ლელა ქართველიშვილი: ,,ამერიკელები ოჯახის უზომოდ დიდი პატივისცემით გამოირჩევიან”
რის საძებნელად წავიდა ქართველი მხატვარი ოკეანის გაღმა

ლელა ქართველიშვილი: ,,ამერიკელები ოჯახის უზომოდ დიდი პატივისცემით გამოირჩევიან",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ლელა ქართველიშვილი წელიწადნახევარია ნიუ იორკში ცხოვრობს. იქ ერთ ამერიკულ ოჯახში მუშაობს, პარალელურად, ხატავს, ლექსებსა და მოთხრობებს წერს და გამოფენებსაც აწყობს. ამბობს, რომ მისი ნახატებით სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილი მხატვრები ინტერესდებიან. ნამუშევრებს ჯერ არ ყიდის, რადგან დიდი პერსონალური გამოფენისთვის ემზადება.

ლელა ამერიკასა და მსოფლიოში ცნობილი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი), საერთაშორისო საზოგადოების დამფუძნებელია. ალექსანდრე ქართველს ამერიკის სამხედრო ავიაციის მამას უწოდებენ, მან უდიდესი წვლილი შეიტანა ამერიკის სამხედრო ავიაციაში – 4 ტიპის ავიაგამანადგურებლის მოდელები შექმნა. ლელას მიზანია, მისი წარმომავლობის შესახებ მთელ ამერიკას გააგებინოს. თავადაც ქართველის ფსევდონიმით ხატავს და წერს.

ლელა ქართველიშვილი: პოლიტოლოგი, მხატვარი და ბიოლოგი ვარ. საქართველოში ხატვისთვის ვერ ვიცლიდი, რადგან სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში ვიყავი ჩართული. 8 წელი ვიმუშავე კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულების ხელმძღვანელად. ასევე ვარ საარჩევნო საქმის წამყვანი სპეციალისტი და 5 წელი ვიმუშავე კოალიცია “ქართული ოცნების” ტრენინგცენტრში ტრენერად.

2013 წლიდან დავაარსე ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოება და აქტიურად გავაგრძელე თანამშრომლობა ამერიკულ მხარესთან. მოგეხსენებათ, ალექსანდრე ქართველი ამერიკაში მოღვაწე დიდი ავიაკონსტრუქტორი იყო და ამერიკელები მას დღემდე თავიანთი სამხედრო ავიაციის მამად თვლიან. ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არამარტო ალექსანდრე ქართველის, არამედ ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველების პოპულარიზაცია გახლავთ.

ალექსანდრეს დარჩა მხოლოდ დისშვილი, დიმიტრი ერისთავი, რომელიც საქართველოში ცნობილი მხატვარია. ეს საზოგადოება სწორედ მე და ბატონმა დიმიტრიმ დავაფუძნეთ.

– როცა ამერიკაში ჩახვედით, ისეთი აღმოჩნდა ეს ქვეყანა, როგორსაც ელოდით, როგორიც წარმოგედგინათ?

– ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ აღმოვჩნდი ახალ სამყაროში, სულ სხვა რეალობაში, ვიდრე ეს შორიდან ჩანს. ეს არის ქვეყანა, სადაც თავს იყრის მსოფლიოს სხვადასხვა კულტურა და დღემდე დიდი გამოწვევების წინაშე დგას. სახელმწიფო სისტემა საათივით არის აწყობილი და მას მილიონობით ადამიანი ემსახურება.

ამერიკელები გამოირჩევიან მაღალი სამოქალაქო კულტურით, კანონისა და ოჯახისადმი უზომოდ დიდი პატივისცემით. აქ შერჩევითი სამართალი არ მუშაობს. ეს ქვეყანა გამოირჩევა ტოლერანტობის მაღალი ხარისხით და არ გიკარგავს შენს ეთნიკურ თუ რელიგიურ კუთვნილებას. მთავარია, არ იყო კრიმინალი და პატივი სცე კანონს, დანარჩენი, რაც გინდა, ის აკეთე.

– საქართველოში ხატვისთვის ვერ იცლიდით, ამერიკაში კი გამოფენებს მართავთ. როგორ ახერხებთ ამას უცხო ქვეყანაში?

– ამერიკაში დავუბრუნდი ჩემს თავს, ჩემს სულიერ სამყაროს და აქტიურად დავიწყე ხატვა. 5 მაისს ქართველ მხატვრებს გამოფენა გვქონდა მანჰეტენზე მდებარე გალერეაში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გამოფენის ორგანიზატორს, ქალბატონ მარიტა დამენიას, რომლის ინიციატივით ივლისში კვლავ იგეგმება ახალი გამოფენა.

