,,ძველმა თაობამ რამაზ გიორგობიანი დაიწუნა” – ქართული კინოს იუმორით გამორჩეული და სევდით სავსე სახე

,,ძველმა თაობამ რამაზ გიორგობიანი დაიწუნა" - ქართული კინოს იუმორით გამორჩეული და სევდით სავსე სახე,,სარკე”, ირინე მჭედლიძე

მან სულ რაღაც 49 წელი იცოცხლა, მაგრამ დღეს ქართული კინო არ არსებობს მისი როლების გარეშე. საოცარი ეკრანული ხიბლითა და იუმორით გამორჩეული, ამავე დროს სევდით სავსე, გამოკვეთილად ინტელიგენტი – ასეთია მეგობრების თვალით დანახული მსახიობი და რეჟისორი, რამაზ გიორგობიანი, რომელსაც 16 აპრილს 75 წელი შეუსრულდებოდა.

ოთარ იოსელიანის აღმოჩენა

იშვიათია მსახიობი, რომელიც ყველა როლს, ეპიზოდურს თუ მთავარს, ასე ძერწავდეს და ასე დასამახსოვრებელს ხდიდეს, არადა, როცა ,,გიორგობისთვეში” გადაიღეს, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი იყო. რამაზ გიორგობიანი ქართველი კლასიკოსი რეჟისორის, ოთარ იოსელიანის, აღმოჩენაა. როცა რეჟისორი “გიორგობისთვის” გადასაღებად ემზადებოდა და მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა, რამაზ გიორგობიანი მათემატიკურ ოლიმპიადაში მონაწილეობდა. ის რეჟისორის ასისტენტმა შეამჩნია და ოთარ იოსელიანთან მიიყვანა. მას უთქვამს, ზუსტად ასეთ ბიჭს ვეძებდიო და ასე შემოიყვანა რეჟისორმა რამაზ გიორგობიანის სახით ახალი გმირი ქართულ კინოში.

რეჟისორი  ელდარ  შენგელაია  გადაცემაში “ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ” ასე იხსენებს რამაზ გიორგობიანთან ერთად მუშაობას ფილმზე “ცისფერი მთები”, რომელსაც სახელმწიფო პრემია მიანიჭეს:

– ოთარ იოსელიანი როცა სამხატვრო საბჭოს აჩვენებდა, ძველმა თაობამ რამაზ გიორგობიანი დაიწუნა, რადგან მაშინ ლამაზ სახეებს იყვნენ მიჩვეული. “გიორგობისთვის” შემდეგ ძალიან ბევრ ფილმში გადაიღეს. ის მოაზროვნე ადამიანი იყო…

მე და რეზო ჭეიშვილმა ფილმ “ცისფერი მთების” სცენარი რომ დავამთავრეთ, სახელსა და გვარს არ ვიტყვი, მაგრამ სოსოს როლზე სულ სხვა ვინმეზე ვფიქრობდი. როცა სინჯები სამხატვრო საბჭოს ვაჩვენეთ, ჩემმა ძმამ, გიორგიმ (კინორეჟისორი გიორგი შენგელაია. ავტ.), მითხრა: “რამაზ გიორგობიანი!”.

რამაზს ჰქონდა ერთი ნაკლი, ხანდახან სმა უყვარდა. გავაფრთხილე, არ დალიო-მეთქი. საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისას მთვრალი მოვიდა და მე ის მოვხსენი. მეორე დღეს ბოდიში მომიხადა და მთლიანად კარგად ითამაშა.

ფარული სევდა

,,გიორგობისთვის” შემდეგ რამაზ გიორგობიანმა ფიზიკა-მათემატიკურიდან საბუთები ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გადაიტანა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი თეატრალურ ინსტიტუტში კინოსარეჟისოროზე ჩააბარა და მთლიანად კინოს მიუძღვნა თავი – იღებდა ფილმებს, წერდა სცენარებს და რომ არა ის საბედისწერო დღე და ინსულტი, კიდევ ბევრ რამეს შექმნიდა.

