ზაალ კოკაია: ,,ვაქცინა საერთოდ არ ეხება გენეტიკურ მასალას, იმ ბირთვამდე არც აღწევს, სადაც გენეტიკური მასალაა”

ზაალ კოკაია: ,,ვაქცინა საერთოდ არ ეხება გენეტიკურ მასალას, იმ ბირთვამდე არც აღწევს, სადაც გენეტიკური მასალაა",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

მეცნიერი ზაალ კოკაია 27 წლის იყო, საქართველოდან შვედეთში რომ წავიდა და 1992 წლიდან ლუნდის უნივერსიტეტში მოღვაწეობს, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი უნივერსიტეტია. მის კვლევით ბიოსამედიცინო ცენტრში მეცნიერები მთელი მსოფლიოდან იყრიან თავს და იქვე შეისწავლება თავის ტვინის პათოლოგიები.

ახლა ბატონი ზაალი სწორედ იმ ლაბორატორიას ხელმძღვანელობს, რომელიც თავის ტვინის სხვადასხვა პათოლოგიებსა და ღეროვან უჯრედებს იკვლევს. მანამდე,10 წლის განმავლობაში, ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი გახლდათ.

ზაალ კოკაია კარგად იცნობს ვირუსების ბუნებას და ვაქცინების დამზადების ტექნოლოგიაშიც შესანიშნავად ერკვევა. ,,სარკეს” აქტუალურ კითხბებზე პასუხობს:

-თუ გვინდა, პანდემიის ჯაჭვი გაწყდეს, ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა. თუ ვირუსს ექნება შეზღუდული გადაცემისა და გამრავლების უნარი, მუტაციებიც ნაკლები იქნება და გავრცელებას შევამცირებთ. აცრა არის ამ ბოროტების დაძლევის ერთადერთი გზა და ყველა უნდა დავირაზმოთ.

– ჩვენთან ამ ვაქცინებს იმიტომაც ებრძვიან, რომ რნმ ტიპის ვაქცინებში აბორტის მასალაა გამოყენებული. თქვენ ყველაზე კარგად იცით აბორტის მასალის გამოყენებისა და ვაქცინის მოქმედების მექანიზმი. მოგვიყევით ამაზე.

– ჯერ კიდევ 60-70-იან წლებში აბორტის შედეგად დაღუპული ნაყოფის უჯრედებიდან მიღებული იყო ადამიანის უჯრედული ხაზი, რომელსაც იყენებენ კულტურის პირობებში სხვადსხვა კვლევების და წამლების წარმოებისთვის. ეს მოხდა ერთხელ, მრავალი ათწლეულის უკან და დღესაც მკვლევრები იმ ერთეული აბორტის შემდეგ მიღებული უჯრედების შთამომავლებს იყენებენ. ამ უჯრედების გამოყენებით შეიქმნა არა მარტო კოვიდვაქცინები, არამედ სხვა მრავალი ვაქცინა და პრეპარატი და ამაზე აქცენტს არც არავინ აკეთებს, მით უმეტეს, აბორტი ამ მიზნებისთვის არ გაკეთებულა. ის ჩანასახი უკვე მკვდარი იყო და ამ დაღუპული ჩანასახის უჯრედების მრავალჯერადი გამრავლებით მიიღეს ე.წ. უჯრედული ხაზი. ანუ დღეს პირველადი უჯრედები არ გამოიყენება, ის პირველადი უჯრედები მრავალ ათასჯერ გაიყო და ამჟამად გამოყენებულ უჯრედების დახმარებით იქმნება პრეპარატი.

ეს მასალა პირდაპირ კავშირში არ არის ვაქცინებთან, არ წარმოადგენს ვაქცინის ნაწილს!

ვიმეორებ, ძალიან ბევრი პრეპარატი მოიხმარება დღესდღეობით, რომელთა შექმნისა თუ გამოცდის პროცესში ადამიანის უჯრედების იგივე ხაზები იქნა გამოყენებული.

-რეპროდუქციულ ფუნქციას აქვეითებს,გენეტიკაზე აქვს გავლენაო.

-არც ქალებში, არც კაცებში რნმ ვაქცინა არანაირ გავლენას არ ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციაზე. საერთოდ არ ეხება გენეტიკურ მასალას, იმ ბირთვამდე არც აღწევს, სადაც გენეტიკური მასალაა მოთავსებული. არანაირი შეხება არ აქვს გენეტიკურ ინფორმაციასთან, აბსოლუტურად უსაფრთხოა და ფაქტობრივად იცავს თითქმის 100%-ით.