გრაფიკოსი ვარ და ძირითადად ვხატავ ტუშით, კალმით, აკვარელითა და გუაშით. მაქვს ჩემი ფილოსოფიური ხედვა და განსხვავებული ხელწერა. მინდა, მომავალ წელს ჩავატარო პერსონალური გამოფენა, რომელიც იქნება ინოვაციური და საინტერესო. გარდა ამისა, ვწერ ლექსებს, ჩანახატებს და მოთხრობებს.

– ამერიკაში სხვადასხვა დარგს მართლაც ბევრმა ქართველმა დააჩნია თავისი კვალი. ძველი თაობის ემიგრაციიდან ვინმე თუ დაგხვდათ მანდ, ვინმე თუ გაიცანით?

– ძველი თაობის ემიგრანტებიდან აქ დამხვდა ორი უხუცესი – ბატონი ნიკო თოფურია და ბატონი მამია ზაქრაძე. ორივე 98 წლის გახლდათ. 2 თვე მიმასპინძლა ნიკო თოფურიას საოცარი ქართული სულისკვეთებით აღსასვე ოჯახმა. ბატონი ნიკო 22 წელი იყო ქართული სათვისტომოს მდივანი. ქართული დიასპორა ხშირად იკრიბებოდა მის სახლში, სადაც მსჯელობდნენ სამშობლოს ბედ-იღბალზე და სულმოუთქმელად ელოდებოდნენ საქართველოდან ამბების გაგებას.

სამწუხაროდ, ბატონი ნიკო გარდაიცვალა. როგორც ვიცი, მისი პირადი არქივი ძალიან მალე სამშობლოს დაუბრუნდება.

– რას გიყვებოდათ ნიკო თოფურია, როგორ ცხოვრობდნენ მისი თაობის ემიგრანტები?

– ბატონი ნიკო ყოველ დილით მეკითხებოდა: “ახალი რა არის საქართველოდან?”, “ხომ კარგი ამბავია?”, “გლახად არის საქმე?”. ეს განცდა სულ აწუხებდა ძველ ემიგრაციას. კავკასიიდან ჩასულმა ემიგრაციამ შეიძინა კავკასიური სახლი, რომელსაც “ალავერდი” ერქვა და ქართული სათვისტომო თავის აქტიურ საქმიანობას იქ აგრძელებდა. სამწუხაროდ, ეს სახლი დღეს უკვე აღარ არსებობს, უსახსრობისა და დიდი გადასახადების გამო, ვერ შეინარჩუნეს.

– როგორ აღმოჩნდა ოკეანის გაღმა, როგორია მისი ემიგრანტული ამბავი?

– ბატონი ნიკო მეორე მსოფლიო ომში ტყვედ ჩავარდნიდა. ომის დასრულების შემდეგ 6 წელი იტალიაში იცხოვრა და ბოლოს ამერიკაში ჩამოვიდა. მან წიგნიც დაწერა ემიგრანტულ ცხოვრებაზე.

– ზოგადად როგორ ცხოვრობენ დღეს ქართველები ამერიკაში?

– რამდენიმე ათასი ქართველი ცხოვრობს ამერიკის სხვადასხვა შტატში. ყველაზე მეტი ქართველი ნიუ იორკის, ნიუ ჯერსის და პენსილვანიის შტატებშია. ძალიან რთულია უცხო ქვეყანაში პირველი საფეხურების გავლა, მით უმეტეს, ისეთ გიგანტურ მეგაპოლისში, როგორიც არის ნიუ იორკი. ბევრს აქვს ენის ბარიერის პრობლემა, რაც სამუშაოს მოძებნაში ხელს უშლით. ამიტომ იძულებულები არიან, დაბალანაზღაურებად სამსახურებს დასთანხმდნენ.

მწვანე ბარათით ვინც ჩამოდის და თან ოჯახთან ერთად, მათ სხვა გამოწვევის წინაშე უხდებათ ცხოვრება. ბინა უნდა იქირაონ, რაც ძალიან ძვირია, გადასახადები უნდა იხადონ, რაც ძალიან დიდია და ა.შ. ვინც მარტო მოდის, ისინი უმეტესად არალეგალურად იწყებენ ცხოვრებას, ხშირად სამუშაო ადგილებზე სახლდებიან, როგორც დაქირავებული მოსამსახურეები და ხარჯიც შედარებით ნაკლები აქვთ. შემდეგ საფეხურზე კი ხდება ინტეგრირება ამერიკულ საზოგადოებასთან, სწავლობ იქაური ცხოვრების წესს და კანონისადმი მორჩილებას.

ახალგაზრდების უმეტესობა განათლებასაც იღებს, რაც ძალიან ძვირია, ამიტომ ხშირად კრედიტებს იღებენ და წლების განმავლობაში იხდიან. ეს ქვეყანა ნიჭიერი ხალხისთვის ნამდვილად მიმზიდველია. ნიჭიერს მეტი გასაქანი აქვს და ადგილსაც ადვილად იმკვიდრებს საზოგადოებაში.

