ყოჩაღი გოგოები – ნოველა

ყოჩაღი გოგოები - ნოველა,,სარკე”, ლელა ცუცქირიძე

– თათუნა, ხომ არ დაგავიწყდა, დღეს ვის უნდა გაუარო? – ცალი ფეხი უკვე გადგმული მქონდა სახლიდან, დედაჩემმა რომ მომაძახა სამზარეულოდან.

– ვის? – შემოვდგი უკან ის გადგმული ცალი ფეხი.

– ღმერთო ჩემო, რა გულმავიწყი ხარ, დედიკო, ყველაფერი გავიწყდება! გუშინ საღამოს ხომ გითხარი, – აქოთქოთდა დედაჩემი, სამზარეულოდან გამოვიდა და შემოსასვლელში დადგა, ცალ ხელში კვერცხის სათქვეფით.

– რას აკეთებ? – სანამ იმას მეტყოდა, ვისთან უნდა წავსულიყავი, მანამდე კვერცხის სათქვეფს მივაშტერდი. ნამდვილად რაღაც საჩემოს აპირებდა, გულმა მიგრძნო, უფრო სწორად, გულმა კი არა, კუჭმა.

– ბანანის ბლინებს დავაცხობ- მეთქი, ვიფიქრე, – მითხრა.

– აუ, სადისტი ხარ, რა, – ჩამოვუშვი ცხვირი, – მე რომ გავდივარ, რაღა მაშინ მოგინდა ბანანის ბლინების დაცხობა? აბა, რას მახვრეპინე ჩაი ბუტერბროდთან ერთად?

– რა ვიცი, უცებ მოვიფიქირე, დედიკო, – შერცხვა და თავი იმართლა დედაჩემმა, – დარჩი ცოტა ხნით და ხუთ წუთში დაგიცხობ.

– ჩემთვის რომ გდომოდა დაცხობა, სანამ წავიდოდი, მანამდე დააცხობდი, – გავაგრძელე ბუზღუნი, – თუმცა მე სადღა გახსოვარ.

– აი, არ გრცხვენია, მაგას რომ ამბობ? – ეწყინა.

– შენ არ გრცხვენია, როგორც კი გასვლა დავაპირე, მაშინ რომ დაიწყე?

– ნუ გადამაყოლებ ახლა, სულაც არ გავაკეთებ არაფერს, რაც გინდათ, ის გიქნიათ! – გაბრაზდა დედაჩემი და სამზარეულოში დემონსტრაციულად გავიდა.

– იმედია, ორიოდე ბლინს გადამინახავ, რომ საღამოს გადავყლაპო მე უბედურმა და დედისგან მიტოვებულმა, – მივაძახე.

– უსინდისო! – გამომძახა ისევ.

– თუმცა რას გადამინახავ, გაიღვიძებენ ის ბეჰემოტიკოები და… – არ გავჩერდი.

ბეჰემოტიკოებს ჩემს დისშვილებს, მათეს და სალოს, ვეძახი სიყვარულით, რა თქმა უნდა. უბრალოდ, კაპარჩხანა დეიდის როლი მაქვს მორგებული. ორი კვირაა, ჩვენთან არიან სტუმრად. დედაჩემიც, როგორც განსაკუთრებულად მზრუნველი ბებია, თან ჰყვება და მეც მეტი რა მინდა, ვითომ ძალიან ვეჭვიანობ, ვითომ ვბრაზობ, რომ ისინი უფრო უყვარს, ვიდრე მე, ვეგოისტობ თამაშ-თამაშით.

– ბავშვებს როგორ ადრი თავს, დედიკო, არ გრცხვენია? – მართალი ჰგონია ჩემი გათამაშებული ეგოისტობა დედაჩემს და თავისმართლების მუდმივ რეჟიმშია, – შენს თავს შვილიშვილები შემიცვლიან?

– ვერც თიკო? – ვეკითხები ჩემს დაზე, ვითომ გამომცდელად.

– სულ პატარა ბავშვივით გახდი, – ამბობს და თავს აქეთ-იქით აქნევს, – ეგ იცის ასაკმა, გაბავშვება.

– ახლა საით მიგყავს ეს საუბარი, საით გადაუხვიე? – ვეკითხები გამომცდელად.

