რაფიელ ერისთავის დახვრეტილი შთამომავლობა – მარუნია ისეთი ლამაზი იყო, ჯალათებმა ვერ ესროლეს და ბოლოს სათლი ჩამოაცვეს
ეროვნული მოღვაწის ოჯახის განადგურების ამბავი

რაფიელ ერისთავის დახვრეტილი შთამომავლობა - მარუნია ისეთი ლამაზი იყო, ჯალათებმა ვერ ესროლეს და ბოლოს სათლი ჩამოაცვეს,,სარკე”, ირინე მჭედლიძე

მიცვალებულის კუბოს ზღვა ხალხი აცილებდა თელავიდან სოფელ ქისტაურისკენ. სამგლოვიარო პროცესიას ძაძებით მორთული ხევსური ცხენოსნები მიუძღოდნენ წინ. მთელი გზა მოფენილი იყო ღვიით, დაფნით და სუროთი. გზის გაყოლებით, მარჯვნივ და მარცხნივ – შუამთაში, იყალთოსა და ალავერდში – გამუდმებით რეკდნენ ზარები. ხალხი კუბოსთან იჩოქებდა და 77 წლის პოეტს, რაფიელ ერისთავს, გულწრფელი ცრემლებით ემშვიდობებოდა.

ეს იყო 1901 წელს. 36 წლის შემდეგ კი მისი ოჯახი გაანადგურეს, პოეტს შვილიშვილები დაუხვრიტეს და მისი შთამომავლები შიმშილისთვის გაწირეს. ვინ იცის, იქნებ ამ სისასტიკეში იმ ხალხის შვილების ხელიც ერია, რომლებიც პოეტს უკანასკნელ გზაზე რტოებს უფენდნენ და დასტიროდნენ…

,,მე გახლავართ რაფიელ ერისთავის ქალი, ფეოდოსია მაყაშვილისა. მამაჩემის, რაფიელის, მოღვაწეობა თქვენ უფრო კარგად მოგეხსენებათ, რომელზეც მე სიტყვას არ გავაგრძელებ, მაგრამ მისი მონაგარი რომ შიმშილს განიცდის, ეს არ არის მისაღები… მართალია, მე შვილი მყავს მხატვარი, მაგრამ ვერ მივლის, რადგან უმუშაოდ არის და თავის შვილსაც ვერ უვლის.

მე დავრდომილი ვარ. დამბლადაცემული, სრულებით შრომას მოკლებული, არავითარი ქონება არა მაქვს, ბინაც არა მაქვს და სარდაფში ვცხოვრობ. არც პენსია მაქვს და არც სხვა რაიმე სამუდამო შემოსავალი. სამადლოდ კეთილი პირები მაწოდებენ დღიურ ლუკმას… ამიტომ ვკადნიერდები თქვენს შეწუხებას და გთხოვთ, რაიმე დახმარება დამინიშნოთ მამაჩემის სახსოვრად და თუ შეიძლება ბინაც მომცეთ”, – სწერდა ფეოდოსია ერისთავი-მაყაშვილი კომუნისტურ მთავრობას, რომელსაც ქალის განწირული ვედრება საერთოდ არ ანაღვლებდა. შესაბამისად, გამოხმაურებაც არ ყოფილა.

,,სადაც ვშობილვარ, გავზდილვარ და მისროლია ისარი,

სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,

სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, ჩემი სამშობლო ის არი.

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!”

,,სამშობლო ხევსურისა” – საზოგადოება რაფიელ ერისთავს ძირითადად ამ ლექსით იცნობს, სინამდვილეში კი მისი ღვაწლი გაცილებით დიდია. გარდა იმისა, რომ შესანიშნავი ლექსების ავტორია, თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, საზოგადო მოღვაწეაო, ერთ-ერთი უპირველესი სწორედ რაფიელ ერისთავია.

ილია ჭავჭავაძეს ფარად ედგა. მამათა და შვილთა ბრძოლაში არასოდეს ჩარეულა, თავისი თაობის მხარეს არასოდეს უბრძოლია, ის ილია ჭავჭავაძის ყველა წამოწყებისა და იდეის მხარდამჭერი და სულისჩამდგმელი იყო.

