ხინკალი მზისა და სიცოცხლის სიმბოლოა – რა უნდა უამბოთ უცხოელ სტუმრებს ქართველების სარიტუალო კერძზე
მითები და ლეგენდები ქართული სუფრის მშვენებაზე

ხინკალი მზისა და სიცოცხლის სიმბოლოა - რა უნდა უამბოთ უცხოელ სტუმრებს ქართველების სარიტუალო კერძზე,,სარკე”, თათია ბოჭორიძე

ხინკალი საქართველოში არა მხოლოდ გემრიელი კერძია, არამედ რიტუალური ტრადიცია. ზოგი ირწმუნება, რომ იგი საქართველოში მონღოლებმა შემოიტანეს, რომლებიც, თავის მხრივ, ჩინური კულტურის გავლენას განიცდიდნენ. რუსული ინტერნეტგამოცემები ირწმუნებიან, რომ სიტყვა ,,ხინკალს” დაღესტნური წარმოშობა აქვს.

საქართველოს მთიანეთში კი მრავალი ლეგენდაა იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა პირველი ხინკალი. ზოგი მას ხევისბერის ცოლის სახელს, ხინდას, უკავშირებს, რომელმაც პატივსაცემი სტუმრებისთვის სპეციალურად გამოიგონა ეს კერძი. ზოგიც ყვება ლეგენდას კბილებჩამტვრეულ ბიჭზე, რომელსაც დამ რბილი კერძი მოუმზადა.

ხინკლის წარმოშობაზე ბევრს დაობენ, თუმცა ერთზე ყველა თანხმდება, რომ იგი ფშავური კულტურის განუყოფელი ნაწილია და სწორედ იქიდან გავრცელდა ჯერ მის მოსაზღვრე რაიონებში, შემდეგ კი ბარში.

ხინკლის განმარტება სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ცოტა განსხვავებულია და დუმის შაშხად არის მოხსენიებული. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ხინკლის ფორმა, თავისი ნაოჭებით, ბორჯღალს წააგავს. ქართველებისთვის კი ბორჯღალი არის მზის, სიცოცხლის, მარადი მოძრაობის სიმბოლო, რომელსაც, სავსებით შესაძლებელია, თავისი ასახვა კულინარიაშიც ჰქონოდა.

ხინკალი უნდა იყოს 28 ნაოჭიანი. 28 მზის წელთა რიცხვია (მზე ცის სფეროს დიდ წრეზე გარშემოვლას ზუსტად 28 წელი უნდება). ხინკლის კუჭი ნიშნავს მზეს, ხოლო ნაოჭები – მზის სხივებს. ხინკალს ჩვენი წინაპრები კვირადღეს, ანუ მზის დღეს, ამზადებდნენ (კვირადღეს ძველქართულად ,,მზისა” ანუ ,,საუფლო დღე” ერქვა), ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ ხინკალი და ბორჯღალი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

კახეთსა და თუშეთში იგი – მე-19 საუკუნიდან, ხოლო ხევსურეთში უფრო გვიან, მე-20 საუკუნეში გავრცელდა. ფშავში ხინკალი მზადდებოდა ხახვით, პილპილით, ბეგქონდარათი ან კვლიავით. ხინკალს აუცილებლად ურევდნენ მცირე რაოდენობით დაკეპილ პიტნას, რაც კერძს საოცარ არომატს სძენდა.