სინამდვილეში, მშვენივრად ვიცი, საითაც მიჰყავს. გათხოვილი რომ არ ვარ, ქმარი რომ არ მყავს და წვრილშვილი, მაგის დარდი კლავს, როგორც ყველა დედას. აბა, რა ასაკი მე მაქვს, ჩემს ასაკში იწყებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები ცხოვრებას, უფრო სწორად, ოჯახზე ფიქრს.

– ჰოდა, დაიწყე შენც, შვილო, ფიქრი მაინც დაიწყე! – თითქოს ჩემს ფიქრებს ხვდება და მაშინვე შეტევაზე გადმოდის.

– ამასობაში ბლინებს ხომ დააცხობდი? – გადავდივარ ძველ რელსებზე, – არა, ხომ დააცხობდი?

– კი, როგორ არა, – უყურებს კვერცხის სათქვეფს, რომელიც ისევ ხელში უჭირავს.

– მაგრამ არც დაგიწყია იმიტომ, რომ ჩემს წასვლას ელოდები. არ გიყვარვარ, მორჩა!

– ღმერთო, შენ მიშველე, შარზეა დილიდან, – ბურტყუნებს და გამალებით იწყებს ჯამში ჩახლილი კვერცხის თქვეფას.

– წავედი, მოკლედ, – საათზე ვიხედები, აშკარად ვაგვიანებ სამსახურში.

– მოიცა, დედიკო, ახლავე იქნება, – ფქვილს და რძეს უმატებს გათქვეფილ კვერცხებს სწრაფი ტემპით.

– კაი, ჰო, მიდი, დროზე, – იქვე ვჯდები და, რა თქმა უნდა, მობილურში ვიქექები, – მოიცა, რას მეუბნებოდი? – მახსენდება უცებ.

– ციცოსთან უნდა გაიარო, – მეუბნება დედა და უკვე ტაფაზე ასხამს ბლინის ცომს.

– დღეს რა რიცხვია, პენსიის დღეა? – ვეკითხები.

– არა, მთხოვა გამოვიდესო, რაღაცები სჭირდება, ეტყობა. გაიარე, კარგი, დედიკო?

– კარგი, დაურეკე და უთხარი, სამსახურის მერე გავალ და რა უნდა, ისიც ჰკითხე, ბარემ ავუტან, – ვუქნევ თავს.

ციცო დედაჩემის მეგობარია, მარტო ცხოვრობს, გარეთ ვერ გადის. დედა ხან თავად მიდის მასთან, პროდუქტები და წამლები მიაქვს, ხან მე მაგზავნის. მისი პენსიის აღებაც ჩემს ერთ-ერთ მოვალეობაში შედის. მიყვარს მასთან მისვლა. თბილი და მხიარული ქალია, თანაც, მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან ვერ გადის, არა მარტო მსოფლიოს საინფორმაციო ამბები იცის, არამედ ნებისმიერი ჭორი და საიდუმლო. ჰკითხე, ვისზეც გინდა, წამში ჩამოგირაკრაკებს. პრინციპში, შეგიძლია, არც ჰკითხო, ისედაც ჩამოგირაკრაკებს.

ამასობაში ბლინებიც ცხვება, დედა თეფშზე მიდებს, თან ზედ მდნარ შოკოლადს უსვამს.

– ჭამე, დედიკო, მიირთვი, – აყოლებს კმაყოფილი იმით, რომ ჩემს დისშვილებზე ეჭვიანობის საბაბი აღარ მაქვს.

– ბლინების სუნია, – ზუსტად ამ დროს შემორბის სამზარეულოში პიჟამიანი სალო.

– აუუ, ბლინები! – უკან მოსდევს პიჟამიანი მათეც.

– ჯერ მე ვჭამ! – ვუცაცხანებ ორივეს და სწრაფად ვიტენი პირში ბლინებს.

– აუუ, თათო, რა ბოროტი ხარ, რა, – ბუზღუნებენ.

– თქვენ რა ბავშვები ხართ, ორი ბლინი არ გემეტებათ ჩემთვის, არადა სამსახურში მივდივარ, პირიქით, უნდა მაძალებდეთ, თათო, ჭამეო.

– დაძალება არ გჭირდება, ისე, – თვალებმოწკურული მათვალიერებს სალო.

არა, რა, ეს ბავშვი ჩემსავით ენამწარე და ენამოსწრებულია, მეცინება და ვდგები.