– ხშირად იკრიბებით ქართველები?

– კულტურულ ღონისძიებებს ვატარებთ ქართული კულტურის ცენტრში, რომელსაც მსახიობი ცუცა კაპანაძე ხელმძღვანელობს. ასევე აქტიურობს ქართული ანსამბლი “ფესვები”. მათი კონცერტები დიდი ანშლაგებით ტარდება. ყოველ წელს იმართება “თბილისობა”, სადაც ვაწყობთ სხვადასხვა გამოფენებსა და ღონისძიებებს. ემიგრანტობა ძალიან დიდი ფსიქოლოგიური განცდაა.

– რას გულისხმობთ ფსიქოლოგიურ განცდაში? იქნებ ეს პირად მაგალითზე მოგვიყვეთ.

– დიდი ფსიქოლოგიური განცდა იწყება სამშობლოს, ოჯახის და მეგობრების უსაზღვრო მონატრებით. ამ ყველაფერს გვიმსუბუქებს ქართველებთან კომუნიკაცია, ვქმნით სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებებს, შთაბეჭდილებებს, რჩევებს. ზოგჯერ ექსკურსიაზე ან სხვადასხვა მუზეუმებში დავდივართ. ზოგი იწყებს ლექსებისა და მოთხრობების წერას, ზოგი მღერის ან ცეკვავს.

მოკლედ, ვისაც რა შეუძლია, იმას აკეთებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ ამისთვის სცალიათ, უბრალოდ ეს ფსიქოლოგიური დატვირთვის ერთგვარი გამოხატულებაა. რაც შინაგანად გიგროვდება, უკვე ცდილობ, გადმოსცე ფანქრით ან კალმით.

მე აქ დავუბრუნდი ხატვას. ჩემი ლექსებიც ემიგრანტული სულით არის გაჟღენთილი – “მონატრება”, “მზე საქართველოდან”, “საგანძური”, “ერის ტკივილი” და სხვა.

– ამერიკაში ხატვისა და წერის გარდა, რას საქმიანობთ, სად მუშაობთ, რა სახსრებით ცხოვრობთ?

– ამ ეტაპზე ვმუშაობ ამერიკულ ოჯახში და აქვე მაქვს შემოქმედებითი მუშაობისთვის მოხერხებული სივრცე. ჩემთვის ხელსაყრელი პირობებია.

თუმცა საქართველოში საკმაოდ პრესტიჟულ ადგილებზე მუშაობდით. რა გახდა იმის მიზეზი, რომ სამშობლოში ყველაფერი დაგეთმოთ, ამერიკაში წასულიყავით და ოჯახში გემუშავათ?

– პროექტი, რომელზეც ვმუშაობდი, დასრულდა და სანამ ახალს დავიწყებდით, დედა გამიხდა მძიმედ ავად და გარდამეცვალა. იმ ეტაპზე დონორი ორგანიზაციები ჩვენი წინადადებებით არ დაინტერესდნენ და არც ხელისუფლებას აინტერესებდა მსგავსი პროექტები. ამიტომ, დრო რომ არ დამეკარგა, გადავწყვიტე, წამოვსულიყავი ამერიკაში, შევხვედროდი დაინტერესებულ პირებს და საქართველო-ამერიკის სასარგებლოდ ერთობლივი პროექტები მოგვეფიქრებინა.

ამერიკული ცხოვრება ახალი რეალობის წინაშე გაყენებს, უნდა იბრძოლო დამკვიდრებისთვის, ახალ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, რასაც დრო დასჭირდა, მაგრამ ეს გზა გასავლელი იყო.

აქ შევხვდი ახალგაზრდა ქართველებს, რომლებიც ნასა-ს ცენტრში მუშაობენ, ამერიკის სამხედრო არმიაში მსახურობენ და ასევე სხვადასხვა სფეროში არიან რეალიზებულნი. ვფიქრობთ ერთობლივ პროექტებზე, რაც, პირველ რიგში, საქართველოშიც და ამერიკაშიც ახალგაზრდებისთვის საინტერესო, საგანმანათლებლო და ინოვაციური იქნება.

– თქვენი ნახატებიც შემოსავლის ერთ-ერთი წყარო ხომ არ არის?

– ჯერჯერობით არ ვყიდი, რადგან პერსონალური გამოფენისთვის ვემზადები. ვნახოთ, მომავალში რა იქნება… ჩემი გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ამერიკელები, “ამერიკის ხმის” ჟურნალისტები და სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს თანამშრომლები. ჩემი ნამუშევრებით დაინტერესებული არიან საფრანგეთში, გერმანიაში და საბერძნეთში მცხოვრები ცნობილი მხატვრები. ერთობლივ გამოფენებსაც ვგეგმავთ.