– რამაზის გარდაცვალების შემდეგ შევაგროვე მისი ხელნაწერები და ორ ტომად გამოვეცი. ერთი ტომი მის დაწერილ პიესებს დაეთმო, მეორე – თხზულებებს. პიესებში მთლიანად თავის ცხოვრებას ასახავდა. ბევრი მისი ნაწერი გარდაცვალების შემდეგ წავიკითხეთ, რადგან მანამდე არავის გვაკითხებდა. მერე კი გაოცებულნი დავრჩით. რამაზი ძირთადად თავის გულისტკივილსა თუ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე წერდა. ბევრი გეგმა ჰქონდა, მაგრამ განხორციელება არ დასცალდა. მხოლოდ 4 ფილმი გადაიღო, სცენარები კი მეტი ჰქონდა დაწერილი…

რამაზი 16 წლის იყო, როდესაც მამამისი, დუტუ გიორგობიანი, გარდაიცვალა. ჩემი ძმა 7 წლის იყო, როდესაც მშობლები გაშორდნენ, მაგრამ მას მამასთან ურთიერთობა ჰქონდა, თანაც ძალიან კარგი. დუტუ შვილს ყურადღებას აქცევდა და მასზე ზრუნავდა. ჩემი ძმა მშობლების გაშორებას ძალიან განიცდიდა, მაგრამ ამას არასდროს გამოხატავდა.

წლების შემდეგ მან ფილმი “მორევი” გადაიღო, რომელშიც ბევრი ამბავი მის ცხოვრებას წააგავს. სცენარის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ რამაზისთვის ბუნდოვანი იყო მიზეზი, რის გამოც მისი მშობლები ერთად აღარ იყვნენ. როგორც ჩანს, ეს ამბავი და გაურკვევლობა ყოველთვის აწუხებდა და გულისტკივილი ფილმში გადმოიტანა, – იხსენებს რამაზ გიორგობიანის და, მაია გაჩეჩილაძე, “სარკესთან”.

,,როდესაც ვიხსენებ კაცს, რომელსაც, მინდა, გულით მივეფეროთ, პირველი, რაც მახსენდება, არის მაღალი, თხელი, სევდანარევი და, ამავე დროს, იმედისმომცემი ბიჭი დამოკლებულ შარვალში, რომელსაც ყველაზე დაუმორჩილებელი ქოლგებიც ნებით მიჰყვებიან (ფილმში “ქოლგა”) და რომლის ნახტომიანი ნიჭიერი გავლა ჩემთვის მაიკლ ჯექსონის “მთვარიან სიარულზე” უფრო მეტს ნიშნავს…

მე ბავშვობიდან ვიცნობდი მის დედას, ულამაზეს ქალბატონ ნუცა მიქელაძეს, ოპერის ყოფილ პრიმადონას, რომელსაც პოეტი ირაკლი აბაშიძე საქართველოს იადონს ეძახდა და რამაზის დას, მაიჩკა გაჩეჩილაძეს, რომელიც ჩემთვის სულ მაიჩკად რჩება, თუმცა დღეს უკვე პროფესორია…

და კიდევ მახსენდება რამაზის მამინაცვალი, ოპერის თეატრის რეჟისორი, ბატონი გივი გაჩეჩილაძე – შესანიშნავი კაცი, მაღალი, საიმედო და უთბილესი… რამაზს შესანიშნავი მამა ჰყავდა, ბატონი დუტუ, რომელიც არასდროს აკლებდა ყურადღებას და ზრუნვას, მაგრამ ყოველდღე გვერდით ჰყავდა კაცი, ვისაც შვილივით უყვარდა…”, – წერდა სოციალურ ქსელში ლელა ანჯაფარიძე, რომელიც 2 წლის წინ გარდაიცვალა.

ოპერის პრიმადონასა და ოპერის რეჟისორის ოჯახში რამაზ გიორგობიანის გადაწყვეტილებას, მთლიანად კინოსთვის მიეძღვნა თავი, სიხარულით არ შეხვდნენ.  მაია  გაჩეჩილაძე  “სარკესთან” იხსენებს:

– რამაზის მსახიობობას დედაჩემი უარყოფითად შეხვდა. ,,გიორგობისთვეს” ღვინის ქარხანაში იღებდნენ. ბუნებრივია, რომ მსახიობები და გადამღები ჯგუფი ყოველი დღის ბოლოს ქეიფობდნენ. ჩემი ძმაც მათთან ერთად სვამდა. დედა ამის გამო ძალიან ბრაზობდა. ერთხელ თურმე ოთარ იოსელიანს დაურეკა და კარგად გამოლანძღა. უთხრა, შვილს მიფუჭებთ, გამილოთეთო.

