აშშ-ში მცხოვრები ექიმი, დავით მრელაშვილი იმ საგანგაშო სტატისტიკას ეხმიანება, რაც საქართველოშია შექმნილი.
,,საინტერესო ნიშნულს მიაღწია ქვეყანამ. მთელი საქართველოს მოსახლეობის 1%-ს ოფიციალურად აქტიური კოვიდინფექცია აქვს (39,000 ადამიანი). ეს ტესტით დადასტურებული. დაუდასტურებელი და დაუტესტავი – რა თქმა უნდა, უფრო გაზრდის მაგ ციფრს.
ეს ნიშნავს, რომ 100-ში ერთი ქართველი საავადმყოფოში ან სახლშია (ბევრი მათგანი ოჯახის წევრებთან ერთად) და კოვიდს ებრძვის – ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად. მინიმუმ ნახევარს შედარებით მსუბუქი ფორმა აქვს, თუმცა ფსიქოლოგიურად მძიმეა თითქმის ყველასთვის.
ეს 39,000 ინფიცირებული რომ თანაბრად გადავანაწილოთ ქვეყანაში (ვიდრე სიმპტომები გამოუვლინდება და გაიგებდეს დიაგნოზს), ნიშნავს რომ:
ყოველ მეტროს ვაგონში (პიკის საათებში) თითო კოვიდ-ინფიცირებულია მიჭყუნული და ცხვირში ასუნთქებს გარშემო მინიმუმ რამდენიმე ადამიანს.
ყოველ მე-3, მე-4 ავტობუსში თითო კოვიდ-ინფიცირებულია ნიკაპზე ჩამოწეული ნიღაბით.
ყოველ კონცერტზე, მიტინგზე, ქორწილში, ქელეხში მინიმუმ რამდენიმე ინფიცირებულია მოძრაობს – გეცეკვებათ, გეხუტებათ, გისამძიმრებთ.
დღეს, ბოლო კვირის ინფიცირებითაც და სიკვდილიანობის (ორივე!) მაჩვენებლით მთელ მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ ფიჯის კუნძულების და აფრიკის ერთი სახელმწიფოს მერე.
რაც ყველაზე საგანგაშოა – შემთხვევების მატების სისწრაფით (,,რაზგონით”) გაცილებით ვუსწრებთ ორივეს. დიდი ალბათობით მალე პირველ ადგილზე გავალთ.
არ ვიცი, სხვა ქვეყანა თუ არის, რომელმაც ერთი პანდემიის განმავლობაში ორი ყველაზე დიდი ტალღის დროს მოახერხა პირველობა – ორჯერ.
ახლა ნამდვილად ვამტკიცებთ, რომ ქართველები ვართ ,,უშიშარი, ვითარცა უხორცო”, რადგან ყველაზე ნაკლებად გვეშინია სიკვდილის, თუმცა კორონათი სიკვდილით ვერც აფხაზეთს დავიბრუნებთ, ვერც სამხრეთ ოსეთს…
დღესვე რომ ყველამ პიბადე გაიკეთოს, თვის ბოლომდე მზარდ სიკვდილიანობას თითქმის ვერანაირად შევცვლით, რადგან სიკვდილიანობა 2-3 კვირის მერე აღწევს პიკს. სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე…
ყველა უნდა აიცრას საქართველოში დღესდღეობით არსებული ნებისმიერი ვაქცინით. თუ ექიმმა გითხრათ, რომ აცრა თქვენთვის არ შეიძლება ან საშიშია, ის 99.9% ალბათობით არასწორია.
თუ ახალი ტექნოლოგია (ფაიზერი) გაშინებთ, მაშინ ტრადიციული (ჩინური) ვაქცინით მაინც აიცერით, რომელიც იგივე პრინციპითაა დამზადებული, როგორც ბევრი სხვა თქვენთვის ცნობილი, მაგალითად, პოლიომიელიტის, ყივანახველას და ცოფის ვაქცინები, რომლებითაც (ერთ-ერთი მათგანით მაინც) დიდი ალბათობით თითქმის ყველა ხართ აცრილი ბავშვობაში”.