რაფიელ ერისთავი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფინანსურ საქმეებს განაგებდა და გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ თერგდალეულთა თაობასთან ერთად იბრძოდა. წერდა ეთნოგრაფიული ხასიათის წერილებს, ადგენდა ლექსიკონებს. მან პირადი წიგნების უნიკალური კოლექცია ანდერძით გადასცა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.

მის ბიბლიოთეკაში ათასზე მეტი ეგზემპლარი იყო, მათ შორის – ძველი ნაბეჭდი წიგნები და ძველი ხელნაწერები, 1712 წელს დაბეჭდილი “ვეფხისტყაოსანი”, 1824 წელს მოსკოვში დაბეჭდილი “დავითნი”. 1817 წელს საჩხერეში დაბეჭდილი მინიატურული სახარება… – ეს ყველაფერი დღეს საქართველოს საგანძურია.

რაფიელის საყვარელი ქალი და ზიჩის ნესტან-დარეჯანი

რაფიელ ერისთავს დიდი სიყვარული 38 წლის ასაკში ეწვია. სამეგრელოში გაიცნო მასზე ბევრად უმცროსი ქალი, რომელიც ღვთაებრივი სილამაზის ყოფილა. გრძნობების გამჟღავნება პირდაპირ ვერ გაუბედავს და ლექსი მიუძღვნია. თეოდოსიამ შეყვარებული პოეტის სიყვარული გაიზიარა და ცოლად გაჰყვა.

ამბობენ, რომ არამიწიერი სილამაზის ქალი მიხაი ზიჩიმ “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციებისთვის ცოცხალი სცენების დადგმისას ნესტან-დარეჯანის სამოსით შემოსა და ასე აქცია რაფიელ ერისთავის საყვარელი ქალი ტარიელის საყვარელ ქალად.

დახვრეტილი შთამომავლები

1937 წელი. ციმბირი. საბჭოთა ჯალათებმა პატიმრები დასახვრეტთა რიგში გაამწკრივეს. მათ შორის იყო ულამაზესი ქართველი ქალი, მარუნია მაყაშვილი. როცა ტყვიის სროლის დრო მოვიდა, ჯალათებს ხელები აუკანკალდათ, ამ სილამაზეს სიკვდილისთვის ვერ იმეტებდნენ. ბოლოს მარუნიას სათლი ჩამოაცვეს თავზე და ისე ესროლეს.

სამწუხაროდ, ეს მითი არ არის, ამის მომსწრე მარუნიას ნათესავი გახდა, რომელიც ციმბირში იყო გადასახლებული, მაგრამ იქიდან ცოცხალი დაბრუნდა. მარუნია რაფიელ ერისთავის შვილიშვილი იყო. კომუნისტებმა პოეტის კიდევ ერთი შვილიშვილი დახვრიტეს – რომანი. მარუნიას და რომანის ძმა, მხატვარი ალექსანდრე მაყაშვილი, სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.

რაფიელ ერისთავის შთამომავლობას ბევრი ზიანი და ტკივილი მიაყენეს, მაგრამ სულიერად ვერ გატეხეს. მისი შვილთაშვილი გახლდათ მხატვარი რაფიელ მაყაშვილი, რომელიც დიდი პაპის სახელს ძალიან უფრთხილდებოდა და ,,სარკეს” თავისი ოჯახის ტრაგიკულ ამბავს უყვებოდა.

რაფიელ მაყაშვილი:

– პაპაჩემის წინაპრები წარმოშობით ანანურიდან იყვნენ, შემდეგ ჯერ ქართლში, მერე კი ქისტაურში დასახლებულან. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, რაფიელს უმცროსი ქალიშვილი, ბებიაჩემი, ფედოსია, უვლიდა, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ცოლად ლევან მაყაშვილს გაჰყვა.