– წავედი ახლა, წავედი, აბა, ჭკვიანად.

– რას მოგვიტან? – მეკითხება ორივე.

– არაფერს, – ვეუბნები მკაცრად.

– მიყვარს შენი არაფერი, – მიცინის სალო.

მშვენივრად იცის, ხელცარიელი რომ არ დავბრუნდები და აუცილებლად მივუტან მათთვის საყვარელ რომელიმე სასუსნავს…

– დღეს მაიკოსთან მივდივართ აგარაკზე, ვერანდა ფართი გვაქვს, ხომ წამოხვალ?- სამსახურში მისულს მეკითხება ქეთი, ჩემი თანამშრომელი.

– აუუ, რაღა დღეს! – გული მწყდება, – ერთგან უნდა წავიდე, მისია მაქვს შესასრულებელი. ერთი საყვარელი მოხუცი ქალი უნდა მოვინახულო.

– და ხვალ მოინახულე, შენ კიდევ.

– რა ვიცი, დღესო, დედაჩემს სთხოვა და უხერხულია. წამლები სჭირდება ალბათ და…

– გოგო, მისმინე ახლა, არ გვინდოდა, წინასწარ გცოდნოდა, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებ. გუროც მოდის, სპეციალურად დავპატიჟეთ, შენი გულისთვის, რომ დაახლოვდეთ ბოლოს და ბოლოს.

– გურო? – ყურებს ვცქვეტ.

გურო ჩვენი ახალი თანამშრომელია. რაღაც უჩინარი ფლირტი გვაქვს. მეც მომწონს, იმასაც აშკარად მოვწონვარ, მაგრამ ერთმანეთს რატომღაც გვერდს ვუვლით, მხოლოდ ზრდილობიანი მისალმებითა და სტანდარტული მოკითხვით შემოვიფარგლებით.

– ჰო და შენ კიდევ დღეს მოგინდა მისიონერობა. დაურეკე იმ ქალს და უთხარი, რომ ხვალ გახვალ ან ახლა წადი.

– ჯობია დავურეკო, ახლა რომ წავიდე, არ გამოდის, საქმე მაქვს და ისედაც ვერ ვასწრებ, – ვეუბნები.

ამ დროს ოთახში გურო შემოდის, მიღიმის, მესალმება, მერე გვეკითხება:

– გოგოებო, რომელზე მივდივართ მაიკოსთან? რაღაც პატარა საქმე გამომიჩნდა, ახლობელთან უნდა მივიდე და…

– აუ, კარგი, რა, – გული სწყდება ქეთის.

– არა, არა, იმის თქმა მინდა, რომ პირდაპირ სამსახურიდან ვერ წამოვალ თქვენთან ერთად და ცოტა მოგვიანებით შემოგიერთდებით.

– უი, გურო, თათოსაც საქმე აქვს და იქნებ ერთად ამოხვიდეთ? – თვალებში ჭინკები უხტის ქეთის და უხარია, ეს რა კარგად მოვიფიქრეო.

– კი, კი, დიდი სიამოვნებით, – მიღიმის გურო და მეუბნება, – მოკლედ, თუ წინააღმდეგი არ იქნები, დავიაროთ ჩვენს საქმეებზე და მერე ერთად ავიდეთ მაიკოსთან.

– კი, ბატონო, – ვთანხმდები მაშინვე.

მერე ჩვენ-ჩვენს საქმეებში ვეფლობით, ამასობაში დროც გადის და სამსახურიც მთავრდება.

– აბა, შენ იცი, მთელი შენი მომხიბვლელობა და ჯადოსნობები გამოიყენე. სანამ ამოხვალთ, უკვე ყველაფერი გარკვეული უნდა გქონდეთ, იცოდე, – მარიგებს ქეთი.

გუროს მანქანაში ვჯდები.

– ჯერ შენ მიგიყვან, მე მერე წავალ, მერე იქ მოგაკითხავ, სადაც დაგტოვებ, – ღიმილით მეუბნება გურო.

კარგი-მეთქი, თავს ვუქნევ და მისამართს ვეუბნები.

– ვაჰ, მეც მაგ კორპუსში მოვდივარ, ციცოსთან, ხომ არ იცნობ შემთხვევით? საყვარელი მოხუცია.

