,,ოჯახმა ამპარტავან პრინცესად გამზარდა და საბოლოოდ ყველა ოცნება დამემსხვრა”

,,ოჯახმა ამპარტავან პრინცესად გამზარდა და საბოლოოდ ყველა ოცნება დამემსხვრა",,სარკე”

არ გეგონოთ, უმადური ვარ და დედის ამაგს ვერ ვხედავ, მაგრამ ამ გადმოსახედიდან მგონია, რომ მან შვილების გაზრდისას ბევრი რამ არასწორად გააკეთა. ისეთი ხასიათი ჩამომიყალიბა, რომელიც ჩემთვის ბევრ რამეში ხელისშემშლელი აღმოჩნდა.

ჩემსა და უფროს დას შორის ასაკობრივი სხვაობა 11 წელია. რაც თავი მახსოვს, სულ მეფერებიან და თავზე დამფოფინებენ. ძალიან დიდხანს მეგონა, რომ პრინცესა ვიყავი, მაგრამ ახლა რეალობას სხვანაირად ვუყურებ. სულ ვამბობ, რომ ორი დედა მყავს – ბიოლოგიური დედა და ჩემი და, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს გაზრდაში. როცა თხოვდებოდა და სახლიდან მიდიოდა, იმაზე ტიროდა, მის გარეშე რა მეშველებოდა. ჩემგან რაღაცნაირი კერპი შექმნეს და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მეც ამ კერპში, ამ მამონის მსგავს არსებაში გამომკეტეს.

მეუბნებოდნენ, რომ ცხოვრებაში მხოლოდ საუკეთესოს ვიმსახურებდი და ასე ვიქეცი “ეგღა მაკლია” გოგოდ. ხშირად ვიმეორებდი, ეგღა მაკლია-მეთქი და ისეთ ადამიანებს ვიშორებდი თავიდან, რომლებიც ასეთ სიცივეს არ იმსახურებდნენ და ისეთ რაღაცებზეც ვამბობდი უარს, რაც, წესით, უნდა მიმეღო.

მახსოვს, სკოლა რომ დავამთავრე, კლასელის დედამ მირჩია, ჩემი შვილიც პედაგოგიურზე აბარებს, შენც იქ ჩააბარე და ერთად ისწავლითო. ეგღა მაკლია-მეთქი, ჩემს გულში ვთქვი და სამედიცინო ინსტიტუტს შევეჭიდე. მაშინ იქ მოხვედრა სასწაულის ტოლფასი იყო. მე კი სხვა ფაკულტეტის გაგონება არ მსურდა და არც ჩემები ნებდებოდნენ, ოცნებებში თეთრ ხალათში მხედავდნენ. მეც ვაბარებდი და ვაბარებდი ყოველ წელს. იმ ჩემმა კლასელმა პედაგოგიური რომ დაამთავრა, მე კიდევ აბიტურიენტი ვიყავი.

სამწუხაროდ, საბოლოოდ საბავშვო ბაღს შემოვრჩი, სადაც ბოლოს სტაჟის გამო ვმუშაობდი. ,,ეგღა მაკლია” რომ არ მეძახა, სხვა ფაკულტეტზე ჩავაბარებდი და წლებს უაზროდ არ გავფლანგავდი.

ასე ვიქცეოდი თაყვანისმცემლებთანაც. ისინი ნამდვილად მრავლად მეხვია გარშემო. მათთან ურთიერთობაშიც “ეგღა მაკლია” ვიძახე და 38 წლის ასაკში ისეთს გავყევი ცოლად, რომელიც მართლაც არ შემეფერებოდა. ასე კი იმიტომ მოვიქეცი, რომ ექიმი მირჩევდა, დრო არ დამეკარგა და სასწრაფოდ შვილზე მეფიქრა.

ასე გათხოვება, როგორც წესი, არ ამართლებს და მეც განათხოვარი ქალების რიცხვში აღმოვჩნდი. არც შვილი მეყოლა და აღარც ხელმეორედ გათხოვებაზე მიფიქრია. დედა და და დღემდე მეძახიან, რომ პრინცესა ვარ და მხოლოდ საუკეთესოს ღირსი ვარ, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. სარკიდან პრინცესა კი არა, ჩვეულებრივი, ასაკშიშესული ქალი მიყურებს, რომელსაც ყველა ოცნება დაემსხვრა.

მგონია, სხვანაირად რომ გავეზარდე დედას, ახლა უკეთესი ცხოვრება მექნებოდა. არ იყო საჭირო, ყოველდღე ეთქვა, რომ საუკეთესო ვიყავი და ჩემ გვერდითაც ყველა და ყველაფერი საუკეთესო უნდა ყოფილიყო. ბევრ რამეში ამპარტავნობა რომ არ გამომეჩინა, შეიძლება ბედნიერი ვყოფილიყავი.

,,სარკის” მკითხველი