,,სარკე”, ნათია ტოტიკაშვილი
ბავშვებს ხშირად უჩდებათ სისხლჩაქცევები კიდურებზე, რაც მშობლებისთვის ნერვიულობის საბაბი ხდება. საინტერესოა, რა იწვევს სისხლჩაქცევებს და რამდენად საყურადღებო მდგომარეობაა.
სისხლჩაქცევები კიდურებზე არცთუ იშვიათია იმ პერიოდში, როცა ბავშვები სიარულს სწავლობენ ან მოგვიანებით, როდესაც ხეზე ცოცვითა და მსგავსი აქტივობებით არიან დაკავებულები. მექანიკური ტრავმის შედეგად ზიანდება სისხლძარღვი და სისხლი გროვდება კანქვეშ. აღსანიშნავია, რომ სისხლჩაქცევები უფრო ადვილად ჩნდება კანის იმ მიდამოში, რომელიც მჭიდროდ ეკვრის ძვლებს.
სისხლჩაქცევა შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის. ეს დამოკიდებულია დამაზიანებელ ფაქტორზე და ტრავმის ხანდაზმულობაზე. როგორც წესი, სისხლჩაქცევა წითელი შეფერილობისაა, რასაც განაპირობებს ჟანგბადით მდიდარი ერითროციტების დაგროვება დაზიანების არეში. 1-2 დღეში სისხლი კარგავს ჟანგბადს და სისხლჩაქცევა იღებს მუქ ლურჯ ან იასამნისფერ შეფერილობას. მეხუთე დღისთვის მომწვანო ელფერისაა, რაც ჰემოგლობინის დაშლის პროდუქტების წარმოქმნის შედეგია, შემდგომ კი ღიავდება ყვითელ ან მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობამდე. სისხლჩაქცევის სრულ ალაგებას დაახლოებით 2 კვირა სჭირდება.
თუ ბავშვი აქტიურია და სხვა ჩივილები არ აქვს, სისხლჩაქცევები მშობლის შეშფოთების საგანი არ უნდა გახდეს, მით უმეტეს, თუ მექანიკური დაზიანების წყარო ცნობილია. აქვე აუცილებელია გავითვალისწინოთ პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც ასევე იწვევს სისხლჩაქცევებს ბავშვის სხეულზე და დამატებით ყურადღებას საჭიროებს.
მშობელმა პედიატრს უნდა მიმართოს, თუ:
სისხლჩაქცევას აქვს უჩვეულო ლოკაცია (მუცელი, ლოყა, ზურგი, დუნდულები) და არ უკავშირდება ტრავმას;
დამატებით გამოხატულია ზოგადი სისუსტე და სისხლდენა ცხვირიდან ან ცხელება;
ბავშვს სისხლჩაქცევები აქვს ლორწოვან ზედაპირებზე, თვალის სკლერაზე; ვლინდება სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; სისხლჩაქცევა აღენიშნება კიდურზე და აღნიშული კიდურის მოძრაობა შეზღუდულია;
არსებობს სისხლდენების (სისხლის დაავადებების) ოჯახური ისტორია.
რაც შეეხება ტრავმის შემდგომ სისხლჩაქცევებს, ისინი, როგორც წესი, თავისით გაივლის. სახლის პირობებში, იმისათვის, რომ ბავშვს დისკომფორტი მოუხსნათ, შეგიძლიათ, ცივი ტილოს ან ყინულის დადება სისხლჩაქცევის ადგილზე პირველი 24 საათის განმავლობაში, შემდგომ კი, 1-2 დღის განმავლობაში – თბილი საფენები ან აბაზანა.
დედიკოებო, გახსოვდეთ, რომ, ხშირ შემთხვევაში, სისხლჩაქცევა კიდურებზე სრულიად ნორმალური მოვლენაა და ის ყველა ბავშვში გვხვდება.