ლექსო ლაშქარავას დედა: ,,გადამოვატრიალე და ჩემი შვილი გალურჯებული იყო… ძაღლი ეწვა გვერდით”

ლექსო ლაშქარავას დედა: ,,გადამოვატრიალე და ჩემი შვილი გალურჯებული იყო... ძაღლი ეწვა გვერდით''5 ივლისს დაშავებული ,,ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დღეს, დილის 6 საათზე დედამ ლოგინში გარდაცვლილი ნახა.

-შევედი, დავაფარებ თქო… ძაღლი ეწვა გვერდში. არც დაუწკმუტუნია. გადამოვატრიალე და ჩემი შვილი გალურჯებული… ფრჩხილი არ წამოსტკივებია, სრულიად ჯანმრთელი იყო, რა უქნეს! – ამბობს გარდაცვლილი ოპერატორის დედა.

დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამართალდამცავებმა ცხედარი ექსპერტიზაზა გადაასვენეს.

-შვილო, დამაჩეხეს ყველაფერი, ზედ გადამიარეს. ქალები ვიყავით, ვფართხალებდით და მეტი რა უნდა მექნა. 40 წელი მე თვითონ ექსპერტი ვიყავი, მე არ ვიცი, რა ხდება ექსპერტიზაში?! _ ამბობს ლექსოს დედა.

-ლექსო იყო ჩვენი მეგობარი და ყველას ინტერესია, დადგინდეს სიმართლე. თუმცა ის, რაც დღეს მოხდა, კიდევ უფრო მძიმე სანახავი იყო. როდის-როდის მოვიდნენ სამართალდამცავები. იმის ნაცვლად, რომ აეხსნათ დედისთვის, რატომ არის მნიშვნელოვანი ექსპერტია, ფსიქოლოგი მოეყვანათ, დაემშვიდებინათ. ერთადერთი შვილი მოუკვდა, მეტი ხომ არავინ ჰყავს, დატაცეს ხელი და ასე ტომრით გაიტაცეს სახლიდან. საკაცეც კი არ შემოიტანეს. ძალიან მძიმე სანახავი იყო. ჯერ ლიფტში შეიტანეს, მაგრამ ლიფტი არ დაიძრა, მერე კიბეებზე ჩაიტანეს. შოკირებულები ვართ, _ ამბობს ,,ტვ პირველის” საინფორმაციოს უფროსი, ნოდარ მელაძე.

– ასეთი უეცარი სიკვდილი იცის თრომბოემბოლიამ და ანევრიზამ… ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ძვალმა ხანგრძლივად იცის ტკივილი და ძალიან სტკიოდა, შეშუპებაც ჰქონდა, _ ამბობს ლექსოს ახლობელი.

ლექსო ლაშქარავა საავადმყოფოდან გუშინ გამოწერეს. ის 36 წლის იყო.