მოსიარულე წმინდანი _ ასე უწოდა დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველიშვილმა ლია სალაყაიას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ქართულ ტრადიციულ გალობას მიუძღვნა. სამწუხაროდ, ის კორონავირუსით გარდაიცვალა.
,,უსაზღვროდ ვწუხვარ და განვიცდი ლია სალაყაიას გარდაცვალებას. სასულიერო მუსიკის წრემ კარგად იცის მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ქალბატონი ლიას უსაზღვრო თავმდაბლობის გამო, ფართო საზოგადოებამ შესაძლოა _ ნაკლებად. ერთი წინადადებით შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ის იყო მოსიარულე წმინდანი!
ისე, როგორც ლია სალაყაია ქართულ გალობას, ახალგაზრდობას, სამშობლოს და ქრისტიანობას ემსახურა, არც კი ვიცი ჩვენს ეპოქაში მოიძებნებიან თუ არა მსგავსნი…
უდიდეს სევდასთან ერთად განსაკუთრებული მადლიერებით ვარ სავსე, რომ ბევრი საუკეთესო მოგონება მაკავშირებს მასთან, სწორედ მისი დამსახურებით გავაცნობიერე, რა დიდი მუსიკალური მემკვიდრეობა დაგვიტოვეს ღირსეულმა წინაპრებმა, გენიოსებმა, ვინც ქმნიდნენ დედამიწის მასშტაბის შედევრებს – ქართულ საგალობლებს…
ლია სალაყაია სამოთხის სამოთხეში დაიმკვიდრებს სასუფეველს და ახლა მას ვავედრებ ჩვენს სულებსა და ჩვენს სამშობლოს. და ესეც კორონას მორიგი დარტყმა.”

