ბავშვურად უმანკო გამოხედვით, ნატიფი, ლამაზი, გამორჩეული ხიბლის მქონე გოგონა ცხვირზე საყვარელი ჭორფლით – ხათუნა კოტრიკაძე. ,,მეთხუთმეტე გაზაფხული”, ,,მოიტაცეს თამარ ქალი”, ,,მხიარული რომანი” – ამ სამ არაჩვეულებრივ ფილმში გაიელვა და მისი სამსახიობო კარიერა ამით დამთავრდა. მაშინ ითქვა, რომ კინოში სათამაშოდ ქმარმა არ გაუშვა, მაგრამ, როგორც გავიგეთ, კინო არც მისთვის ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი. ხათუნა კოტრიკაძე ცნობილი ფეხბურთელის, ალიოშა კოტრიკაძის ქალიშვილია.
,,სარკის” არქივში ინახება ინტერვიუ, რომელიც 2003 წელს ხათუნა კოტრიკაძის დედასთან, ნანული ნიშნიანიძესთან, არის ჩაწერილი, სადაც ქალბატონი ნანული ყვება:
-სამ ფილმში გადაიღეს და მისი კარიერა ამით შეწყდა. ეს იმანაც განაპირობა, რომ ქმარი ძალიან ეჭვიანი ჰყავს, კატეგორიულად აუკრძალა კინო.
ერთადერთი უნებართვო ნაბიჯი, რომელიც ხათუნამ გადადგა, დათო გოგიაზე გათხოვება იყო. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ჩვენ არ გვინდოდა დათო, უბრალოდ, ჯერ არ იყო მისი გათხოვების დრო. სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა, ვეუბნებოდით, ჯერ უმაღლესში ჩააბარე და მერე გათხოვდი-თქო, მაგრამ მაინც გაჰყვა. დათო მასზე 9 წლით უფროსია, ჩამოყალიბებული კაცი იყო.
ამდენი ხნის შემდეგაც ხათუნას დაბადების დღეზე დათოს არ შეუძლია, რომ სახლი ყვავილებით არ გაავსოს. აღარაფერს ვამბობ მის სხვა თვისებებზე. ერთადერთი ის არის, რომ დათო ეჭვიანია. ჩვენს ოჯახში კი ეჭვიანობა არასოდეს ყოფილა.
– ხათუნა თავისი ბედით კმაყოფილია?
– ცოლ-ქმარს ძალიან უყვარს ერთმანეთი. დათო ცოლს აღმერთებს, ხათუნაც – შესაბამისად. გული მწყდება, რომ ხათუნა მეცნიერებას არ გაჰყვა, ბრწყინვალე ბიოლოგია.
– ოჯახში როგორი დიასახლისია, სოფლად რას აკეთებს?
– სხვათა შორის, ხათუნას 37 წლამდე სახლში არაფერი გაუკეთებია, მე ვაკეთებდი ყველაფერს.ახლა ისეთი დიასახლისი დადგა, რომ პირდაპირ განცვიფრებული ვარ. ქსოვს, კერავს, მისი ხელიდან ყველაფერი გამოდის. ძალიან რელიგიურია, ისეთი სიღრმეები იცის, გაგიკვირდებათ.

