,,შენ დაგვაკლდი ჩვენც, ემიგრანტებს საქართველოდან” – დიპლომატი ირაკლი ადვაძე კოვიდით გარდაიცვალა

,,შენ დაგვაკლდი ჩვენც, ემიგრანტებს საქართველოდან'' - დიპლომატი ირაკლი ადვაძე კოვიდით გარდაიცვალასამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება, რომ ოდესაში საქართველოს ყოფილი კონსული, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, დიპლომატი ირაკლი ადვაძე კოვიდით გარდაიცვალა.

,,უდიდეს გულისტკვილის გამოვხატავ ჩვენი მეგობრის და კოლეგის, ირაკლი ადვაძის გარდაცვალების გამო. მისი სახით დიპლომატიურმა სამსახურმა გამორჩეული პროფესიონალი, თავდადებული მოხელე და ნამდვილი მეგობარი დაკარგა! ძალიან მიჭირს ირაკლის წარსულში მოხსენიება! ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მეგობრებს! უფალმა ნათელში ამყოფოს ირაკლის სული!” – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.

,,მას შემდეგ,რაც სსრკ დაიშალა,ქართველების დიდ ნაწილს საკუთარი ქვეყნის ფარგლებგარეთ მოგვიწია და გვიწევს ცხოვრება! მას შემდეგ,ჩვენი ხელისუფლება და პატრონი ცხრა მთას იქეთ საქართველოს დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები არიან. დიდი ხანია, შევამჩნიე ერთი რამ: ქვეყნის საგარეო სამსახურის უწყებებში,გამორჩეული ადამიანებია მართლაც დასაქმებული!ისეთები, ქვეყნის სახეს რომ წარმოადგენენ და შესაბამის წარმოდგენას (იმიჯს) რომ ქმნიან უცხო სახელმწიფოებში!

ასეთი გამორჩეული პიროვნება და დიპლომატი გახლდათ ირაკლი ადვაძე. უკრაინაში გავიცანი.  ხშირად ღებულობდა მონაწილეობას უკრაინის ქართული დიასპორის საქმიანობაში. ნებისმიერ საკითხზე შეგეძლო დაკავშირებოდი დონეცკის ოლქის საკონსულოს მისი სახით და აუცილებლად დაგეხმარებოდა, დაგაკვალიანებდა! თუ რამე დასადგენ-გასარკვევი იყო, გაგირკვევდა, დაგიდგენდა და არ დაიზარებდა, თავად დაგკავშირებოდა. არ დაელოდებოდა შენს ზარს. ხარკოვში შევხვდი და გავიცანი ირაკლი ერთ ერთ ქართულ ღონისძიებაზე. ვერ გაგვიტეხა ხათრი და,მიუხედავად იმისა,რომ ჩქარობდა, ერთი ორი საათი მაინც დარჩა სახელდახელოდ გამართულ ჩვენებურ საღამოზე, ყველა  ,,გადაკარგული” ქართველისათვის რომ დღესასწაულია ყველა ქვეყანაში.

ყურადღებიანი, ,,ტონკი” იუმორის მქონე…პოზიტიური ურთიერთობისთვის რომ განგაწყობდა,  ისეთი იყო ….ირაკლი! შენ დააკლდი არა მარტო შენს უსაყვარლეს ოჯახს და საახლობლოს, შენ დააკლდი არა მარტო სრულიად საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს, შენ დაგვაკლდი ჩვენც, ემიგრანტებს საქართველოდან. ვაძლევ თავს უფლებას, ვთქვა: ჩვენი ემიგრანტების სახელით  ვუსამძიმრებთ ამ მძიმე დანაკლისს ირაკლის ოჯახს, სანათესაოს, სამეგობროს, კოლეგებს…ყველას!”, – წერს Nodar Abragi ფეისბუქში.