მისი ორი შვილი და სიძე 1937 წლის რეპრესიების დროს დახვრიტეს. საბჭოთა ხელისუფლებამ მამაჩემიც დააპატიმრა, მაგრამ ის სიკვდილს გადაურჩა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შეძლებული გლეხების ე.წ. გაკულაკება დაიწყეს. ვინც წინააღმდეგობას უწევდა, ყველას ხვრეტდნენ. კომუნისტებს მამაჩემიც შეეწინაღმდეგა, ამიტომ დაიჭირეს და დასახვრეტად გაამზადეს.

კახეთის რეგიონში გამწესებული დამსჯელი რაზმი თელავში იყო განლაგებული. მისი მეთაური კოტე აღნიაშვილი გახლდათ. მამიდაჩემ მარუნიას რომ გაუგია, ჩემს ძმას ერთ დღეში დახვრეტენო, იყალთოდან თელავამდე ფეხით ჩასულა და კოტე აღნიაშვილისთვის მისი გათავისუფლება უთხოვია. კოტეს ძალიან მოსწონებია მამიდაჩემი და მისი სილამაზით მოხიბლულმა მამაჩემი გაათავისუფლა. რამდენიმე თვეში ცოლობა სთხოვა და იქორწინა კიდეც. ერთი წლიდან მათ ოჯახში ვიზრდებოდი.

– რატომ გზრდიდათ მამიდა?

– ერთი წლის ვიყავი, ჩემი მშობლები რომ გაშორდნენ. დედაჩემიც მხატვარი იყო. მისი წასვლის შემდეგ მამიდასთან ვიზრდებოდი. მათ საკუთარი შვილი არ ჰყავდათ, ამიტომ შვილივით გამზარდეს. კოტე აღნიაშვილი თნამდებობის პირი გახლდათ. ბერიას დროს უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობდა.

– კოტე აღნიაშვილი რატომ დააპატიმრეს?

– ბერიას არ მოსწონდა, რომ ბიძაჩემმა ბევრი რამ იცოდა მასზე. ლავრენტი ბერიამ რეპრესიები გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე საბჭოთა რესპუბლიკებში დაიწყებდნენ. კოტე აღნიაშვილმა ბერიას წინააღმდეგ ბევრი სამხილებელი საბუთი შეაგროვა და მოსკოვში აპირებდა წასვლას. სურდა, სტალინს შეხვედროდა. ბერიას სადაზვერვო სამსახური შესანიშნავად მუშაობდა. ალბათ ბერიამ გაიგო ბიძაჩემის განზრახვის შესახებ და ვიდრე იგი მოსკოვში წავიდოდა, დაასწრო, თვითონ ჩავიდა და სტალინს კოტეს საწინააღმდეგო მასალები მიაწოდა.

ერთი სიტყვით, კოტე აღნიაშვილი დაიჭირეს, ბერია კი მოსკოვიდან აღარც დაბრუნებულა. იგი სტალინმა დააწინაურა და მოსკოვში დაიტოვა.

– მარუნია რატომ დააპატიმრეს?

– მარუნიამაც ბევრი რამ იცოდა. მოლაპარაკე ადამიანები კი ბერიას არ აწყობდა. ამიტომ ისიც დაიჭირეს და მისი ძმა რომანიც, სამშობლოს მტრის ბრალდებით გაასამართლეს. ასევე დაიჭირეს კოტე აღნიაშვილის დაც და ისიც გადაასახლეს, მაგრამ იქიდან ცოცხალი დაბრუნდა. სწორედ მან გვიამბო ჩემი ბიძებისა და მამიდაჩემის აღსასრულზე. მანამდე ჩვენ არ გვეუბნებოდნენ, რომ ისინი დახვრეტილები იყვნენ. იმედი გვქონდა, რომ ცოცხლები იქნებოდნენ.

– მარუნია ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა. ალბათ იმდროინდელი პოეტების მუზა იქნებოდა.

– მარუნია სილამაზესთან ერთად საკმაოდ ჭკვიანი და განათლებული ქალი იყო, შესანიშნავად უკრავდა როიალზე. მის სახლში ხშირად დადიოდნენ ცნობილი პიროვნებები. მეგობრობდა ვახტანგ ჭაბუკიანთან, პაოლო იაშვილთან, გოგლა ლეონიძესთან, პაოლოს მარუნია მაყაშვილისთვის ლექსიც აქვს მიძღვნილი.

