,,დამ ჩვენი მშობლების სახლი ისე გაყო, არაფერი მკითხა”

,,დამ ჩვენი მშობლების სახლი  ისე გაყო, არაფერი მკითხა",,სარკე”

სულ მიკვირდა, აქ დაბეჭდილ წერილებს რომ ვკითხულობდი, ვფიქრობდი, ამ ადამიანებს თავიანთ ცხოვრებაზე რა ალაპარაკებთ-მეთქი, მაგრამ ახლა მეც მინდა  ჩემი ამბის მოყოლა. ისეთი დამძიმებული მაქვს გული, არ შემიძლია ჩუმად ყოფნა. ყველაზე დიდი ტკივილი დედმამიშვილის მიერ მიყენებული შეურაცხყოფა ყოფილა. არავის გისურვებთ მსგავსი რამის გადატანას.

მე ქუთაისში ვცხოვრობ, ჩემი მშობლები დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი სოფლიდან იყვნენ. ორი და ვართ და მშობლებმა სახლი ორივეს დაგვიტოვეს. ჩემი დაც ქუთაისში ცხოვრობდა, მაგრამ მერე მისმა ქმარმა ბიზნესმენობა მოინდომა, ის სახლი რაღაც საქმისთვის გაყიდა, ის ბიზნესიც ვერ ააწყო და ცოლ-შვილით ღია ცის ქვეშ დარჩა.

ჩემი და სოფელში გადასახლდა ქმარ-შვილთან ერთად. არც კი გამივლია გულში, რომ იქ არ უნდა წასულიყვნენ. სახლი გვქონდა და ნაქირავებში რატომ უნდა ეცხოვრათ?! დას არასოდეს ვაწუხებდი. ზოგჯერ წელიწადი ისე გავიდოდა, არც კი ჩავდიოდი. არც ჩემი ქმარ-შვილი აწუხებდა. იმაზეც კი არ მიფიქრია, რომ იქიდან რამე წილი მეკუთვნოდა. რაც ჩემია, ჩემი დისაც არის – ამ პრინციპით ვცხოვრობდი. ყველანაირად ვეხმარებოდი, გაჭირვებისას მარტო არ დამიტოვებია.

მე ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, სახსრები მაწუხებს, ამიტომ რამდენიმე აღდგომა ისე გავიდა, ვერ ჩავედი. წელს კარგი ამინდები რადგან დაემთხვა, თავს ძალა დავატანე და წავედი. ნეტა, არ ჩავსულიყავი! დამ სახლი გაყოფილი დამახვედრა, უფრო სწორად, ჩემი ნივთები ორ პატარა ოთახში დამხვდა შეყრილი, ეზო ისეა გაყოფილი, რომ მანქანაც კი ვერ შევა. თავის მიერ მისაკუთრებული ეზო და სახლი გაურემონტებია, გაულამაზებია და, რაც ხარახურა მორჩენია, ჩემს წილ ეზოსა და ოთახებში ეყარა.

დას ვუთხარი, ეს რა არის-მეთქი. ამ სახლს მე ვპატრონობ და დიდი წილი ჩემიაო. ვუთხარი, სულ შენი ყოფილიყო, ვინ გედავებოდა-მეთქი. მან კი ისეთი სიტყვები მითხრა, გული გამიპო – არ მინდა, ჩემს შვილებს შენი მიმსვლელ-მომსვლელი აწუხებდეს, უმჯობესია, ყველაფერს თავისი სახელი ერქვასო.

ვკითხე, ასე რომელი კანონებით და წესებით გაყავი, ვინ გითხრა, მე რა მეკუთვნის და შენ – რა მეთქი. ისეთი წვრილმანების მოყოლა დაიწყო, ისეთი რაღაცები იკადრა, ახლაც მგონია, ჩემი დის პირით სხვა ადამიანი ლაპარაკობდა. იქიდან მკვდარივით წამოვედი. ვუთხარი, ადამიანი არ ყოფილხარ-მეთქი.

ჩემს შვილებს მეზობლებმა ენა მიუტანეს, ბიძაშენმა დედაშენისკენ გაიწია და აგინაო. ამის თქმას არ ვაპირებდი, ახლა კი ჩემი შვილებიც ძალიან გამწარებულები არიან. ამბობენ, ამას არ ვაპატიებთო.

მინდა, რომ მთელი სახლი დავუტოვო და დავუმტკიცო. იქნებ ჩემს დას შერცხვეს და იმაზე დაფიქრდეს, რაც გააკეთა. შვილები მეუბნებიან, თუ ასე კანონებით გელაპარაკება, მაშინ ჩვენც ამ ენით დაველაპარაკოთ და წესიერად გაყოსო. მე ეს დავა არ მსურს. ყველაფერი მისი იყოს, აქეთ თუ ვეხმარებოდი, თორემ არასოდეს მიფიქრია, მისთვის რამე წამერთმია.

შვილებს დავაწყნარებ, არანაირ ჩივილს არ ვაპირებ. ჩვენ რომ დავა დავიწყოთ, ჩემი მშობლები საფლავში გადაბრუნდებიან. მას არ აქვს ჭკუა, მაგრამ მე ხომ მაქვს?! არც მე და არც ჩემი მონაგარი მას არასოდეს შეაწუხებს, ღმერთმა ყველაფერი მშვიდობაში მოახმაროს. უბრალოდ ადამიანებს ვეტყვი, რომ ასეთი რამ არ გააკეთონ. არაფერი ღირს იმის ფასად, რომ დედმამიშვილებმა ერთმანეთს გული ატკინონ.

,,სარკის” მკითხველი