კახი კავსაძე: ,,მიშა თუმანიშვილს არ ვუყვარდი, ჩემი წინააღმდეგი იყო”

კახი კავსაძე: ,,მიშა თუმანიშვილს არ ვუყვარდი, ჩემი წინააღმდეგი იყო",,სარკე”, ნანა კობახიძე

,,5ივნისს 77 წელი შემისრულდა. ეს ძალიან ბევრია. ახალგაზრდობაში ჩემი ხნის კაცს რომ ვნახავდი, ვიტყოდი:,,ნამუსი არ აქვს? რა ამბავია ამდენი წელი! ხომ დაამძიმა ეს დედამიწა”.მაგრამ თვალს თუ გადავავლებ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ვთვლი, რომ აბსოლუტური წუთი გავიდა – როგორ მახსოვს ყველაფერი, სუნიც კი მახსოვს მოვლენების”, – უყვებოდა გენიალური მსახიობი, კახი კავსაძე, ,,სარკეს” 2012 წელს.

რაც მისთვის წუთი იყო, ქართული კინოსა და თეატრისთვის მთელი ეპოქაა. მან ქართულ კულტურას თავისი წილი წონა შეჰმატა, თუმცა იოლი გზით არ უვლია. ბატონი კახი კავსაძე ,,სარკეს” უყვებოდა:

-არასოდეს მიფიქრია, არტისტი თუ გავხდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ხშირად დავდიოდი თეატრში და გარემოცვაც ხელს მიწყობდა. ჩემი ბედი ერთმა შემთხვევამ განსაზღვრა. იღებდნენ ფილმს ,,ისინი ჩამოვიდნენ მთიდან”, მეც დამიძახეს სინჯებზე. მაშინ მე-11 კლასში ვსწავლობდი.სამნი დაგვამტკიცეს: ლეილა აბაშიძე, გოჩა აბაშიძე და მე.

ერთხელ ბიჭები სკოლიდან საცურაო აუზზე წავედით. სიმაღლიდან გადმოვხტი, ცუდად დავეცი და 6 ნეკნი დამემტვრა.თამაში ვეღარ შევძელი. 8 თვე ვიწექი,ნეკნები შემიხორცდა, მაგრამ დარტყმისგან ტრავმული პლევრიტი მივიღე.დიდხანს ვიავადმყოფე. იმ ფილმში რომ ვერ გადამიღეს, არტისტობის ჟინი დამეუფლა, თეატრალურ ინსტიტუტში ჩემი თავის ჯინაზე ჩავაბარე.

გამოცდებზე რაღაც ლექსი წავიკითხე. მისაღებ კომისიაში აზრი ორად გაიყო. როგორც შემდეგ მითხრეს, მხარი დამიჭირეს ლილი იოსელიანმა და კოტე მახარაძემ.

-ყოჩაღ! – მყისვე დაუდასტურეს ხორავამ და ვასაძემ.

მიშა თუმანიშვილი ჩემი წინააღმდეგი იყო. დიდხანს არ ესმოდა, რა კაცი ვიყავი, რატომ დავდიოდი თეატრში.ალბათ უფრო ხულიგანს ვგავდი. მიშა თუმანიშვილს არ ვუყვარდი. ერთხელ რუსთაველის თეატრის ახალგაზრდა მსახიობთა აუდიტორიის წინაშე საუბრისას თეატრში შემთხვევით მოხვედრილ ადამიანებს შეეხო და ნიმუშად დამასახელა:

-აი, კახისგან შეიძლებოდა კარგი იურისტი, კარგი ექიმი ან ინჟინერი დამდგარიყო, არადა თეატრში შემთხვევით მოხვდა.ახლა უკვე თავსაც ვეღარ ანებებს.

სიმწრისგან თავს ვეღარ ვძლიე და ვუპასუხე:

-ბატონო მიშა, როგორი არტისტი ვარ, არ ვიცი, მაგრამ მე ისეთ ოჯახში დავიბადე და ისეთ სახლში გავიზარდე, თეატრში შემთხვევით არ მოვხვედრილვარ… სიმართლე თუ გინდათ, თქვენ მოხვდით თეატრში შემთხვევით და ძალიანაც კარგი, რომ მოხვდით, იმიტომ, რომ შესანიშნავი რეჟისორი ბრძანდებით… ხომ ასეა, ბატონო მიშა?!

ამის თქმისთანავე იქაურობას გავეცალე. დრო გადიოდა და თეატრში მნიშვნელოვანს არაფერს ვქმნიდი. ერთხელ დასის მმართველმა ვანო ჯინჯიხაძემ მირჩია, თეატრიდან წავსულიყავი, ეგებ ასე მაინც ვწეოდი ბედს.

-კახი, რაღაც მიზანი არ გაქვს ცხოვრებაში? – მკითხა.

-მიზანი მაქვს, – მივუგე, – მიშა თუმანიშვილს უნდა დავუმტკიცო, რომ არტისტი ვარ.

ჯერ ჯოხი მეკავა სცენაზე, მერე ეს ჯოხიც წამართვეს. კარგა ხანს ასე ვიყავი. თეატრის დატოვება გადავწყვიტე. 24 წლის ვიყავი, ახალგაზრდა რობიკო სტურუა რომ მოვიდა თეატრში. პრაქტიკულად ჩემი ყველა თეატრალური წარმატება მასთანაა დაკავშირებული.

ჯერ ერთი სიტყვა მომცეს, მერე – ორი, შემდეგ უფრო სერიოზულად გამოვჩნდი სცენაზე. მერე კინოშიც გადამიღეს. ერთ მშვენიერ დღეს მანქანით მივდიოდი. ვხედავ, ბატონი მიშა თუმანიშვილი კინომსახიობთა თეატრისკენ ფეხით მიეშურება.

-დაბრძანდით, ბატონო მიშა, – გავუჩერე მანქანა.

ჯერ იუარა. რომ არ მოვეშვი, დამემგზავრა.

-რა ხდება თქვენთან თეატრში, მუშაობა როგორ მიდის? – მოვიკითხე.

ჩემდა გასაკვირად, მიპასუხა:

– ეჰ, კახი, თეატრში შენნაირი ერთი-ორი არტისტი რომ მყავდეს, რაღა მიჭირს!..

ხომ არ მომესმა-მეთქი, ვიფიქრე. მანქანა დავამუხრუჭე და ჩავეკითხე:

-რა ბრძანეთ, ბატონო მიშა?

გამიმეორა… მეგონა, ხელახლა დავიბადე. ბოლოს და ბოლოს ამ დიდებულმა რეჟისორმა აღიარა, რომ თურმე მეც არტისტი ვყოფილვარ!