ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, სოციალური ქსელით დახმარებას ითხოვს, რომ საქართველოში ერთი ოჯახი მოაძებნინონ.,,იქნებ დამეხმაროთ, როგორ ვიპოვო საქართველოში ადამიანის ოჯახი, როდესაც მაქვს მხოლოდ მისი გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი.
ორიოდე დღის წინ ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი განყოფილებიდან მთხოვეს, დავხმარებოდი ერთ ქართველ პაციენტთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ქუჩიდან, უფრო სწორად, სადგურიდან მოვიდა აქ (რაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცა) ტერმინალური ონკოლოგიური დაავადებით. ,,საფრანგეთში წადი, იქ მოგარჩენენო” _ ასე მითხრა პირველი შეხვედრისას. უკვე უჭირდა ლაპარაკი და მხოლოდ სამედიცინო ანამნეზის შეკრებით შემოვიფარგლეთ…
სამწუხაროდ, აქ (და არსად) სასწაულებს ვერ ახდენენ. დღეს ისევ მთხოვეს მისვლა. მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა, პაციენტი თითქმის ვეღარ ლაპარაკობს… ამიტომ ვერ გავარკვიე, რაც მთხოვეს კოლეგებმა, რომლებიც თავზე ევლებიან. ჰყავს თუ არა ოჯახი საქართველოში (აქ მარტო მოვიდა) და როგორ დაუკავშირდნენ მათ ,რომ შეატყობინონ… ძალიან დამთრგუნველია… იქნებ, ვინმემ იცის, ვის მივმართო? მადლობა”.

