თეა გვასალიამ ფეისბუქში დაწერა:
“საუკეთესო წლები არაა 18, 25 ან 40. საუკეთესო წლები ასაკთან საერთოდ არ არის კავშირში. საუკეთესო წლებია, როცა სარკეში დანახული ფიზიონომია არც სილამაზით გჭრის თვალს, მაგრამ არც გაკომპლექსებს, ღიმილით იღებ ისეთს, როგორიც ხარ და სხვისი აზრი საკუთარ გარეგნობაზე საერთოდ არ გაინტერესებს.
როცა უკან მოხედვა გსიამოვნებს, მაგრამ წარსულში დაბრუნება არ გინდა, როცა შვილები აღარც პატარები არიან, მაგრამ არც იმხელები, რომ მარტო დადიოდნენ და შენ მათ მოსვლამდე ფანჯარასთან იყო ატუზული ვალერიანის წვეთებით ხელში, როცა გგონია, რომ „ვეღარაფერი გაგაკვირვებს“, მაგრამ ცხოვრებისგან მაინც იღებ სიურპრიზებს, როცა სწავლასა და მუშაობაში გათენებული ღამეების შედეგებს იმკი და შენს სფეროში შემდგარი და დაფასებული ხარ, როცა არავიზე არ ხარ დამოკიდებული, როცა წელიწადის ყველა დრო გიყვარს, როცა პირდაპირ ეუბნები ადამიანს სათქმელს და ყველაზე ძნელად ამოსათქმელი სიტყვა „არა“ ნასწავლი გაქვს. როცა შენს ოცნებებს დაუნანებლად ელევი და შვილების ოცნებების ასრულებას ცდილობ, როცა შენი სამყარო გაქვს და სხვისი ცხოვრება არ გაინტერესებს, არ ნერვიულობ წვრილმანებზე და დიდების ზენიტში მყოფსაც და ოკეანის ფსკერზე კამბალასავით მხოხავსაც გადასარევად გახსოვს, რომ “ესეც გაივლის.“

