ექთნის ხელფასი 219 ლარი! – ,,მადლობა დაუფასებელი შრომისთვის”

ექთნის ხელფასი 219 ლარი! - ,,მადლობა დაუფასებელი შრომისთვის"ლანა ოსიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის დას კოვიდკლინიკაში მუშაობის დროს ხელფასი 219 ლარი ჰქონდა.

,,ჩემი დის მსგავსად და მასზე უარესად არიან სხვები (სხვადასხვა კლინიკებში). ბევრის მოყოლაც შემიძლია ჩემს დაზე… ერთხელ სახლში დაბრუნების დროს მეუბნება, ვერ მივეცი იმ მოხუცს გარდაცვალების უფლება, ხელებში მაკვდებოდა მაგრამ არ ვიცი, როგორ, რა ძალით, არ მივეცი სიკვდილის უფლებაო და ბედნიერს გზაშივე ჩაეძინა. ასეთი ძალიან ბევრი ისტორია ინახება კოვიდ კლინიკების კედლების მიღმა. ეს ადამიანები უზომოდ ბევრს შრომობენ… ამიტომ, გაუფრთხილდით ერთმანეთს. ეს არის მთავარი”, – დაწერა ლანა ოსიშვილმა.
მოგვიანებით კი სხვა პოსტი გამოაქვეყნა: ,,დავხურე პოსტი უამრავი გაზიარების და კომენტარის გამო. ვინც დაინტერესდებით, შეგიძლიათ გამოითხოვოთ ინფორმაცია კლინიკებიდან და ამ ერთი მაგალითის საფუძველზე თუნდაც დაადგინოთ, იქ მომიშავე პერსონალის შრომა არის თუ არა ანაზღაურების შესაბამისი”.

მის ამ პოსტს ექიმი ანი ქავთარაძე გამოეხმაურა:

„სტუდენტობის ბოლო 3 წლის განმავლობაში ვიყავი ჯერ ექთნის დამხმარე, შემდეგ ექთანი. იმ პერიოდში სანიტრის არაერთ ფუნქციასაც ჩვენ ვითავსებდით. ამიტომ ზუსტად ვიცი, რა მძიმე ჯაფა ადგათ დღეს ექიმებთან ერთად ექთნებს, სანიტრებს, მით უმეტეს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტებში, სადაც მათ, განსხვავებით სტანდარტისგან (სადაც 1, მაქსიმუმ 2 პაციენტი უნდა ჰყავდეთ), არაერთი უმძიმესი პაციენტი აბარიათ.

ფიზიკურად არის ურთულესი და რიგ შემთხვევებში შეუძლებელიც, შეასრულო არა მხოლოდ დანიშნულება, საათობრივად, არამედ მოასწრო სხვა მრავალი – გაგზავნო მასალები კვლევებზე (ან გადაიყვანო კვლევაზე), ჩაატარო უამრავი პროცედურა, დაწყებული თეთრეულის გამოცვლით, დასრულებული 2 საათში ერთხელ ბრუნვით და ა. შ. ამასთან ერთად მოახდინო სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი და დროულად განსაზღვრო ექიმის ჩარევის აუცილებლობა.

ჩემი სოლიდარობა ყველა ექიმს, ექთანს, დამხმარეს, სანიტარს, ინჟინერს… მადლობა, თქვენი  დაუფასებელი შრომისთვის”.