ძალიან უნდოდა, მისი ვაჟი ფიზიკა-მათემატიკოსი გამოსულიყო. შემდეგ ოცნებობდა, ჟურნალისტი გამხდარიყო. მსახიობი შვილი სასტიკად არ უნდოდა. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი რომ დაამთავრა, რამაზმა დიპლომი დედას გადასცა. უთხრა, ამას შენ გჩუქნი, კედელზე გააკარი, მე კი კინოში მივდივარო.

ფილმში ,,სერენადა” რამაზი დიდხანს იყო თოვლში ჩაფლული, შემდეგ არყით ზელდნენ, რომ არ გაციებულიყო. დედა ამაზეც ბევრს ნერვიულობდა, მაგრამ რაღას გააწყობდა – ჩემმა ძმამ არჩევანი გააკეთა და კინოს არ მიატოვებდა.

ფილმ “მხიარული რომანის” რამდენიმე კადრი ჩვენს სახლთან გადაიღეს. მაშინ რამაზს რომ ვუყურე, მივხვდი, ის ნამდვილი არტისტი იყო. არ იყო პროფესიონალი მსახიობი, მაგრამ კამერასთან მუშაობა, პარტნიორთან ურთიერთობა, შუქ-ჩრდილების აღქმა არაჩვეულებრივად გამოსდიოდა. ეს ბატონი ოთარის დამსახურებაც იყო, რადგან კინოში ფეხი მან აადგმევინა. რამაზს ის ძალიან უყვარდა, მისთვის ბატონი ოთარი ყველაფერი იყო.

სხვათა შორის, როდესაც ფილმს “იყო შაშვი მგალობელი” იღებდა, მთავარ როლზე ჩემი ძმის აყვანა სურდა. იმ დროს რამაზი თენგიზ აბულაძეს დათანხმდა, ეთამაშა ფილმში “სამკაული სატრფოსათვის”, ამიტომ ბატონი ოთარისთვის უარის თქმა მოუწია. მას ეწყინა და ჩემმა ძმამაც ძალიან ინერვიულა. სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა, რომ მაშინ ოთარ იოსელიანს უარი უთხრა.

რამაზს ბევრ ფილმში იღებდნენ და შემდეგ უკვე თავადაც იღებდა. სამწუხაროდ, რეჟისორობა ქვეყნისთვის მძიმე პერიოდში – გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მოუხდა, ამიტომ ფართო საზოგადოებამ ნაკლებად იცოდა მისი ფილმების შესახებ. მისი ფილმებიდან ყველაზე ცნობილი მაინც “ლოლიტა” იყო.

ბოლომდე არ ეძლეოდა საკუთარი ძალების და ნიჭის გამოვლენის საშუალება. ეს ალბათ იმ საშინელი წლების ბრალიც იყო. ერთხელ ამერიკელებმა სცენარი შეუკვეთეს. მახსოვს, გაყინულ სახლში, ლამპის შუქზე, გაყინული ხელებით წერდა.

ჩემი ძმა ძალიან ემოციური იყო, ყველაფერი გულთან ახლოს მიჰქონდა. განსაკუთრებით განიცდიდა იმ არეულობას, რაც ქვეყანაში იყო. ერთხელ მომიყვა: თურმე რუსთაველზე ფეხით მიდიოდა, ფილარმონიასთან თავისი უახლოესი მეგობარი შეხვდა. იმ დღეს ფილარმონიაში ,,მრგვალი მაგიდის” შეკრება იყო. მეგობარმა ჰკითხა, დღეს ყრილობაა და ხომ შემოხვალო. რამაზმა უპასუხა, ცოტას გავივლი და მერე მოვალო.