– არ არსებობს! – გაოცებული ვუყურებ, – მეც ციცოსთან მივდივარ!

– ვაა, აი, დამთხვევაც ამას ჰქვია! – თავადაც გაოცებულია.

– შენ საიდან იცნობ?

– დედაჩემის ნათესავია. დაურეკა და სთხოვა, გამოვიდესო, ონკანი გაფუჭებია. დედაჩემის წყალობით, მთელმა სანათესაომ იცის, რომ რაღაცები მეხერხება და დავდივარ ხოლმე ასე, ხელოსნად, – ეცინება.

,,ახლა ეს მართლა შემთხვევითობაა თუ ციცოს ოინებია? – ვფიქრობ ჩემთვის, – სულაც არ გამიკვირდება, მართლა მისი ოინები რომ იყოს და, სავარაუდოდ, დედაჩემიც ჩართული ჰყავს. ჰმ, მაჭანკლობენ გოგოები!”.

– თქვენ შემოგევლეთ, როგორ გამახარეთ! – გვეგებება ციცო და მერე გაკვირვებული გვეკითხება, – თქვენ იცნობთ, დედიკო, ერთმანეთს თუ აქ შეხვდით შემთხვევით?

– თანამშრომლები ვართ, – ვუხსნი ღიმილით.

– ეს რა მითხარი! და მე აქამდე როგორ არ ვიცოდი?! – უფრო მეტად უკვირს.

– ახალი გადასული ვარ თათოს სამსახურში და იმიტომ, – ეცინება გუროს.

მგონი, ისიც ხვდება, დედამისის და ციცოს მაჭანკლობის ბადეში რომ მოჰყვა. ან რაღა მიხვედრა უნდა, ყველაფერი ცხადია, ციცო ისე დასუნსულებს სამზარეულოსა და მისაღებ ოთახს შორის, ისეთ სასტუმრო ტკბილეულის სუფრას შლის და ისე ჭიკჭიკებს, რომ ეჭვიც აღარ გვეპარება. თანაც, არც ონკანი აქვს გაფუჭებული და არც ჩემი სასწრაფო მისვლის აუცილებლობა იყო.

მერე ციცოს ვემშვიდობებით და მივდივართ მაიკოს აგარაკზე მე და გურო.

– რა ქენი, იყავი ციცოსთან? – მირეკავს დედაჩემი და ვგრძნობ, ერთი სული აქვს, დამატებით ვუთხრა რამე.

– ვიყავი, კარგადაა, – ვეუბნები მოკლედ და გუროს ვუყურებ ღიმილით.

ამ დროს მისი ტელეფონიც რეკავს.

– რა ქენი, იყავი ციცოსთან? – ეკითხება დედამისი და მასაც აშკარად ერთი სული აქვს, დამატებით გაიგოს რამე.

– ვიყავი, კარგადაა, – მოკლედ პასუხობს გუროც და უთიშავს.

სიცილი გვიტყდება.

– არა, ხედავ, რა დღეში არიან ეს მოხუცები?

– მოხუცები ეძახე და კი გააკეთეს საქმე, – ამბობს გურო სიცილით.

– რა საქმე? – ვეკითხები გამომცდელად.

– კარგი რა, თათო, შენც ხომ ხვდები?

– ვერაფერსაც ვერ ვხდები, – ვეუბნები, რადგან მინდა, მისგან გავიგო.

– ჩვენი დაახლოება. არადა, აქამდე ვერ მოვახერხე, რაღაცნაირად მერიდებოდა. ჰოდა, აი, რა მარტივად მოაგვარეს ყველაფერი. ყოჩაღი გოგოები, – მიყურებს, თვალები უციმციმებს, ხმის ტემბრში ხავერდი გარევია.

– ჰო, ძალიან იყოჩაღეს, – მეღიმება და აღარ ვეუბნები, რომ სხვა ყოჩაღი გოგოები მაიკოს აგარაკზე გველოდებიან. ნეტავ თუ ხვდება? თუმცა ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს, ხვდება თუ ვერა. მთავარია, რომ ჩვენ, სამი მოხუცი ყოჩაღი გოგოს ოინების წყალობით, უკვე სულ სხვანაირად ახლობლები გავხდით ერთმანეთისთვის, სამსახურებრივი დისტანციისა და უსარგებლო მორიდების გარეშე.