,,ქმარს ღალატს ვპატიობდი, რადგან… მას ბავშვი საყვარელმა „აჩუქა“

,,ქმარს ღალატს ვპატიობდი, რადგან... მას ბავშვი საყვარელმა „აჩუქა“,,სარკე”

მალე 45 წლის გავხდები. ეს არც დიდი ასაკია და არც ისე პატარა, რომ შეცდომების დაშვების უფლება გქონდეს. ვატყობ, როგორ სწრაფად მირბის წლები და უკვე ვიცი, რომ მხოლოდ სხვებს არ უნდა მიუძღვნა თავი და შენკენაც რამე უნდა დაიტოვო. მე სწორედ ამ ასაკში დავუშვი შეცდომა და ქმარს ისეთი რამ ვაპატიე, რაც საპატიებელი არ იყო.

ერთი შვილის დედა ვარ. უმძიმესი მშობიარობა მქონდა. ექიმებმა ბევრი იბრძოლეს, რომ მე და ჩემი შვილი ცოცხლები ვყოფილიყავით. ამ ბრძოლაში რაღაცები გაეპარათ. მშობიარობიდან რამდენიმე ხანში, როცა, წესით, ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო, ჩემი  მდგომარეობა დამძიმდა. ისევ ჩემი სიცოცხლისთვის ბრძოლა გახდა საჭირო. ექიმებმა საშვილოსნო ამომაჭრეს, რადგან სხვანაირად ვერ გადამარჩენდნენ.

მე და ჩემს ქმარს არაჩვეულებრივი შვილი გვყავს, მაგრამ წლებია მომყვება კომპლექსი, რომ ქმარს მეტი შვილი ვერ გავუჩინე. ამ განცდებს ისიც აძლიერებდა, რომ ქმრის ოჯახში მუდმივად მახსენებდნენ იმ უბედურ დღეს, როცა მეორედ და მესამედ დედის გახდომის ბედნიერება დავკარგე. მუდმივად ქოთქოთებდნენ, რომ მათი გვარის გამგრძელებელი ერთი შვილის ამარა დარჩა და ა.შ. მეც დანაშაულის გრძნობა მქონდა, მათ წინაშე ციბრუტივით ვტრიალებდი, რომ როგორმე დედამთილ-მამამთილის და მულის გული მომეგო, სხვა მხრივ მაინც გამემართლებინა მათი იმედები.

ქმართანაც იგივენაირი დამოკიდებულება მქონდა. ბოდიშებს ვუხდიდი, რომ მეტი შვილი ვერ ვაჩუქე. ვცდილობდი, ის ერთი საუკეთესო გვყოლოდა, ვატარებდი ყველგან, ვასწავლიდი ყველაფერს, მინდოდა, ჩემი შვილით ყველას ეამაყა და ეთქვათ, ერთი ჰყავთ, მაგრამ საუკეთესოო.

ჩემი კომპლექსები მაიძულებდა, ქმრის ღალატზეც თვალები დამეხუჭა. ეს ხდებოდა ძალიან ხშირად და დაუფარავად. არავის თქმა მჭირდებოდა, ყოველთვის ვხვდებოდი, როცა ჩემი ქმრის ცხოვრებაში ვიღაც ჩნდებოდა. ეს დიდი ტკივილის, ბევრი ცრემლის ფასად მიჯდებოდა, მაგრამ მაინც ვითმენდი, რადგან მე ხომ “დამნაშავე” ვიყავი ქმრის წინაშე.

ბედმა გამიღიმა, მართლაც საუკეთესო შვილი გავზარდე. ოჯახი შექმნა, მეუღლეც საუკეთესო ჰყავს და შვილიც. კაცი რომ პაპა ხდება, მაშინ მაინც მართებს დაღვინება და ამ ასაკში არც ახუნტრუცება ეპატიება, მაგრამ ჩემს ქმარს ტვინი სხვანაირად აქვს მოწყობილი. იცოდა, ჩემთან ყველაფერი გასდიოდა და 50 წელს მიტანებულმაც იგივე გაიმეორა, რასაც წლების წინ აკეთებდა – ისევ მიღალატა.

ამჯერადაც გავიგე, რომ ვიღაც ქალთან დადიოდა. ტკბილად ნამდვილად არ მიმიღია ეს შეურაცხყოფა, არც ,,გამიტარებია”, რეაქცია მქონდა, მაგრამ, როგორც კი ის ღამე თავის დასთან გაათენა და სახლში არ მოვიდა, მეორე დღესვე მულთან მივედი და მოღალატე ქმარს აქეთ შევურიგდი, შინ დავაბრუნე.

სახლში რომ დაბრუნდა, მომიბოდიშა და მეც ჩვეულებრივად გავაგრძელე ცხოვრება. მეგონა, ის ქალიც დაივიწყა და სხვებივით მხოლოდ გატაცება იყო, მაგრამ სინამდვილე ძალიან მწარე აღმოჩნდა. გვიან გავიგე, რომ საყვარელთან სიარულს აგრძელებდა და ახლახან იმ ქალბატონმა შვილიც გაუჩინა!

ძნელია იმ ტკივილის გადმოცემა, რაც მე ვიგრძენი. ჯერ ერთი, მეუღლის ღალატია ძალიან მწარე და ამას ისიც დაერთო, რომ იმ ქალმა შეძლო ის, რაც მე ვერ შევძელი და ბავშვი გაუჩინა, თანაც მოწიფულ ასაკში, როცა კაცები პატარებზე ბოდვას იწყებენ. გამომიცხადა, რომ შვილს ვერ მიატოვებს და მასთან ურთიერთობა ექნება. მწვავე რეაქცია მქონდა, მაგრამ მითხრა, ვეღარაფერს შევცვლი, ბავშვი დაიბადა და მორჩაო.

მართალიც არის, ბავშვი დაიბადა, ის ვაჟბატონი მამა გახდა და რაღას შევცვლი?! ჩემი შეცდომა ის არის, ამხელა კაცს სხვა ქალთან წოწიალი რომ ვაპატიე და სახლში ისე მივიღე, ვითომ არაფერი მომხდარიყო. მე რომ მაშინ საკადრისი პასუხი გამეცა და ადეკვატური რეაქცია მქონოდა, ის ქალი შვილის გაჩენას ვერ გაბედავდა. ახლა კი უკვე აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. გამოვა ოჯახის შეკოწიწება თუ არ ღირს ამისთვის ბრძოლა. იქნებ უმჯობესია, ჩემი ცხოვრებიდან გავუშვა და სანამ დრო ჯერ კიდევ მაქვს, ყველაფერი თავიდან დავიწყო.

,,სარკის” მკითხველი