გზა ფეხით განაგრძო და კინო “რუსთაველთან” მისულს მეორე მეგობარი შეხვდა. იქ კი რომელიღაც ოპოზიციური პარტია მართავდა შეხვედრას. მეგობარს უთქვამს, ჩვენთან ხომ მოხვალო. რამაზი მასაც შეჰპირდა, რომ მივიდოდა. მითხრა, არსად წავსულვარ, შევწუხდი, რომ ხალხი ასეთი არეული იყოო.

რამაზი ძალიან აპოლიტიკური იყო და გული სტკიოდა, როცა ხედავდა, როგორ ეჯახებოდნენ ადამიანები ერთმანეთს პოლიტიკური შეხედულებების გამო. აწუხებდა ყველაფერი, რაც მის ქვეყანასა და ხალხს ეხებოდა. ზოგჯერ ხმამაღლა არაფერს იტყოდა, მაგრამ მის თვალებში დიდი სევდა ჩანდა.

დიდი სიყვარული

რამაზ გიორგობიანის ცხოვრების დიდი სიყვარული გამორჩეული გარეგნობის მქონე გოგონა გახლდათ – ნუნუკა ქიქოძე, რომელსაც ოდრი ჰეპბერნს ადარებდნენ. მსახიობი 27 წლის იყო, როცა დაქორწინდა. მათ ერთი ქალიშვილი, თინათინი, ეყოლათ.

– რამაზი როცა გავიცანი, ახალი გადაღებული იყო “გიორგობისთვეში”. ძალიან პოპულარული იყო, სიმპათიური. მერე გადაღებებზე წავიდა. იქიდან რომ ჩამოვიდა, ზამთარი იყო, ბაკურიანში ვისვენებდი. ერთ საღამოს მოვიდა და მითხრა, თუ შეიძლება თქვენს თაყვანისმცემელთა შორის ჩამწერეთო. სიამოვნებით-მეთქი, ვუპასუხე. მერე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. კარგა ხანი, 3 წელი ვხვდებოდით ერთმანეთს და მერე დავქორწინდით. გვიყვარდა ერთმანეთი. რამაზი ძალიან დამთმობი იყო…

მოსკოვში როცა სახელმწიფო პრემია გადასცეს (ფილმისთვის “ცისფერი მთები”. რედ.შენ.), სცენაზე წაიკითხეს, რომ დაღესტნის დამსახურებელი არტისტი იყო. გაუკვირდათ – იქ 2 ფილმში ითამაშე და საქართველოში რატომ არ გაქვს ჯილდოო. რამაზი ძალიან მორიდებული, პრინციპული იყო, ჯილდოები, ასეთი რაღაცები არ აინტერესებდა. ხალხს უყვარდა და მეტი რა უნდოდა? არასოდეს არავისთვის არაფერი უთხოვია, – ყვება ნუნუკა ქიქოძე გადაცემაში “ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ”.

,,შემიხვიეთ ლენინი!”

რამაზ გიორგობიანის მეგობარი, ლევან  ჭუბაბრია,  ერთ საინტერესო ამბავს იხსენებს:

,,სულ მეცინება, ეს ამბავი რომ მახსენდება – სახელმწიფო პრემია მიიღო. მეც იმ დღეებში მივლინებიდან ინდოეთიდან მოსკოვში ჩავედი. გავიგე, რომ სასტუმრო “მასკვაში” ცხოვრობდა. მივედი სასტუმროში, ავედი ნომერში და რას ვხედავ! ლენინის ბრინჯაოს ბიუსტები “მატრიოშკებივით” დაუწყვია და ამაყად მკითხა – მოგწონსო.

– გადაირიე, რამაზ, რა ჯანდაბად გინდოდა ამდენი ბიუსტი?! – ვკითხე.

– იმაზე მაგარი რა უნდა იყოს, როდესაც სასტუმრო “მასკვას” მაღაზიაში შეხვალ და ეტყვი: “ზავერნიტე მნე ლენინა” (შემიხვიეთ ლენინი)!

ამიტყდა სიცილი. მისი მეუღლე, ნუნუკა ქიქოძე, ეჩხუბებოდა, ამდენი ფული მაგ ნაგავში რამ დაგახარჯვინაო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული, თბილო და საყვარელო ადამიანო!”.