– მამიდის და ბიძების დაპატიმრების მერე თქვენს სახლში მისი მეგობრები ისევ მოდიოდნენ?

– რას ამბობთ?! იმ დროს შიშით ჩვენთან ვიღა მოვიდოდა?! ყველა გვერიდებოდა. ჩვენი ოჯახის ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს, ტანსაცმელიც კი ჩამოგვართვეს. წაიღეს საგვარეულო და რაფიელ ერისთავის ნაქონი ნივთები. სამოთახიან ბინაში ვცხოვრობდით. ორი ოთახი ჩამოგვართვეს და სხვას გადასცეს. მე, ბებიას და მამას ერთი ოთახი დაგვიტოვეს.

– მამათქვენი მეორედ დაპატიმრებას როგორ გადაურჩა?

მეგობრებმა დამალეს. 3 წელი ქალაქგარეთ ცხოვრობდა. შემდეგ მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა შეძლო და ის ერთი ოთახი სკოლის სარდაფზე გადაგვაცვლევინა. ეს სარდაფი საცხოვრებლად არ იყო გაფორმებული. მასში წლების განმავლობაში ვიმალებოდით.

მამაჩემს მხატვართა კავშირის წევრობაზე უარს ეუბნებოდნენ. იმის გამო, რომ რეპრესირებული ოჯახიდან იყო, გამოფენებშიც არ მონაწილეობდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ კი ისეთ შევიწროებას უკვე აღარ განიცდიდა.

– თავს რითი ირჩენდით?

– მაშინ ნახატებს ხალხი ნაკლებად ყიდულობდა. რეპრესირებულის შვილს ახლოს არ იკარებდნენ, სამუშაოს არ აძლევდნენ. ზოგჯერ რომელიმე დაწესებულებაში თუ რაიმეს გაფორმება სჭირდებოდათ, იქ ხატავდა.

– ძნელი წარმოსადგენი არ არის, ქარხნებსა და ფაბრიკებში რას დაახატვინებდნენ.

– სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ცნობილი ქართველი მხატვრები – აპოლონ ქუთათელაძე, უჩა ჯაფარიძე, რეზო ქობულაძე, კორნელი სანაძე – მამაჩემის კურსელები და მეგობრები იყვნენ. მამაჩემი კლასიკური მხატვრობის მიმდევარი იყო. სხვათა შორის, ერთი მხრივ, კარგიც იყო, რომ მხატვრულ გამოფენებში არ მონაწილეობდა, რადგან, რაც სურდა, იმას აკეთებდა, როგორც მოსწონდა, ისე ხატავდა. სოციალისტური მხატვრობისა და საბჭოთა იდეოლოგიისგან თავისუფალი იყო.

მაშინ საბჭოთა მხატვრობა რეპინის სკოლის მიმდევარი იყო. მხატვრების უმეტესობა სოციალისტურ თემატიკაზე ხატავდა. მათ ხატვის მანერაც თავისებური ჰქონდათ. საქართველოშიც რეპინის სკოლის მიმდევარი მხატვრები მრავლად იყვნენ. ვითომ ე.წ. რეალისტურ მხატვრობას სცემდნენ პატივს, მაგრამ, კარგად მოგეხსენებათ, როგორი იყო საბჭოთა რეალიზმი. მამაჩემი კომუნისტურ იდეოლოგიას არ ემსახურებოდა, მათთვის გუნდრუკი არასოდეს უკმევია.

– თქვენც ისეთ დროს მოგიწიათ ცხოვრება, როცა შემოქმედის თითოეულ ნაბიჯს ხელისუფლება აკონტროლებდა. როგორ აღწევდით თავს ცენზურას?

– მეც ნაკლებად ვმონაწილეობდი გამოფენებში, ამიტომ სოციალისტური თემატიკით არც მე დამიხატავს, თავისუფალი ვიყავი, კომუნისტურ იდეოლოგიას არ ვემსახურებოდი.