ სახეს და გამადიდებელი შუშით დეტალებში იქექებიან. დარბაზის ყველაზე შორეულ კედელზე კი მხოლოდ ერთი ნახატია გამოფენილი. მის წინ ხაზია გავლებული, ნიშნით – “ახლოს მიკარება არ შეიძლება” – მხოლოდ შორიდან უნდა უცქირო… ობიექტურად ვერავინ განსჯის, ის ნახატებს შორის ყველაზე ძვირფასია თუ არა, მაგრამ სხვაა, განსაკუთრებული… არ უნდა შეეხო.

ნათიამ კარგად ვერ გაიგო, რისი თქმა უნდოდა რეზოს, მაგრამ გული ეტკინა მაინც.

– შემეშინდა, ყოველდღიურობა ისე შთანთქავდა ჩვენს სიყვარულს, მას სხვა ქალებისგან ვეღარ გამოვარჩევდი, შემეშინდა და გავუშვი.

– უცნაურია, – ჩაილაპარაკა ნათიამ და უმწეოდ დახედა თავის გამჭვირვალე კაბას.

ზღვაზე კოცნა გაახსენდა და საკუთარი სააგენტო “ნეტრა”. ახლა ერთადერთი რაც უნდოდა ის იყო, რომ რეზო წასულიყო, თვითონ კი გათენებამდე ეტირა.

– მაპატიე, მგონი, ყველაფერი გავაფუჭე, – რეზო ფიქრიდან გამოერკვა და ნათიას ცარიელი ჭიქა გამოართვა შესავსებად.

– მეტს ვეღარ დავლევ, გვიანია, ხვალ დილით უნდა გავემგზავრო.

მომდევნო ერთმა კვირამ უღიმღამოდ ჩაიარა. სააგენტოში დარეგისტრირების მსურველთა რაოდენობა მატულობდა, პარალელურდ იზრდებოდა ნათიას დანაზოგიც. ბოლოს საკუთარი ანგარიში რომ შეამოწმა, 8 000 ლარზე მეტი იყო დარიცხული. ამდენ ფულზე ნათია ვერასოდეს იოცნებებდა.

დიდი ხნის წინ მშობლებთან ერთად დაკარგა სახლი და შემოსავალი. მას შემდეგ სად აღარ სცადა ბედი, ბინის ქირისა და საჭმლის ფული ვერსად გამოიმუშავა. ბოლოს, ერთი ნაცნობის რჩევით, წვრილმან თაღლითობას მიჰყო ხელი. სააგენტოში მუშაობის პირველი დღეები რთული აღმოჩნდა, შემდეგ შეეჩვია. მთელი დღის განმავლობაში თითქოს აღარც კი ადარდებდა ფულის გამოძალვის მეთოდები, მხოლოდ ძილის წინ შეეპარებოდა ხოლმე სინდისის ქენჯნა, თუმცა ცდილობდა, ძლიერი” ყოფილიყო და ლოგინში ხანგრძლივი და დამქანცველი წრიალის შემდეგ იძინებდა. მეორე დღეს კი იგივე მეორდებოდა.

ნათია ქუთაისიდან ბათუმში მომდევნო კვირასაც გაემგზავრა. ნომერი ისევ ძველ სასტუმროში აიღო და შაბათს დილითვე სანაპიროზე გავიდა. გავარვარებულ ქვიშაზე სქელი პირსახოცი გაშალა, სახეზე ჩალის ქუდი დაიფარა და მზეს მიეფიცხა.

მოულოდნელად, მის გვერდით მწოლიარე ქალმა ქვიშაზე ხელი მოაფათურა და ცივი ხმით იკივლა:

– ტელეფონი მომპარა, დაიჭირეთ! – ფეხზე წამოფრინდა და წელში მოიხარა მსხვერპლზე დაგეშილი მტაცებელივით.