რეჟისორი ბუბა ხოტივარი იხსენებდა:

,,ართლოს ხოტივარის (ბატონი ბუბას ძმა, რეჟისორი. ავტ.) ფილმში ,,სერენადა” რამაზის გმირს ჩაგრავენ, მაგრამ ისეთი უტეხი სული აღმოაჩნდება გარეგნობით რბილს და ინტელიგენტს, რომ უშველებელ რეზო ბაქრაძის გმირს ფიზიკურადაც სჯობნის და სულიერადაც. ასეთი იყო რამაზი ცხოვრებაშიც – უტეხი, ძალიან პრინციპული, უაღრესად წესიერი. ამიტომაც იყო რთული, ძნელი გამოსაცნობი. ბავშვობაში, ახალგაზრდობაში ბევრჯერ მინახავს ჩხუბში. ეგონათ, რომ ადვილი დასაჩაგრი იყო, მაგრამ მასთან ურთიერთობაში დიდ პრობლემებს იღებდნენ. ძალიან გვიყვარდა მასთან ყოფნა, სულიერად მდიდარი იყო. მასთან ლაპარაკი შენც გამდიდრებდა”.

მორევში ჩაძირული

,,მორევი” რამაზ გიორგობიანის უკანასკნელი ფილმი აღმოჩნდა, რომლის პრემიერა მისი გარდაცვალების შემდეგ შედგა. სცენარიც თავად დაწერა, რეჟისორიც თავად იყო და თამაშობდა კიდეც. ძირითადი ყველაფერი გაკეთებული იყო, მხოლოდ პატარ-პატარა დეტალები აკლდა. ფილმი რეჟისორებმა გიზო გაბისკირიამ და გოგი ჩხაიძემ დაასრულეს.

მაია გაჩეჩილაძე ,,სარკესთან” ყვება:

– ფილმის გამოსვლას ვერ მოესწრო, არადა მასში მთელი სული და გული ჩადო. ძალიან გაწვალდა. მთავარი როლის შემსრულებელს სერიოზული პრობლემები შეექმნა და ჩემმა ძმამ ჩათვალა, რომ გადაღება დროებით უნდა შეეწყვიტა. როცა ყველაფერი ჩაწყნარდა, ფილმზე მუშაობა განაგრძო, მაგრამ არ დასცალდა, მოულოდნელად გარდაიცვალა.

რამაზი ,,მორევზე” მუშაობის დროს ძალიან ნერვიულობდა. გამორიცხული არაა, რომ უეცარი გულის შეტევა ამანაც გამოიწვია. ინსულტი დაემართა. ოპერაცია სჭირდებოდა, მაგრამ ექიმებმა ვერ გარისკეს. ისეთი მდგომარეობა ჰქონდა, რომ შეიძლებოდა ოპერაციის დროს გული გასჩერებოდა. ზუსტად ერთ კვირაში გარდაიცვალა. მანამდე არ უავადმყოფია და ყველასთვის მოულოდნელი იყო მისი ინსულტი. სახლში იყო, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. ჩემი ძმა 49 წლის იყო…

რამაზ გიორგობიანი 1995 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჩაწერილ ტელეინტერვიუში ბლიც კითხვებს ასე პასუხობს:

– რა არის სიკეთე?

– სიკეთე არის მოთხოვნილება, სხვას გაუკეთო ის, რასაც სხვისგან შენთვის ითხოვ.

– რა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის?

– ადამიანს ბედნიერებისთვის სჭირდება ადამიანი, ურთიერთობა, სიყვარული, ის პიროვნება, რომელსაც ის გაუგებს და რომელიც მას გაუგებს, რა თქმა უნდა, ძალდატანების გარეშე, პიროვნების თავისუფლების ფარგლებში.

– მოკლედ თქვენი გეგმების შესახებ

– მაქვს რამდენიმე სცენარი და ვეძებ მათი განხორციელების გზებს. ამჟამად ძალიან რთულია საქართველოში ამ გზების პოვნა, განსაკუთრებით კინემატოგრაფიაში. რაღაც იმედები ხან წარმოიშობა და ხან ისევ ისპობა…