ქურდის დაჭერის მსურველი არავინ გამოჩენილა, ამიტომ ქალი დაიძრა ადგილიდან და ორ თუ სამ ნახტომში კისერში ჩააფრინდა “ეჭვმიტანილს”. სეირის მაყურებელთა შორის მაშინვე გამოარჩევდით ნათიას გაფართოებულ თვალებს, როცა ტელეფონდაკარგულმა ქალმა მამაკაცი შემოატრიალა და სააგენტოს ხელძღვანელმა მასში რეზო ამოიცნო.

საქმეში სანაპიროს პოლიცია ჩაერია, ბევრი ჩხრიკეს და ატრიალეს ეჭვმიტანილი განყოფილებაში, მაგრამ ნივთმტკიცება ვერ იპოვეს და მალევე გაათავისუფლეს. პოლიციის გან-ყოფილებიდან გამოსულს გარეთ ნათია ელოდებოდა.

– შენ? აქ არ გელოდი, – იცრუა რეზომ.

– ტაქსი გველოდება, ჩემთან წამოდი, – უპასუხა ქალმა.

როცა ძველი ნაცნობები სასტუმროს ნომერში მარტონი დარჩნენ, ნათიამ კარი შიგნიდან ჩაკეტა, თავისი ზღვის ჩანთა გახსნა და იქიდან ამოღებული ძვირადღირებული ტელეფონი რეზოს ლამის სახეზე მიახალა.

– ნაქურდალ ნივთებს გზადაგზა ტოვებ?

რეზომ გაიღიმა.

– მივხვდი, რომ ჩემზე იეჭვა და საიმედო სამალავი ვნახე.

ნათიას სახე წამოენთო.

– რა იცოდი, რომ შენს ნაქურდალს პოლიციას არ მივუტანდი?

– და რას იტყოდი, ნაქურდალი ჩანთაში მაქვსო?

– ეს რას ნიშნავს, მაიძულებ, ტყუილი ვთქვა?

რეზომ გაიცინა.

– თვეში, მინიმუმი, 300 კაცს ატყუებ და ერთი საიდუმლოს შენახვა ასე გაგიჭირდა?

ნათიას ენა დაება, ხელით ზურგსუკან სკამი მოძებნა და ჩამოჯდა.

– ვინ ხარ, რატომ მითვალთვალებ?

რეზო გვერდით მიუჯდა ნათიას.

– პოლიციელი.

– პოლიციელი? – ხმა დაკარგა ქალმა.

– ხო, – თავი დააქნია მამაკაცმა, – ნებისმიერ დროს შემეძლო შენი დაკავება, მაგრამ…

– მაგრამ რა?.. – იმედი გაუჩნდა ნათიას.

– მაინტერესებდა, რამდენად გულწრფელი იყო შენი კოცნა.

ნათიამ თავი დახარა.

– ანუ, ჩაგიშვებდი თუ არა?

– შეიძლება, ასეც ითქვას.

– ახლა რა იქნება? – ნათიასთვის თითქოს ყველაფერი სულერთი გახდა.

– შეეშვი ამ იდიოტურ საქმიანობას, ჩაალაგე შენი ნივთები, აიღე ფული და ცოტა ხანს არსად გამოჩნდე, გასაგებია?

– კი, – ფეხზე წამოვარდა ქალი. ტანსაცმელი ჩაყარა, ჩანთა კისერზე გადაიკიდა და კარისკენ ისე გაიქცა, თითქოს უკვე დასაჭერად მისდევდნენ, მაგრამ გასასვლელთან შედგა და უკან მიიხედა.

– შენ ვეღარასდროს გნახავ?

– თუ მიხვდები, რომ ზედმეტად ბევრი ფული გაქვს საიმისოდ, რომ მარტომ დახარჯო, დამიკავშირდი, – პოლიციელმა ჯიბიდან სავიზიტო ბარათი ამოიღო და ქალს გაუწოდა.

– მაშინ შეხვედრამდე, – ნათიამ გაიღიმა და სანამ ნომრიდან გავიდოდა, კიდევ ერთხელ ღრმად ჩაისუნთქა რეზოს სუნამოს სურნელით გაჯერებული ჰაერი.